თამარის ნაამბობი






#ჩემიარჩევანიევროკავშირია
როდესაც ჩემს მშობლიურ ტურისტულ ქალაქში ერთ-ერთ სასტუმროს ადმინისტრაციაში ვმუშაობდი, ის ანაზღაურება რაც გამაჩნდა, საკუთარი ცხოვრებით რომ მეცხოვრა კი არა, ბაზისური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არ იყო საკმარისი. მაშინ, როცა 3 უცხო ენა ვიცოდი და ბაკალავრის ხარისხიც მქონდა. ეს ჩემს მოტივაციაზე ნეგატიურად მოქმედებდა.

ერთხელაც მეგობრებთან საუბარი ჩამოვარდა გემანულ au pair გაცვლით პროგრამაზე, რომელში მონაწილეობითაც ერთი წლით შევძლებდი გერმანიაში სწავლას და ცხოვრებას. ჩემთვის ეს საკმაოდ საინტერესოდ ჟღერდა - გამომეცვალა გარემო, რომელსაც მე - ერთი ადამიანი ვერ ვცლიდი. გადავწყვიტე, გერმანულის სწავლა დამეწყო. ერთ წელიწადში ჩავაბარე გამოცდა გოეთეში და წამოვედი. ერთი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი გერმანულ ოჯახში ძიძად. ვაკვირდებოდი მათ მდგომარეობას და ამასობაში ყველა წარმოდგენა, რაც გერმანელებზე მესმოდა საქართველოში, რომ იყვნენ უხეშები, არ იცოდნენ ოჯახის ფასი, იყვნენ ჩაკეტილები, ერთიანად დამემსხვრა. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ არიან ძალიან გახსნილები, თბილები, ვინც რელიგიურია მათაც ძალიან დიდ პატივს სცემენ და ვინც ათეისტია არც მათ აყენებენ შეურაცხყოფას, თუ რატომ არ არის მორწმუნე.

ამ ერთი წლის განმავლობაში გამიჩნდა შანსი, მესწავლა უნივერსიტეტში, თუმცა მანამდე უნდა გამევლო გერმანული ენის კურსები და au pair პროგრამის დასრულების შემდეგ, მომიწია ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა. ერთი წლის თავზე დავიწყე სრულიად ახალი ცხოვრება დამოუკიდებლად. ოჯახთან როცა ვცხოვრობდი, არაფერზე ზრუნვა არ მიწევდა, გარდა ბავშვებისა. ახალ ქალაქში გადასვლილსას კი ყველა კომუნალური საკითხის (ბინის ქირაობა, გადასახადების გადახდა, საკვებით უზრუნველყოფა და ა.შ.) მოგვარება სრულიად დამოუკიდებლად მომიწია. დავიწყე სამსახურის მოძიება. ჩემი დღის რუტინა ასეთი იყო, დღის 2 საათამდე გავდიოდი ენის ინტენსიურ კურსს და იქიდან წამოსული მივდიოდი სამსახურში. სამსახურიდან დაბრუნებული კი ვმეცადინეობდი. ამ ორი წლის განმავლობაში უკეთესად გავიცანი გერმანული კულტურა, უფრო მომეწონა აქაურობა, რადგან ჩემი დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდა, არავინ მკიცხავდა ჩემი აზრების, შეხედულებები გამო, არავინ მრიყავდა ჩემი ათეისტური შეხედულებების გამო, ეს არავის აინტერესებდა და თავსაც დაფასებულად, ღირსეულად ვგრძობდი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა პოზიციაზე ვმუშაობდი, დამლაგებლად თუ რომელიმე მაღალ თანამდებობაზე. აქ არავინ არ ანსხვავებს, მაგალითად, ნაგვის გამტანი ხარ თუ კაბინეტში მომუშავე. აქ ყველას ღირსეულად და დაფასებულად ეპყრობიან, რადგან, მაგალითად, მაღალი თანამდებობის პირმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ მეეზოვე ნაგავს არ გაიტანს, გარემო დაბუნძურებული ექნება. სწორედ ამიტომ აფასებენ ყველას შრომას და ყველა პროფესიასა თუ პოზიციას პატივს სცემენ. მთელი სისტემა უერთიერთპატივისცემაზე, პასუხისმგებლობაზეა აწყობილი და ერთიც რომ არ იყოს დაფასებული, კეთილსინდისიერად შესრულებული, გაწყდება ეს ჯაჭვი. აქ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ - ჰობოები, მაგრამ ეს მათი არჩევანია, ასე უნდათ და მორჩა.

