ანუკის ნაამბობი






#ჩემიარჩევანიევროკავშირია
ევროპაში პირველად 2011 წელს წავედი, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში. ოქსფორდში ენის შემსწავლელი ორკვირიანი კურსი გავიარეთ სრულიად უფასოდ. დღემდე მახსოვს პირველი შთაბეჭდილებები, ემოციები და იმის განცდა, რომ შემეძლო უფრო დიდ გეგმებზე მეფიქრა. ჯერ კიდევ მაშინ გავიაზრე, რომ საქართველოსა და ევროპას შორის რკინის ფარდის ნაცვლად დიდი კარი იყო გაღებული, რომელსაც უფრო მეტი სინათლე, შესაძლებლობა და სიკეთე მოჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისათვის!

ჩვენი მშობლების თაობისთვის ხომ თითქმის წარმოუდგენელი იყო მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღება, ან სრულიად უფასოდ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და გაცვლითი პროექტები.

დიდი ბრიტანეთის შემდეგ იყო დანია 2013 წელს, სადაც შევუერთდი წითელი ჯვრის ახალგაზრდულ ბანაკს ქალაქ ოლბორგში. მაშინ, როგორც მოხალისე, აქტიურად ვიყავი ჩართული საგარეჯოს წეითელი ჯვრის ორგანიზაციაში. საგარეჯო და ოლბორგი კი წითელი ჯვრის დამეგობრებული ქალაქები არიან! ახალგაზრდული ბანაკი იყო ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შთაგონების წყარო, სწორედ მაშინ უფრო მეტად დავაფასე არაფორმალური განათლების როლი ახალგაზრდების განვითარების პროცესში.

ამის შემდეგ იყო ბევრი პროექტი, კონკურსი, კონფერენცია და საერთაშორისო შეხვედრა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის ერასმუსის სასწავლო სემესტრი იტალიაში, ბოლონიის უნივერსიტეტში, რომელიც დასავლეთ ევროპის უძველესი უნივერსიტეტია; სტაჟირების პროგრამა ბულგარეთში; 2019 წელს კი მივიღე შვედეთის ინსტიტუტის სტიპენდია, რის მეშვეობითაც სრულიად უფასოდ და ყოველთვიური სტიპენდიით ვისწავლე ორი წლის განმავლობაში ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთში ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. ლუნდის უნივერსიტეტი მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა.

10 წლის ანუკისათვის ალბათ წარმოუდგენელი იყო, რომ წლების შემდეგ მიწვეული იქნებოდა UNESCO-ს გენერალურ კონფერენციაზე პარიზში, როგორც ახალგაზრდა მომხსენებელი. გასულ კვირას ნიუ იორკში, გაეროს მოსახლეობისა და განვითარების კომისიის 56-ე სესიაზე გამოვედი სიტყვით და ვიყავი პანელური დისკუსიის ერთ-ერთი მოწვეული მომხსენებელი. ეს ყველაფერი კი რეალური გახდა სწორედ იმ შესაძლებლობების დამსახურებით, რასაც ევროპის ქვეყნები და ევროკავშირი გვთავაზობენ.

ევროპა ახალგაზრდების არჩევანია, რადგან ალბათ ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით, რამდენად ღირებულია ხარისხიან განათლებაზე წვდომა, პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, თავისუფალი მოგზაურობა, და რაც მთავარია - თანასწორ, დემოკრატიულ და უსაფრთხო საზოგადოებაში ცხოვრება. ახალგაზრდები ვქმნით ქვეყნის მომავალს და ჩვენი მომავალი აუცილებლად იქნება ევროპული.

Made on
Tilda