ტატიანა


ავტორი


ლალი შენგელია

ვერ ვეგუები ქარსო, - ქარიან ამინდში შევხვდი.

ძველ სახლში ვცხოვრობ, არა აქვს ევროპული ფანჯრები, რომ ქარის ხმა ვერ გავიგონო და ოთახშიც არ შემოაღწიოსო...

არადა, კარგა ხანს გაგრძელდა ქუთაისური ქარები. დეკემბრის სუსხით.
ქუთაისის ქარი არ არის მარტივად შესაჩვევი და მიჭირსო. გვარად კი ვარ „ზამთარი“, მაგრამ ზამთარი არ მიყვარსო, - ტატიანა ზიმამ („ზიმა“ უკრაინულად ზამთარს ნიშნავს).

საინტერესო გვარი გაქვთ-მეთქი.

კიო... ცხოვრებაშიც არაერთხელ შეხვედრია „მონათესავეები“ - ერთ სამსახურში თურმე გვარად მოროზი მუშაობდა მასთან (ეს ყინვას ნიშნავს), მეორეგან - ზაზიმკო (ისევ ზამთარს უკავშირდება).

ზაფხულში ჩამოვიდა და ძალიან მოეწონა აქაურობა - თბილი, მწვანე, ლამაზი მდინარისპირა ქალაქი.

რატომ ქუთაისი?

აქ ურჩიეს ჩამოსვლა - აქ მყოფი უკრაინელები აქებენ აქაურობას, ქუთაისურ გარემოს, ხალხს, მხარდაჭერას...

კიევში თითქოს სიმშვიდე იყო, მაგრამ მაინც აქეთ გამოუწია გულმა. თავიდანვე იცოდა, რომ მოეწონებოდა.

კიევიდან მარტო ჩამოვიდა. ძნელი გზებით, როგორც ყველა უკრაინელი, მაგრამ მშვიდობიანად.

ცისფერთვალება, გამხდარი, სიმპათიური ქალია.

რა ლამაზი იქნებოდით-მეთქი ახალგაზრდობაში.

კიო, თავს მიქნევს და ეცრემლება თვალები.

ქარხანაში ვმუშაობდი, ამწეზე ვიჯექი და იქიდან ვმართავდი სამუშაო პროცესსო.
ქმარი მეუბნებოდა, ტანია კი არა, ბიჭი ტანია ხარო... ანუ კაცის საქმეს აკეთებდა, ფაქტობრივად...

ოჯახი არ ჰყავს. კი მაინტერესებს, რა მოხდა, მაგრამ ვერ ვეკითხები.
თითქოს მიმიხვდა:

- ბევრს ვმღეროდი ახალგაზრდობაში. ბებიას ვგავდი სიმღერაში და ის მეუბნებოდა ხშირად: ты свою судьбу пропела-ო...
ანუ პირად ცხოვრებაში რომ ვერ გაუმართლა, სიმღერისთვის „დაუბრალებია“ ბებოს..

ყველაზე მთავარი, ვინც უკრაინაში ჰყავს, არის მისი და. უკავშირდება ხშირად და, მადლობა ღმერთს, ნორმალურ პირობებშიაო - სინათლეც აქვს, სითბოც.
თვითონაც ძალიან უნდა წასვლა კიევში.

„ველოდები, როდის წავალ. აქ კარგია. პენსიონერ ქალს ყველა პატივისცემით მექცევა. უკრაინული პენსია ბარათზე მერიცხება. ბევრი არ არის, მაგრამ მყოფნის. მარტო ვარ და ბევრი არაფერი მინდა. ბინის მეპატრონესთან შინაურულად ვარ, ბევრი ნაცნობი მყავს - აფთიაქში, მაღაზიაში, ქუჩაში... ყველგან სითბოს ვგრძნობ. ფონდი „სოხუმის“ მადლობელი ვარ, ძალიან ბევრი რამ გადმომცეს, ეს დიდი დახმარებაა ჩემთვის. ვიცი, ბევრს ეხმარებით და ყველა კმაყოფილია. ღმერთმა დაგლოცოთ ასეთი სიკეთისთვის“...

მისი მთავარი საზრუნავია, ავად არ გახდეს, როგორმე თავს მიხედოს და ჯანმრთელი დაბრუნდეს კიევში.

სხვა ფიქრი და ოცნება მე არ მაქვს - სახლში მინდა წასვლაო...

შენი ნებითაც რომ დატოვო სახლი, მაინც მოგენატრება, დაგესიზმრება. მაგრამ სულ სხვაა, როცა იძულებული ხარ, წახვიდე შენი სახლიდან. როცა ომია შენს ქალაქში და გეშინია დარჩენა.

სახლიდან წასული, რაც არ უნდა კარგ პირობებში იყო, ვერ ისვენებ, გიჭირს. სახლს მაინც სხვა ძალა აქვს, ვერ ძლებ მის გარეშე...

ტატიანა ზიმასაც თავისი კერა ენატრება, კიევური დეკემბრის სუსხი, ახალი წელი თავის ბინაში. სჯერა, მალე დაუბრუნდება საყვარელ ადგილებს.



Made on
Tilda