ფერადი სამყარო მის ხელებში


ავტორი
ზეკო ხაჩიძე


დილა იწყება იმით, რომ ნასესხებ სახლში, ნასესხებ კედლებში, სხვისი საწოლიდან ადგომამდე ვფიქრობ, ახლა რა ვაჭამო შვილებს? როდემდე მეყოფა ენერგია, ფული, ღონე და ნებისყოფა, მარტო ვაგო პასუხი ყველა პრობლემაზე, მარტო ვიზრუნო ორ შვილზე.

აქ არაფერია ჩემი. სხვისი ბუდეა, ან ბუდედყოფილი ნანგრევები, სადაც უბრალოდ თავი შევაფარე ბავშვებთან ერთად. არაფერია ჩემი, მაგრამ ასე მირჩევნია. სამაგიეროდ მთვრალი ქმრის მოსვლა აღარ მაშინებს. მისი ხელის მოძრაობაზე გული არ მიფეთდება. წინასწარ არ მტკივა სხეული.

ახალგაზრდა ვარ და იმ შიშის დავიწყებამდე დავბერდი მგონია. ხანდახან გულწრფელად მიფიქრია - „ნეტა უფრო ცოტა წელი მქონდეს წინ გასავლელი..“
ვერც ვიხსენებ როდის ვიყიდე ბოლოს პალტო, ტუფლი.. როდის შევედი მაღაზიაში და ჩემს მოწონებულ კაბაში თვითონ როდის გადავიხადე ფული. არც ტანსაცმელი მაცვია საკუთარი არც მე, არც ჩემს შვილებს. ჩვენ ისინი ვართ, ვინც თვითონ არ არჩევს როგორ გამოიყურებოდეს. კეთილი ადამიანები გვმოსავენ.

მანამდე რა იყო ჩემი ცხოვრება?

სოფელში დავიბადე და გავიზარდე. სკოლა დავამთავრე და გავთხოვდი. პირველი შვილი გამიჩნდა. თითქოს ამ ფრაზებს შორის სხვა არაფერი მომხდარა. თითქოს კი არა, მართლა არ მომხდარა. სოფლის საქმეს ვაკეთებდი. ლაპარაკით ბევრს არ ვლაპარაკობდი. ქალმა ენა არ უნდა ატლიკინოსო, ბავშვობიდან მესმოდა. ტელევიზორს ქმრის მოსვლამდე ხანდახან თუ ვუყურებდი და მარტო ამით ვგრძნობდი, რომ სადღაც უფრო ბედნიერი ცხოვრებაც იყო. ფერადი და ხმაურიანი. კარგა ხანს მეგონა, რომ ქმარი ყველას ასეთი ყავდა. უხეში, ბრაზიანი და ღვინის სუნით გაჟღენთილი. ცემაც ხშირი იყო. ხან მეტად მტკიოდა, ხან ნაკლებად.

ვისთვის უნდა მეთქვა მიშველეთქო? სოფელი მჭიდროდ დასახლებული არ არი. თუ ვინმესთან მიხვალ და, ყველას თავისი უჭირს..

ბავშვებმა გადამაწყვეტინეს ყველაფერი".

ეს ზოგადი მონოლოგია. ბევრი ქალის ნათქვამი, ოღონდ სხვადასხვა ხმით და სხვადასხვა კილოთი. გააჩნია რომელ კუთხეს სტუმრობდა ფონდი „სოხუმი“. ათი მუნიციპალიტეტიდან, ფონდის სამარშრუტო რუკაზე 4 სხვადასხვა რეგიონია. დიალექტიც, შესაბამისად, ზოგან გურულია, ზოგან მეგრული, იმერული ან აჭარული. სევდა კი, სევდა საერთო. ცხოვრების გზაც და ამბავიც ძალიან გავს ერთმანეთს. საკუთარი გაჭირვებიდან თავდაღწეული, ბედნიერებაზე მეოცნებე გოგოები როგორ დაქალდნენ სხვა სოფლებში ცოლობის და დედობის წყურვილით და მაინც უბედობამ დააბრუნათ ზოგი ისევ ბავშვობის, ზოგი კი სხვებისგან დროებით ნაწყალობებ უსახსრობაში. ერთნაირად ეტკინათ სულიც და სხეულიც. ერთნაირად დააუძლურათ ძალადობამ და შიშმა. მის შემდეგ, ერთნაირად ეძებენ თანამგრძნობს, იმედს, ძალას, რომელიც მომავლის აღმართს კეთილი სიტყვით მაინც აატარებთ, ახალ ცხოვრებას შეაძლებინებს.

