ჯადოსნური
თეთრეული


ავტორი
ზეკო ხაჩიძე


ფახულანში ცხოვრობს, კონფლიქტის გამყოფ ზოლთან, ე.წ. საზღვართან.


გახსოვთ? გიყვებოდით ამ საინტერესო ქალებზე და მათ პატრიოტ და ნიჭიერ პედაგოგზე - ამიდაზე. საქართველოს დროშიან პატარა ოთახში ისხდნენ და საოცრებებს ქმნიდნენ ლამაზი ჭრელი კაბებით, ოჯახის და კერის ლოცვით გაჯერებული ფერადი თეთრეულით, კუდრაჭა გოგოების მაქმანიანი საყელოებით, სოფლის ამბების მონაცვლეობით და საკუთარი მომავლის გეგმების ერთმანეთთან განდობით.

ეს გარემოც ქალთა ფონდ „სოხუმის“ დამსახურებაა და ამ ტალანტით სავსე ფახულანელ გოგოებსაც ჩვენი ფონდის პროექტმა გაუმხიარულა ყოველდღიურობა.

სოფომაც ასე დაიწყო. მისი არჩევანი თეთრეული გახდა. ისწავლა და აღარც დაანება თავი, რადგან მოწონდა ეს პროცესი. შედეგიც აბედნიერებდა.
„სულ მქონდა სურვილი ჭრა-კერვა მესწავლა. სოფელში ეს ცოტა რთულია. და როგორც კი გავიგე, ფონდი „სოხუმი“ ჩვენთან ამ კურსს იწყებდა, სიხარულით დავთანხმდი.

ალბათ, როცა მონდომებით იწყებ, ყველაფერი გამოვა - ამას ვეუბნებოდი ჩემს თავს როცა პირველი ნაბიჯი გადავდგი“ - მიყვება სოფო და მართლა არ გაჩერდა. გააგრძელა. ენთუზიაზმით მეტი და მეტი აკეთა, ჭრელ-ჭრელი თეთრეულით გააფერადა საკუთარი და მეზობლების სახლები. ეს საქმე მისი ყოველდღიური სიამოვნება გახდა.

„ცოტა ხნის წინ, ტრენინგი ჩაგვიტარა ფონდის ეგიდით ტრენერმა ბიზნესგეგმის შედგენაზე. პროექტი არასდროს დამიწერია. არც გამარჯვების მოლოდინი მქონდა. მაგრამ ალბათ, რაც ძალიან გინდა, სასწაულით ხდება და გამომარჩიეს. პირველი გრანტი ავიღე ჩემი ცხოვრების მანძილზე. პირველად დამაფინანსეს იმისთვის, რომ საყვარელი საქმე უკეთ ვაკეთო. წარმოგიდგენიათ ჩემი სიხარული? ჩემი საკუთარი საკერავი მანქანა და პირველადი დახმარების ნივთები ვიყიდე!
ვაპირებ ცოდნა გავიძლიერო ამ სფეროში და საყვარელ საქმეს ხელი უფრო მაგრად ჩავჭიდო!“

სოფო ფახულანიდან იმ კეთილი ამბის ერთ-ერთი გმირია, რომელიც ქალთა ფონდ „სოხუმში“ პროფესიული გადამზადების კურსდამთავრებულებისთვის ეკონომიკური საქმიანობის ხელშემწყობ კონკურსში მონაწილეობდა და გაიმარჯვა.
პროექტი, რომელიც ორგანიზაციის Brot für die Welt – Evangelischer Entwicklungsdienst (გერმანია) მხარდაჭერით განხორციელდა, არსებული ბიზნესის, ან ახალი იდეის ფინანსურ წახალისებას (მცირე გრანტს) გულისხმობდა.
დიახ, ჩვენ ვეხმარებით ქალებს განათლებით და ცოდნის წყურვილით, ფინანსური მხარდაჭერით, ურთიერთობით, მეგობრობით, შეხვედრებით, ტრენინგებით, თეორიით და პრაქტიკით, მუდმივი სიახლის გაზიარებით და ამას წლებია ასე უხმაუროდ და ეფექტურად ვაგრძლებთ.

დიახ, ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს!
Made on
Tilda