თეონა და მაგდა


ავტორი


ლალი შენგელია
თეონა და მაგდა დარჩიები დები არიან. ახალგაზრდები, სიმპათიურები, კარგი მოსაუბრეები. სათქმელიც ბევრი აქვთ დიდგზაგამოვლილებს...
ქუთაისში დაიბადნენ. მერე აფხაზეთში გადავიდა მათი ოჯახი. 90-ში მოულოდნელად, ინფარქტით გარდაიცვალა მამა. 

ორ წელიწადში ომი დაიწყო. დედა ორ პატარა გოგონასთან ერთად წავიდა ბიჭვინთიდან. რთული იყო იმდროინდელი გზაც. მოიარეს რუსეთი, უკრაინა: კატერით სოჭიმდე, იქიდან  - კრასნოდარში, მერე - ხარკოვში. 
ხარკოვში ცხოვრობენ 1992 წლიდან... იყო ადაპტაციის, უცხო ქალაქში დამკვიდრების ურთულესი წლები. საბუთები არ ჰქონდათ. 24-25 წლისანები იყვნენ, საბუთები რომ აიღეს. 

ახლაც, საბუთებთან დაკავშირებით პრობლემა რომ ჩნდება, კანკალი მეწყებაო, - თეონამ. უკრაინაში ომი რომ დაიწყო, განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ საბუთებს.

მეორე ომი უფრო რთულად შემოიჭრა მათ ბიოგრაფიაში. 
24 თებერვლიდან 16 მაისამდე ხარკოვის მეტროში ცხოვრობდნენ. მაგდა და თეონა იატაკზე იწვნენ, დედა - მეტროს გაჩერებულ ვაგონში. 
150 ადამიანი იყო მეტროს ამ სადგურში. ოჯახები, პატარა ბავშვები, ძაღლები, კატები... იყო სადგურები, სადაც 2000-3000 ადამიანი ცხოვრობდა. 
იშვიათად ამოდიოდნენ ზემოთ - იქვე ახლოს მათი დეიდაშვილი ცხოვრობდა და მასთან თუ აირბენდნენ ზოგჯერ, მოსაწესრიგებლად. 

თებერვლიდან მაისამდე ამბებს ხან მაგდა მიყვება, ხანაც - თეონა:
„მე-10 სართულზე ვცხოვრობდით. სამი თვის მერე ავედით პირველად სახლში. მანამდე ტანსაცმელიც არ გვქონდა.

ერთი ქალი იყო - პიანისტი. 24-ში რომ ჩავიდა მეტროში, მაისის დასაწყისამდე არ ამოსულა საერთოდ.

პირველი ორი ღამე შორს ისმოდა აფეთქებების ხმები და მერე სულ ახლოს... 
ერთხელ მეტროს გვერდით დაინგრა სახლი. შეზანზარდა მეტრო, ვაგონები დადიოდნენ, თითქოს მიწისძვრააო. 

ვისაც მანქანა ჰყავდა, გადიოდა სადგურამდე და ტოვებდა ქალაქს, ჩვენ მანქანა არ გვყავდა და ფეხით ვერ მივდიოდით, გვეშინოდა...
მეტროში იყო სველი წერტილები, საშხაპეები.

საჭმელი მოჰქონდათ  მოხალისეებს. ლვოვიდან, დნეპრიდან აგზავნიდნენ
საშინელ დაბომბვებში მოჰქონდათ ბიჭებს ცხელი საჭმელი - გვირაბით მოდიოდნენ, ძალიან სარისკო იყო. 

კათოლიკური ეკლესიიდანაც მოგვიტანა პადრემ საჭმელი, თბილი პლედები, გასაშლელი საწოლები.

მეტროში უცნობები ვცხოვრობდით, მაგრამ ყველაფერში ვეხმარებოდით ერთმანეთს“. 

მაგდას დარჩენა უნდოდა ხარკოვში, თეონას კი - წამოსვლა. ბოლოს თეონამ იმძლავრა...

ივლისში წამოვიდა ავტობუსი - კიევი-ბათუმი. მეგობარმა მისცა გზის ფული. 31 ივლისს გადმოკვეთეს თურქეთის საზღვარი. 

მაშინ, ბავშვობაში, აფხაზეთის ულამაზეს პატარა ზღვისპირა კურორტ ბიჭვინთიდან სოჭის, კრასნოდარის გავლით ჩავიდნენ ხარკოვში.
ახლა კიდევ უფრო რთული  იყო მარშრუტი მილიონნახევრიანი ხარკოვიდან ქუთაისამდე: უკრაინა (კიევი, ოდესა), ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის ქალაქები... ასე ჩამოაღწიეს. 

ბიძასთან ცხოვრობენ ახლა. ქალაქში, სადაც დაიბადნენ. ცხოვრობენ მშვიდად. მაგდამ, საერთოდ არ მეძინა ხარკოვში და აქ, ქუთაისში გამოვიძინეო.
სამუშაოს ძიებაში არიან, სანამ აქ დარჩებიან.

გული მაინც მშობლიურად ქცეული ხარკოვისკენ  მიუწევთ.
დარდობენ მეგობრებზე, ნაცნობებზე, რომელთა ქმრები ომში არიან.
იხსენებენ ადამიანებს, რომლებიც სხვებზე ზრუნავენ: „ბევრმა მდიდარმა გაყიდა მანქანა და ფული ჯარისთვის გადარიცხა. რესტორნების მფლობელები უფასო სადილებს არიგებენ“.

უყვართ ხარკოვი: „ახლადრესტავრირებული იყო. დანგრეული კი არის, მაგრამ მაინც ლამაზია, სუფთა. როგორც კი მიწყნარდებოდა დაბომბვები, „კამუნალშიკები“ ალაგებდნენ - ესენი საერთოდ საოცრებებს აკეთებენ“... 
დარდობენ ქალაქის მომავალზე: „ახალგაზრდული ქალაქი იყო ხარკოვი. სამრეწველოსთან ერთად სამეცნიერო, საგანმანათლებლო სტატუსიც ჰქონდა. ისე დაანგრიეს უნივერსიტეტები, სკოლები, საბავშვო ბაღები, ასე მგონია, უნდათ, რომ აღარასოდეს დაბრუნდნენ აქ ადამიანები, არასოდეს ისწავლონ აქ ახალგაზრდებმა“.

და კიდევ დებმა დარჩიებმა საკმაოდ ბანალური, მაგრამ უმთავრესი ფორმულა აღმოაჩინეს: „ომს რომ გამოივლი, სულ სხვა ფასეულობები გაქვს. მშვიდობა, სიცოცხლე, ჯანმრთელობა - ხვდები, რომ ეს არის ყველაზე მთავარი“.
მათი სიცოცხლე გადარჩა, ახლა მშვიდობაა საფიქრალი და საოცნებო...

Made on
Tilda