ჩვენც, ქალთა ფონდი „სოხუმი“, ამ ადამიანების ბიოგრაფიებში ფეხაკრებით დავდივართ და ჩვენს წილ სიკეთეს ვცდილობთ.

ეს ისტორია საქველმოქმედო აქციაზეა, რომელიც თვეებია გრძელდება. ჩავდივართ ამ სევდისგან ნაცრისფერ შენობებში იმედით მომლოდინე ადამიანებთან და ბევრ საჭირო ნივთთან და პროდუქტთან ერთად, ერთს, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან საჩუქარს ვტოვებთ - ფერადი სამყაროს ნაწილს- მობილურ ტელეფონებს SAFE YOU აპლიკაციით და ჯადოსნური SOS ღილაკით. დედებისთვის ეს ზღაპრული მხსნელია, ბავშვებისთვის, კი სიზმრების და ნატვრების ახდენა. რა ლამაზები არიან, როცა რამე უხარიათ... დიდებიც და პატარებიც!

"ახლა ამის ხელში დაჭერას მე ვინ მაცლის? ბავშვები ფოტოებს გადაიღებენ, ფეისბუქში შევლენ, ათას რამეს ნახავენ. ვიცი, რომ სხვა რამისთვისაა საჭირო, ბევრად საჭირო, მაგრამ ამათ როგორ გავაგებინებ? არადა მიხარია მეც. ძალიან მიხარია. მეც მასწავლის მერე ჩემი გოგო როგორ წავიკითხო სხვების ამბები, როგორ დავწერო იქ და ადამიანები ვიპოვო, მეგობრები გავიჩინო. ვაიმეე .. რას ვლაპარაკობ. სად მცალია, მთელი დღე ხან რას ვაკეთებ და ხან რას. მაგრამ ჩემს შვილებსაც უნდათ დედამისი არ ჩამორჩეს ყველას და გაიგოს რა ხდება მისი სოფლის იქეთ. ვის რა უჭირს, ვის რა უხარია.. ყველაფერს წერენო აქო, ასე ამბობენ.

ასეთი ძვირფასი ნივთი არც არი ჩემს სახლში.

თქვენი ნომრები დამიწერეთ ფურცელზე, გოგოებო. უნდა დაგირეკოთ ახალ წელს მოსალოცად! თქვენ გაიხარეთ! როგორ გამაბედნიერეთ მეც და ჩემი შვილებიც. ახლა რიგ-რიგობით ინათხოვრებენ სკოლაში ამხანაგებს რომ აჩვენონ, ჩვენც გვაქვს ასეთი ტელეფონიო. მადლობა, გაგახაროთ ღმერთმა ჩვენი სიხარულისთვის......."

ასეთ სევდანარევ სიხარულში გრძელდება ჩვენი მოგზაურობა ქველმოქმედების ჯადოსნური აქციით. ვუსმენთ, ველაპარაკებით, ვიმეგობრებთ და ვუბარებთ, რომ ჩვენი მიზანი უფლებების შესახებ მათი ინფორმირებაა, ელექტრონული წიგნიერების ამაღლება და სერვისებთან წვდომა. ვუხსნით და ვპირდებით, რომ ამით ფონდის საზრუნავი არ სრულდება, რომ ისევ დავბრუნდებით და ისინი ბევრად უფრო ინფორმირებული, ბევრად უფრო გაძლიერებული და იმედიანები დაგხვდებიან!
Made on
Tilda