კარინა


ავტორი


ლალი შენგელია
1 მარტს უნდა ჩასულიყო კარინა სახლში - კამენსკოეში (დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქია). პოლონეთში მუშაობდა, 8 თვის უნახავი ჰყავდა შვილები - 11 და 6 წლის გოგონები. ბავშვები ბებიასთან იყვნენ.

24 თებერვალს მისი გეგმები შეიცვალა.

„დილით, სამსახურში მივედი. ოთახში შევდივარ და ვხედავ, თანამშრომელი, უკრაინელი ქალი, ტირის, ჩვენთან ომიაო... სად? რანაირად? დავიწყე ინფორმაციების მოძიება. გავგიჟდი... სულ უფრო უახლოვდებოდა ომი ჩემებს.“

კარინას პირველი ფიქრი შინ დაბრუნება იყო. მაშინვე დარეკა და დედამ, ქალბატონმა ტატიანამ: ჩამოსვლა არც იფიქროო. პირიქით, ჩვენ როგორმე ვიპოვით გზას და მოვალთ საზღვრამდე, შენ იქით ხარ და მოხვალ ჩვენს დასახვედრადო...

28 თებერვალს კარინამ დედა და ბავშვები გამოიყვანა უკრაინიდან, მაგრამ არასოდეს დაავიწყდება იმ 4 დღის განცდები, ტკივილი, მოლოდინი, შიში...

მოვლენები სხვადასხვა მხარეს ასე წარიმართა:
უკრაინაში - ბებიამ გაიგო, რომ პოლონეთის საზღვრამდე ყოველდღე გადიოდნენ უფასო მატარებლები. მოამზადა ბავშვები, ჩაიდო თბილი პლედები, ბუტერბროდები, საბუთები და წავიდნენ სადგურში. პირველ მატარებელში ვერ ჩასხდნენ - ბევრი იყო ხალხი. მეორე მატარებელი არ მოვიდა. ის ღამე ვაგზალში გაათიეს - იატაკზე ეძინათ. მესამე მატარებლით გაემგზავრნენ, როგორც იქნა.

პოლონეთში - კარინა უკრაინის საზღვრისკენ წავიდა. იარეკმა, პოლონელმა მეგობარმა, წაიყვანა მანქანით. ფული რომ შესთავაზა, არ გამოართვა. 6 საათი მიდიოდნენ - მძღოლმა საწვავი ჩაასხა თავიდანვე და მერე კიდევ სამჯერ შეავსო. კარინამ იცოდა, რომ მატარებლები სასაზღვრო ქალაქ ფშემისლში ჩადიოდნენ და მანქანით იქ მივიდნენ. მაგრამ ამ სადგურზე ადრე ჩამოსული ოთხი მატარებელი იდგა და ეს მატარებელი სხვაგან გაუშვეს. კარინა შეშფოთდა: არც დედა პასუხობდა ტელეფონზე, არც ქალიშვილი. სად შეიძლება იყვნენ? მეგობარმა იარეკმა ინტერნეტით მოძებნა სასაზღვრო ქალაქები და უთხრა, ალბათ მეორე ქალაქში - ჰელმში ჩამოვიდნენო. წავიდნენ იქითკენ. ის იყო, ქალაქში შევიდნენ, რომ დედისგან მესიჯი მიიღო - ჰელმში შევდივართო. ვარაუდმა გაამართლა... რკინიგზის სადგურის ნაცვლად ავტოსადგურში ჩავიდნენ, მაგრამ მალევე გაარკვიეს და მივიდნენ იქ, სადაც უკრაინელი ლტოლვილებით სავსე მატარებელი ჩამოდგა. ვიღაც კაცმაც დაურეკა კარინას პოლონური ნომრით, თქვენები გადმოვიდნენ პოლონეთის საზღვარზეო... ხაზის მეორე მხრიდან დედის კივილი ესმოდა: აქ ვართ, აქ ვართო.

