იულია




ქალები უკრაინიდან

ავტორი
ლალი შენგელია

იულია კონდრატიუკი კიევიდანაა, უკრაინის დედაქალაქიდან. დიდი ქვეყნის მთავარ ქალაქში ცხოვრება ბედნიერება იყო მისთვის. სწავლობდა, მუშაობდა, უყვარდა, უხაროდა...
ორი წლის წინა თებერვალში, ომი რომ დაიწყო, ძალიან შეშინდა. მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდა და, როგორც მთელ ქვეყანაში, მის რაიონშიც რთული მდგომარეობა შეიქმნა.
ამიტომ გადაწყვიტა ქალაქის დატოვება. იულია ოჯახის ერთადერთი შვილია და დედას მის გარეშე ვერ წარმოუდგენია ყოფნა. მამა ომში წავიდა, დედა კი სულ მასთანაა. თვითონაც ერთადერთი შვილი ჰყავს - 9 წლის ბიჭუნა და ყველაფერს აკეთებს მისი უსაფრთხოებისთვის.
ცოტა ხანს პოლონეთში იყვნენ, მაგრამ გაუჭირდათ შეჩვევა და აპრილში საქართველოში ჩამოვიდნენ.
ბათუმი აირჩიეს საცხოვრებლად. წლების წინ სამი კვირა ისვენებდა ბათუმში და ძალიან მოეწონა გარემო, კლიმატი, ბუნება, ხალხი. ყველაფერი ნაცნობი იყო აქ და, რაც მთავარია, ენობრივი ბარიერი ნაკლებად იგრძნობოდა.
ამან განსაზღვრა იულიას ბედის გეოგრაფია.
ორი თვე ცხოვრობდნენ ბათუმში. ქალაქში, რომელიც შეუყვარდა - სიმშვიდეში, გაზაფხულის სილამაზეში...
მერე იულიამ ქუთაისის შესახებ გაიგო: რომ აქ ბევრია უკრაინელი, რომ ეხმარებიან მათ და არის მეტი შესაძლებლობა ქალებისთვის. ამიტომ უცნობ ქალაქში ჩამოვიდა იულიას ოჯახი.
ჩამოვიდნენ და დარჩნენ... დედა ონლაინ მუშაობს. თვითონაც იპოვა საქმე. ბიჭუნა ქუთაისის სკოლაში დადის, რუსულ სექტორზე. პარალელურად სწავლობს უკრაინულ სკოლაშიც - უკრაინულ ენას და ლიტერატურას.
იულია ასე ცდილობს, რომ შვილი დარჩეს თავის ეროვნულ გარემოში, არ მოსწყდეს ეროვნულ ფესვებს, ჰქონდეს ურთიერთობა უკრაინელ ბავშვებთან და იმეგობროს მათთან.
მართალია, ეს სწავლება ინტერნეტის მეშვეობითაა, მაგრამ ბიჭუნა ონლაინ გაკვეთილებს ისედაც მიჩვეულია - კორონავირუსის გავრცელების და პანდემიის დროსაც ასე სწავლობდა თავის კლასელებთან ერთად და ადვილად აუღო ალღო ამ ფორმატს.
ქუთაისის სკოლაშიც სიამოვნებით დადის. ქართულად წერს, კითხულობს. ჰყავს ქართველი მეგობრები და ამასთანავე - უკრაინელებიც, რომლებიც მასავით ქუთაისში ჩამოვიდნენ ომის გამო.
ბიჭუნა კარგად სწავლობს ინგლისურსაც. უკრაინული, ქართული, ინგლისური და რუსული - მარტივი არ არის ოთხი ენის სწავლა, მაგრამ არ ეძნელება.
იულია დიდი სიამოვნებით საუბრობს ქალთა ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერაზე. მისი აზრით, ორგანიზაციამ სერიოზული დახმარების ხელი გაუწოდა უკრაინელებს. იულიაც სარგებლობს ყველა სიკეთით, ესწრება ღონისძიებებს, კულინარიულ დღეებს, იღებდა პროდუქტების ნაკრებს. ახლა კი - ვაუჩერს, რომლითაც თვითონ შეუძლია იყიდოს სურსათი. ეს მისთვის დიდი დახმარებაა ძნელბედობის ჟამს.
იულია აქტიურად ურთიერთობს ქუთაისში მცხოვრებ უკრაინელებთან. ერთად ესწრებიან ტრენინგებს, შეხვედრებს. ერთად ატარებენ თავისუფალ დროს. აქვთ ჩათები, ერთმანეთს უზიარებენ სიახლეებს და იყენებენ ყველაფერს, რაც სასარგებლოა მათთვის.
იულია არ არის მხოლოდ სხვისი დახმარების იმედზე. ეს მომწონს ძალიან მასში. ყველას გასაოცრად, მანქანების რემონტი დაიწყო. უფრო მეტიც - ბიზნესი ააწყო. ჩამოჰყავს მანქანა უცხოეთიდან, შეაკეთებს და ყიდის. სხვის მანქანებსაც აკეთებს. რომ ჩამოვიდა, უცებვე დაიწყო მუშაობა ამ კუთხით. არემონტებს მანქანებს, აკეთებს პოლირებას. პროფესიონალები დაეხმარნენ, ასწავლეს და თვითონაც მალე დაოსტატდა.
მოსწონს იულიას თავისი ახალი პროფესია და საქმე. რაც მთავარია, არავისზე არ არის დამოკიდებული, ოჯახის სარჩენი ფული აქვთ მას და დედამისს და პატარა ბიჭუნასაც კომფორტულ პირობებს უქმნიან.
ქუთაისსაც მიეჩვია უკრაინელი ახალგაზრდა ქალი. დედა კიევში ძალიან ცუდად იყო, ეშინოდა, განიცდიდა, ტიროდა. აქ ბევრად უკეთესადაა და იულიასთვის ეს არის მთავარი - დედა და მისი შვილი იყვნენ მშვიდად, კარგად.
ასე მიდის ცხოვრება. რა თქმა უნდა, უკეთესის მოლოდინი აქვს, უკეთესზე ფიქრობს და ნატრობს იულია კონდრატიუკი...



Made on
Tilda