ვიკა და კირა



ქალები უკრაინიდან

ავტორი
ლალი შენგელია

ბერეზნეგოვატოე - არის ასეთი პატარა დასახლება ნიკოლაევის ოლქში, შვიდი ათასი ადამიანი ცხოვრობს. იქიდან ვარშავამდე ათას კილომეტრზე მეტია. ერთი კვირა დასჭირდათ გზაში ვიქტორია პოპოვიჩს და მის გოგონას.

24 თებერვალს ყველა მხრიდან შეუტიეს უკრაინას. ბერეზნეგოვატოესაც... ამ დასახლებაში სამი სკოლაა და პირველივე დღეებში სამივეგან უკრაინელი სამხედროები ჩაასახლეს. ამიტომაც იქცა სკოლები სამიზნედ რუსეთის ჯარისთვის. ბომბავდნენ. სახლები იწვოდა.

- დასახლებაში თავშესაფარი არ არის და დაბომბვები რომ იწყებოდა, კარადაში ვიმალებოდით, - ამბობს ვიკა.

მალე დასახლებიდან ქალების და ბავშვების ევაკუაცია დაიწყეს. სწრაფად შეკრა ბარგი, რაც მოასწრო და ათიოდე მეზობელთან ერთად წამოვიდა. ომის დაწყებიდან რვა დღეში. სხვა დროს რვა დღე ძალიან ცოტაა, მაგრამ ომში დღე ჩვეულებრივზე გრძელია...

მამამაც დააძალა წასვლა. დედა 12 წლის წინ გარდაეცვალა და მამა მარტო ცხოვრობს, იქვე, მის სახლთან ახლოს. დაც იქაა თავისი ოჯახით, სოფელში. მათთან შედარებით სიმშვიდეა.

ვიკას ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს - 14 წლის კირა. ეშინოდა და მის გამო უფრო დატოვა უკრაინა. კირა ტირილით დაემშვიდობა თავის პატარა მეგობრებს: ძაღლს, კატას, კუს, თუთიყუშს...

ვიკა უკრაინულად მელაპარაკება, რუსულსაც გამოურევს, გოგონა კი პროტესტის ნიშნად არცერთ სიტყვას არ ამბობს რუსულად. მე უკრაინულიც მესმის, მათ განცდებსაც ვგრძნობ და თვალზე მომდგარ ცრემლსაც...

იღბლიანები ყოფილხართ-მეთქი და... მეთანხმება ვიკა. ყველაფერი შედარებით კარგად აეწყო: სახლიდან ავტობუსით წამოიყვანეს, ღამისგასათევიც ორგანიზებული იყო. ხმელნიცკიში მონასტერში შეიფარეს, ვარშავის რკინიგზის სადგურში ლტოლვილებისთვის საგანგებოდ მოწყობილ ოთახებში გაათიეს ღამე.
მეზობლები ევროპაში დარჩნენ, დედა-შვილმა კი საქართველოში გადაწყვიტა წამოსვლა. მანამდე არასოდეს ყოფილა, მაგრამ აქეთ გამოუწია გულმა... ფული ნაცნობებმა შეუგროვეს, ბილეთები უყიდეს და 7 აპრილს, ხარებას, პირდაპირი რეისით ქუთაისში ჩამოფრინდნენ.

ხანდახან სრულიად მოულოდნელად და იღბლიანად ვითარდება ხოლმე ცხოვრებისეული სიუჟეტი.

იმ რეისით ვარშავიდან მოფრინავდნენ ქუთაისელი დები - თეკლა და თათია ავალიანები. თავიანთ სახლში მიიპატიჟეს უკრაინელები.

ასე აღმოჩნდა დედა-შვილი რიონისპირა მყუდრო უბანში.

თეკლა სტუდენტია, თათია სკოლაში სწავლობს. დედა უცხოეთიდან ეხმიანებათ, აქ ბებო ეხმარებათ და ასე არიან... გოგონებმა რუსული არ იციან, ვიკამ და კირამ - ქართული, მაგრამ ეს ხელს არ უშლის გულითად სტუმარ-მასპინძლობას. დედა-შვილი თეკლას და თათიას სამეზობლო-საახლობლოს ეცნობა. ხან მარტო, ხანაც მასპინძელ გოგონებთან ერთად ბაგრატის ტაძარში ლოცულობენ, ბოტანიკურ ბაღს ათვალიერებენ, ქუთაისის ლამაზ ქუჩებში სეირნობენ - ასე ებრძვიან სტრესს.

კირას 24 თებერვლიდან აპრილის დასაწყისამდე არდადეგები ჰქონდა. სხვა რა გზა იყო, სკოლა დაიბომბა, მოსწავლეები და მასწავლებლები დაიფანტნენ, ფიზკულტურის მასწავლებლის დაღუპვის ამბავიც გაიგეს... მასწავლებლებმა უკვე შეძლეს სწავლის ონლაინ განახლება და კირაც ჩაერთო.

ჩვენი მისვლა გაუხარდათ, ჩვენგან მიტანილი საჩუქრებიც: სურსათი, ტანსაცმელი, განსაკუთრებით სასკოლო ნივთები - ვიცოდით, რაც უნდოდა გოგონას (ჩვენი ორგანიზაცია სწავლობს ყველა ჩამოსული ადამიანის კონკრეტულ საჭიროებას).
იღბლიანები ვყოფილვართ, ყველაფერში გაგვიმართლაო, - ვიკამ. - ამ სახლში მოხვედრაც ხომ სასწაულიაო. იქ რომ ვიყავი, ხშირად ვამბობდი, პრობლემა მაქვს-მეთქი, თურმე არანაირი გასაჭირი არ მქონია, ტყუილად ვწუწუნებდი.

განსაცდელის დროს სულ სხვანაირად აფასებ ცხოვრებას და ხვდები: მშვიდობაზე, შენს სახლში მშვიდ ცხოვრებაზე უკეთესი არაფერი ყოფილა...

უკრაინის გამარჯვება და შინ დაბრუნებაა მათი საფიქრალი და ყველაზე დიდი ოცნება: ჩვენი სახლი მთელია, მამაც ცოცხალია. სკოლა კი დაინგრა, სასექტემბროდ რას აღადგენენ, მაგრამ მთავარია, მშვიდობა იყოს, ჩავიდეთ და რაიმეს მოიფიქრებენო...

დადგება ეს დღეც მალე. უნდა დადგეს!

Made on
Tilda