ირინა




ქალები უკრაინიდან

ავტორი
ლალი შენგელია

ომი არავისთვისაა სიკეთის მომტანი, მაგრამ ირინას ძალიან ცუდ დროს მოუსწრო. სხივური თერაპია რომ უნდა დაეწყო, მაშინ...

ერთი წლის წინ ბედნიერი იყო საქმით, ოჯახით, ორი კარგი ვაჟიშვილით... ერთ დღეს მკერდის სიმსივნე აღმოაჩნდა (არ ახსენებს ამ სიტყვას, მაგრამ…).


ამ დროს ყველაფერი იცვლება: განცდები, ცხოვრების აზრი, დამოკიდებულებები...
ყვითელი წყლები - არის ასეთი პატარა ქალაქი დნეპროპეტროვსკის ოლქში. Жовті Води - უკრაინულად. ეს მისი მშობლიური ქალაქია. პატარა, მყუდრო, ლამაზი...
ოპერაციის გასაკეთებლად კიევში ჩავიდა.


ექიმი ქართველი იყო - შოთა მაღლაკელიძე (უკრაინელი მეუღლე ჰყავს).
როგორიაო, თუ ჰკითხავ, დიდხანს ილაპარაკებს: საქმის მცოდნე, კეთილი, თანაგრძნობის დიდი ნიჭით.

გაამხნევა ოპერაციამდე. ოპერაციაც ისე ჩატარდა, რომ გადარჩა მოკვეთას.
ოპერაციის შემდეგი დღე დასვენების დღე იყო, ექიმი კი შემოვიდა პალატაში, გამარჯობა, არ მელოდი? მოვედიო... ასეთი ყურადღებიანი იყო პაციენტებთან და კლინიკაში მასზე მხოლოდ კარგს ამბობდა ყველა.


პოსტოპერაციული პერიოდი ნორმალურად მიდიოდა. მერე სახლში გაემგზავრა, კიევში ჩადიოდა კონტროლზე. სხივური თერაპია უნდა დაეწყოთ და... ომმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი.

„დავრჩი ობოლივით. კლინიკა არ მუშაობდა. ექიმი რომ ვიკითხე, მითხრეს, ბერლინში წავიდაო. ვეძებდი და ვერ მივაგენი“...

განიცდიდა. ერთ დღესაც იპოვა - საქართველოში ჩამოდიო, წერდა, აქ გავაგრძელოთო მკურნალობა.

გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. მარტო უნდა წასულიყო, ქმარი „დალნობოიშჩიკი“ ჰყავს, ახლა ჰუმანიტარული ტვირთი დააქვს. ვერ გამოყვებოდა. 5 წუთით ნახა წამოსვლამდე. ერთი ვაჟი ევროპაშია. უმცროსი ხარკოვში სწავლობდა სამედიცინოზე, მაგრამ ახლა სახლშია. დედასთან ის დატოვა, ბებიას მარტოს არ შეუძლია და შვილიშვილი უვლის...

მოკლედ: შენ ძლიერი ხარო - ქმარმა, შვილებმა და...


სამ დღეში ჩაალაგა ბარგი, იყიდა ბილეთი.

„ეს პირველი გადაფრენა იყო ავადმყოფობის შემდეგ. სექტემბრიდან მარტამდე დედასთან ვიყავი მარტო. დედა განიცდიდა ჩემს მდგომარეობას, ვეცოდებოდი ყველას. მეც მეცოდებოდა ჩემი თავი. და უცებ - მოვფრინავ საქართველოში, მარტო. ასე შორს“.

მარტო ჩამოვიდა ქუთაისში. მარტო მივიდა კლინიკაში შოთა ექიმთან.
მარტო ხარო? გაუკვირდა…


„უკვე გავიარე ის პერიოდი: რატომ მე? რატომ გამწირა ღმერთმა? მე რატომ დამემართა და ა.შ. არ უნდა გძლიოს ამ ფიქრებმა. უნდა გადაიტანო ეს რთული დღეები. პირიქით, უნდა იბრძოლო, სხვას დაეხმარო. მე ეს შევძელი“.
ქუთაისში ჩამოსვლამ შეაძლებინა ეს!


გამიმართლაო, ამბობს. ჩემთვის ნამდვილი რეაბილიტაციააო, გადატვირთვა (перезагрузка)...

სანატორიუმში არასოდეს ვყოფილვარ და კი ვარ აგერ დასასვენებლად ჩამოსულიო: სიმწვანე, სილამაზე, სითბო....

საქართველოში ჩამოსვლაზე ვოცნებობდი და ამისრულდაო...


„ყოველთვის მიმართლებდა ადამიანებში. აქაც სულ სიკეთით სავსე ადამიანები მხვდებიან - ქუთაისის ქუჩებში, მაღაზიაში, ოჯახებში. ფონდ „სოხუმში“, სადაც უგემრიელესი ქართული სუფრა გაგვიშალეს უკრაინელ ქალებს, თავიანთი ხელით გაკეთებული კერძებით... კლინიკაში ხომ საერთოდ სასწაული ხალხია - ჩემი შოთა იოსიფოვიჩი, რომლის სიკეთეს ვერასოდეს გადავიხდი. თბილი და ყურადღებიანი ექთნები. ქალები, რომლებიც ჩემსავით პროცედურებს გადიან. ვხუმრობთ, ვიცინით, ერთმანეთს ვეხმარებით სიძნელეების გადალახვაში. ეს ქალაქი ყოველთვის განსაკუთრებული იქნება ჩემთვის.“


ქუთაისის ქუჩებში ბევრს დადის ფეხით. ბევრი ადამიანი გაიცნო. ავადმყოფობის შემდეგ პირველი ვარცხნილობა ქუთაისში გაიკეთა და ძალიან მოსწონს თავისი თავი. მევიოლინეა და როგორც მუსიკას გრძნობს განსაკუთრებით, ისე გრძნობს ადამიანებს, მათ დამოკიდებულებას.


განვლილმა რთულმა თვეებმა, სტრესმა, ომმა დაანახა, რომ ყველაზე მთავარი სიცოცხლე და ადამიანური ურთიერთობებია. ცრემლები ერევა, ამაზე რომ ლაპარაკობს. ახლა, აქ, მარტო ყოფნისას მიხვდა და შეიგრძნო ბევრი რამ, რასაც ადრე არ აკვირდებოდა. ისე შეუყვარდა აქაურობა, ტოკარჩუკაძე ვარო, ამბობს.
ირინა ტოკარჩუკი დროებით ჩამოვიდა ქუთაისში. ივნისის ბოლოს სახლში ბრუნდება. მიდის კმაყოფილი და სავსე - აქაური მზით, სიკეთით, სილამაზით, სიყვარულით...
Made on
Tilda