4 არანორმალური დღის შემდეგ წარმოიდგინეთ ბედნიერი ფინალი:

„შევვარდი სადგურში. უამრავი ადამიანი ირევა. ჩემებს ვეძებ. უცებ ვნახე უმცროსი ბავშვის კაპიუშონი. უკნიდან მივვარდი, ვკოცნი, ვეხვევი, მუხლებზე ვდგავარ. მადლობას ვწირავ ღმერთს...“

მერე იყო ბავშვებთან ერთად პოლონეთში ცხოვრების 11 თვე (დედა გერმანიაში წავიდა. ახლაც იქაა კარინას უმცროს და-ძმასთან ერთად).

კარინა წლებია, პოლონეთში მუშაობს. ბავშვების წაყვანაც უნდოდა და იქ გადასვლა საცხოვრებლად. დროზე ადრე აუხდა ეს ოცნება. მაგრამ ყველაფერი ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. 12 საათი მუშაობდა და გაუჭირდა ბავშვების მიხედვა. უფროსი გოგონა ვერ შეეჩვია სკოლას. დასცინოდნენ კლასელები, შენს ქვეყანაში წადიო, ეუბნებოდნენ. ისტერიკები ემართებოდა, პროტესტის ნიშნად აცდენდა გაკვეთილებს.

ერთ დღესაც კარინამ საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა.
რატომ? იმიტომ რომ ქართველია, ბურჯალიანი. მამა ქართველი ჰყავს და ქუთაისში ცხოვრობს. თვითონაც სამი წლიდან 6 წლამდე აქ იყო, ქართულად წერას სწავლობდა, ლაპარაკობდა. მერე დედა და მამა დასცილდნენ ერთმანეთს და დედამ უკრაინაში წაიყვანა. ბოლოს 2006 წელს იყო საქართველოში, 14 წლისა.

და ახლა მამასთან ჩამოვიდა. მამა, მისი მეუღლე და ბებია თბილად დახვდნენ. ბავშვებიც უფრო მშვიდად არიან.
ჯერ სამომავლო გეგმები არ აქვს. მაგრამ ერთი რამ იცის: აუცილებლად დაბრუნდება სახლში.

უკრაინაში ბევრი ახლობელი ჰყავს დარჩენილი: დედის დედა, ორი დეიდა, დეიდაშვილები. ბებიას დიაბეტი აქვს, უჭირს სიარული და ვერ წამოვიდა. ერთი დეიდა მასთან დარჩა, მეორეც იქაა. ბებიას 4 ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავს, 10 შვილიშვილი და შვილთაშვილები. დღესასწაულებზე ერთად იკრიბებოდნენ ხოლმე ყველანი. ნატრობს, რომ ისევ შეიკრიბოს ყველა.
მისი ქალაქი კამენსკოე არ არის ოკუპირებული, მაგრამ დღე არ გავა, ომში დაღუპული ბიჭი რომ არ ჩამოსვენონ. კარინა ლამის ყოველდღე ხედავს სოციალური ქსელის ჯგუფებში ახალგაზრდების ფოტოებს შავი ლენტით - სკოლელებს, თანაქალაქელებს...

ბევრ დარდთან ერთად დიდი საახალწლო სიხარულიც ჰქონდათ - დისშვილი გოგონა გაჩნდა. ერთად იყვნენ ჩართულები ონლაინ: გერმანიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან... ბავშვის დაბადებამ გაახარა და სიცოცხლის ხალისი შემატა ყველას.
კარინა ამბობს: „ომმა დაგვანახა მთავარი: რომ გვინდა უკრაინაში ცხოვრება! მანამდე სადმე სხვა ქვეყანაში გვინდოდა გადასვლა, მეც პოლონეთზე ვფიქრობდი. მეგონა, იქ უკეთ ვიცხოვრებდით. ახლა ყველას უკრაინაში გვინდა! ჩემი გოგონა ლენა სულ უკრაინის დროშებს ხატავს, სახლში უნდა. მეც არაფერი მაინტერესებს, მშვიდობა მინდა და უკრაინაში დაბრუნება!“

Made on
Tilda