ირინა


ავტორი


ლალი შენგელია

სოფია ნიკოლოზობას გავიცანი. სხვა უკრაინელ პატარებთან ერთად იყო ქუთაისში მოწყობილ ზეიმზე.


წმინდა ნიკოლოზი უკრაინელი ბავშვებისთვის განსაკუთრებულია. ამ დღეს იწყება მათთვის საახალწლო-საშობაო დღესასწაული.


ისინი კეთილ მიკოლა ბაბუას წერენ წერილებს და ელოდებიან საჩუქრებს.


ასეთ მოლოდინში იყვნენ პატარები 19 დეკემბერს - უკრაინისგან შორს, ქუთაისში...


სოფია 4 წლისა და 6 თვისაა. ამ ასაკიდან 10 თვე უკვე სახლიდან შორს გაატარა და ჯერ კიდევ არ იცის, რამდენი ხანი მოუწევს ცხოვრება სხვაგან.


დედამისი - ირინა შაპოვალი კიევიდან მარტში ჩამოვიდა. მეგობრებმა მოიწვიეს სამტრედიაში და 4 თვე იცხოვრა დედა-შვილმა იმერეთის ამ პატარა კოხტა ქალაქში.


მერე ქუთაისში გადმოვიდნენ. აქ, რა თქმა უნდა, უკეთესი პირობებია ბავშვისთვის - დედას სოფია საბავშვო ბაღში დაჰყავს, ტანვარჯიშზე, საციგურაო მოედანზე. ეს ყველაფერი უფასოა და ამით ირინა ძალიან კმაყოფილია.


ბინაც ნორმალური აქვს - ბინის ქირას და კომუნალურ გადასახადებს ქალთა ფონდი „სოხუმი“ უხდის. მადლობელია ამისთვის, რადგან ეს საკმაოდ დიდი მხარდაჭერაა ქალისთვის, რომელიც დროის და ენობრივი ბარიერის გამო მუშაობას ვერ ახერხებს.


ფონდის ასეთ მხარდაჭერას კიდევ 22 ოჯახი გრძნობს, რომელთაც ორგანიზაცია საცხოვრებლის ქირას უხდის და ირინას გარდა კიდევ 8 ოჯახს ეხმარება კომუნალურების გადახდაში. ირინა ფსიქოლოგის კონსულტაციებსაც იღებს (ერთ ფოტოზე სწორედ ჩვენს ფსიქოლოგს - მანანა გოცირიძეს ესაუბრება), ეს დროული და საჭირო დახმარებაა უკრაინელებისთვის და კმაყოფილები არიან ამის გამოც.

ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნო მოსასმენია ამ ადამიანების მადლიერება. გვიხარია მათი სიმშვიდე და ჩვენც მათსავით მოველით, რომ გაივლის ბიოგრაფიის ქუთაისური პერიოდი და ყველა თავის კერას დაუბრუნდება.


ირინასაც ეს ფიქრები აქვს. კიევში მშობლები ჰყავს, განიცდის, დარდობს მათზე.


- ჩვენს კორპუსში ყველაფერი დენზეა, გაზი საერთოდ არ არის გაყვანილი, - ამბობს ირინა. - ასეთ სიტუაციაში 22 საათით გაითიშა დენი. სიცივე, სიბნელე. ჩაის და ყავასაც ვერ მოიდუღებ, ისეთი მდგომარეობაა. მადლობა ღმერთს, ახლა კი აქვთ დენი. დღეში ორჯერ ითიშება, გრაფიკითაა მიწოდება... ძნელია ასეთ პირობებში, მაგრამ ბინაში არიან მაინც, არსად არ უნდათ წასვლა, იქ ურჩევნიათ.


მშობლები პენსიის ნაწილსაც ურიცხავენ ირინას და სოფიას, ეხმარებიან, თუმცა თვითონაც არ არიან დალხენილად.


ბებია და ბაბუას ძალიან ენატრებათ პატარა სოფია. 10 თვე ამ ასაკში საკმაოდ დიდი დროა - გოგონა თვიდან თვემდე იცვლება, იზრდება, ლამაზდება. როცა რეკავენ, სოფია ქუთაისურ ამბებს უყვება - მეგობრებზე, თავის შთაბეჭდილებებზე...


სოფიამ ქართული არ იცის, მაგრამ სწავლობს, აქაურ წესებს ეჩვევა... საბავშვო ბაღის მასწავლებელმა უთხრა ირინას, რომ ბავშვს ყველაფერი ესმის, მეგობრულია, ტოლებთან ურთიერთობაც მოსწონს. ბავშვებს, დიდებისგან განსხვავებით, ერთმანეთთან ურთიერთობა არ უჭირთ...


ირინაც მიეჩვია ქუთაისს. მეზობლებთან კარგი ურთიერთობა აქვს, ეგაა - ერთმანეთის ენა არ იციან და ერთმანეთის არ ესმით, მაგრამ მეზობლები ხშირად უმასპინძლდებიან გემრიელი ქართული კერძებით.


სოფია ნიკოლოზობაზე გავიცანი. დედიკოს კალთაში იჯდა (ზეიმი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართა), ჩუმად ისმენდა მისასალმებელ სიტყვებს, სიმღერებს უკრაინულ და ქართულ ენებზე.


იჯდა და კეთილ მიკოლა ბაბუს ელოდა.


ისიც გამოჩნდა - თეთრწვერიანი, თბილი, ალერსიანი... აამღერა და ააცეკვა, გაახალისა ბავშვები.


და, როგორც დარბაზში მყოფ ყველა პატარას, სოფიასაც მისცა საჩუქარი, გაახარა ლამაზი გოგო.


ნიკოლოზობას შობა მოყვება, ახალი წელი...


წინასაახალწლო სურვილების დროა. მთავარი სურვილი ყველას ერთი აქვს - პატარა სოფიასაც კი...





Made on
Tilda