ტატიანა



ქალები უკრაინიდან

ავტორი
ლალი შენგელია

იმ დღეს დაბადების დღე ჰქონდა.

საინტერესო რამ დაემთხვა - ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ უკრაინული სამზარეულოს დღე მოაწყო. მანამდე თავისი ხელით დამზადებული ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ ფონდელები უკრაინელ ქალებს დ ეს საპასუხო ჟესტი იყო.

ტატიანამაც ვარენიკები მოამზადა - კომბოსტოთი, კატროფილით, ყველით. უგემრიელესი იყო.

მერე, სხვა ქალებთან ერთად, სიტყვითაც გამოვიდა, თავის თავზე უამბო შეკრებილებს - უცრემლოდ არ შემიძლია და ბოდიშიო...

მერეც იტირა, როცა დაბადების დღე მიულოცეს პატარა ლამაზი ტორტით.

სიმპათიური ქალია, თვალები სულ წყლიანი აქვს, ახალნამტირალევივით.

ისედაც მგრძნობიარე ვიყავი და ახლა მაინც ყველაფერზე მიჩუყდება გულიო...
ეს ტატიანაა, ხოდაკოვსკაია. ხერსონის ოლქიდან.

ხერსონის გაგონებაზე თავისთავად ჩნდება ტკივილი - ოკუპირებული ქალაქი, სადაც სროლის და აფეთქების ხმა ისმის ყოველდღე და ჯერაც არ არის სიმშვიდე...

მდგომარეობა რომ გართულდა, საქართველოში წამოსვლა გადაწყვიტეს. ახლობელი არავინ ჰყავდათ, მაგრამ ურჩიეს და აქეთ წამოვიდნენ.

მეუღლე და ორი შვილით (გოგო და ბიჭი ჰყავს) დაადგა ტატიანა შორეულ გზას. რუსეთის მხრიდან, ყირიმით მოუწიათ წამოსვლა ავტობუსით.

გზაში ძალიან დაგვეხმარნენ. საერთოდ მთელი ეს დღეები სულ კეთილი ადამიანები გვხვდებოდნენ და დარდს გვიმსუბუქებდნენო, - იხსენებს.

17 ივლისს გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი. მთელი დღის უჭმელები იყვნენ, საშინელი შესახედავები. დახმარება ითხოვეს და გუდაურის სასტუმროში დააბინავეს. იქ იყვნენ 10 დღე. სასტუმროში გაცნობილებმა უთხრეს, რომ წყალტუბოში იაფად შეიძლებოდა სახლის ქირაობა. წყალტუბოსკენ აიღეს გეზი, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა - რომ ჩამოვიდნენ, სადგურში მოუწიათ ღამის გათენება... თუმცა ცდილობს, ცუდი რამეები დაივიწყოს და მარტო იმ კეთილ ადამიანებზე იფიქროს, ვინც დაეხმარა და დღესაც ეხმარება.
ახლა ქუთაისში ცხოვრობენ. ქმარი დაბრუნდა უკრაინაში და ტატიანა მარტოა შვილებთან ერთად.

უფროსი შვილი შარშანდელი დარჩენილი სასწავლო წელი ონლაინ სწავლობდა თავის კლასთან ერთად. წელს ქართულ სკოლაში წავიდა, საყველპურო ლექსიკა აქვს - გამარჯობა, მინდა, კარგი, მადლობა დ ა.შ. მაგრამ, როგორც დედა ამბობს, ეს ცოტაა. იცის, რომ გაუჭირდება, მაგრამ სხვა გზა არ არის, ჯერ უკრაინაში ვერ წავლენ და ისევ აქ უნდა მოახერხონ ადაპტაცია.

პატარა ბიჭუნას გაშვებაც უნდა საბავშვო ბაღში, მაგრამ თავს იკავებს. სუსტი ჯანმრთელობის ბავშვია, რომ გაცივდეს, ან რამე შეეყაროს, მერე მკურნალობის ფული არ მაქვს და მეშინიაო.

საყვარელი ბიჭუნაა, დედას თვალებში უყურებს, ბევრი არაფერი გაეგება იმის, რაც მოხდა და ხდება. მისთვის მთავარია, რომ მოსიყვარულე დედიკო გვერდით ჰყავს.
ტატიანას კი დიდი დარდი და ბევრი საფიქრალი აქვს - უკრაინიდან ვერაფერს ეხმარებიან, რაც ჰქონდათ გადანახული, იმით არიან ჯერჯერობით. კიდევ - კეთილი ადამიანების დახმარებით. ერთ-ერთი ასეთი მხარდამჭერი ქალთა ფონდი „სოხუმია“. დღესაც, დაბადების დღე რომ მომილოცეს, ძალიან გამიხარდა. აღარც მახსოვს ჩემი დღე, არაფერი მახალისებს. ძალიან განვიცდი. სახლის ამბები მადარდებს. ორი დედა მყავს ხერსონში - ჩემი და ჩემი ქმრის, ყველაფერი იქაა - სახლი, ბინა, მეგობრები, ახლობლები, მენატრება და შიში მაქვს მათი დაკარგვის. სულ იმას ვნატრობ, მალე წავიდე ჩემს ქვეყანაში. ეს იქნება ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე, ჩემი ხელახლა დაბადების დღე...

ისევ უწყლიანდება თვალები ტატიანას. ცრემლებში იმედი ჩანს...


Made on
Tilda