აქ შესაძლებლობები ყველასთვისაა, დაიწყონ მუშაობა და ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. სწორედ ამ დამოუკიდებელი ორი წლის განმავლობაში გავიგე, რაა სოციალური ცხოვრება, რას ნიშნავს წახვიდე გასართობად, ბარში, პაბში, კლუბში, სადაც გინდა, ნახო მუზეუმები, მოხვდე დიდ გამოფენებზე, სასაზღვრო კონტროლის გარეშე იმოგზაურო ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, ნახო მათი ღირსშესანიშნაობები, პირადად გაეცნო მათ ხელოვნებას, კულტურას, მარავლფეროვნებას... საქართველოში ნამდვილად არ მქონდა ეს შესაძლებლობა და ამას მოწყვეტილი ვიყავი. მეტიც, საქართველოში ყოფნისას ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამდენი ქვეყნის კულტურას გავეცნობოდი, მაგალითად, ვან გოგის ოთახში მოხვედრას ალბათ თუ ვიოცნებებდი. აქ ერთნაირად აფასებენ ძველი და თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის ნიმუშებს.

ორი წლის შემდეგ გადავწყვიტე, ამერჩია პროფესია და გავაკეთე Ausbildungი. საექთნო პროფესიაზე დავიწყე სწავლა. უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიულ სასწავლებლებსაც თავად სახელმწიფო აფინანსებს, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. აქვე უნდა ვთქვა, რომ ყველა, ხელმძღვანელ-მასწავლებლიანად მოტივირებული იყო ჩემს პროფესიულ ზრდაზე, მაქსიმალურად მხარს მიჭერდნენ და ყველა ცდილობდა მიმეღწია დასახული მიზნისთვის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ იცოდნენ, აქ მარტო ვიყავი და დამხმარე არავინ მყავდა. კურსის ბოლოს მუშაობაც შემომთავაზეს და დავთანხმდი. დღეს აქ ვმუშაობ. დღესაც იმ მოტივაციით არიან, რომ ყოველდღე რაღაც მასწავლონ, ყოველდღიურად განვვითარდე და გავძლიერდე. ანუ ჩემი წარმოდგენა, რომ ევროპა გარყვნილია, ევროპელებმა გვერდში დგომა არ იციან, მეგობრობის ფასი არ იციან და ა.შ. ჩემს თვალწინ ჩამომემსხვრა. ჩემი ბინაც, სადაც ახლა ვცხოვრობ, ჩემმა ხელმძღვანელმა იპოვა და პირველადი შენატანი მან გადაიხადა. აქ ყველას აფასებენ, ვინც შრომობს და მოტივირებულია. ბოლო სამ წელში თითქმის მოვიარე მთელი ევროპა და შემიძლია ვთქვა, რომ აქ გარყვნილი მე არავინ მინახავს, განსხვავებით საქართველოსგან. ყველა აფასებს რელიგიას, შენს შეხედულებას რელიგიასთან დაკავშირებით, არავინაა დაინტერესებული შენ ღმერთის გწამს თუ არ გწამს, გწამს და გწამდეს, არ გწამს და ამის გამო, არავინ გიშლის ხელს. შენი გენდერული იდენტობა არავის აინტერესებს და არავის უღრღნის გულს, რატომ არის ის კაცი კაცთან ან ქალი ქალთან, ან 30 წლის რომ ხარ არავინ გეკითხება, რატომ არ ხარ გათხოვილი, შვილები რატომ არ გყავს ან რამდენი პარტნიორი გყავს. ყველა ცხოვრობს საკუთარი ცხოვრებით და შენ გცემენ პატივს, რომ ხარ ადამიანი, პიროვნება, რომელსაც აქვს აღებულ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე. 90 წლის ადამიანებიც, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომი აქვთ გამოვლილი, ნაციზმის პერიოდში უცხოვრიათ, ისინი გიღებენ ისეთს, როგორიც ხარ და არ ერევიან შენს გადაწყვეტილებაში. ერთხელ 100 წლის ბებო მყავდა პაციენტი, იქვე გაზეთში გეებზე წაიკითხა სტატია და ამბობდა, „ახლა სხვა დროა, ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს და არ უნდა განვიხილოთ მათი ცხოვრებაო. ჩვენს დროს დამალული იყო ეს და ახლა თავისუფალი ცხოვრებაა და რატომა არ უნდა მივიღოთო“. მე ყბაჩამოვარდნილი ვუსმენდი ჩემს წინ მოსაუბრე ერთი საუკუნს ადამიანს.

რაც შეეხება პრაიდს, აქ მომისმენია მშობლების თაობის არგუმენტი, „როგორც კარნაველები ტარდება, ან ქალების მარში, სწორედ ასეთი დატვირთვა აქვს ამ მსვლელობას და დევნა რატომ უნდა დავიწყოთ, თვითგამოხატვისთვის როგორ უნდა დავსაჯოთ თავისუფალი არჩევანის მქონე ადამიანებიო?“ რაც შეეხება სხვადასხვა კულტურებს: „ის კი არა, რომ გერმანიაში ჩამოხვედი და არიქა, უნდა გაგერმანელდე“, აქ არის თურქები, არაბები, იტალიელები, ჩინელები, თავიანთი ჩასახლებები აქვთ და ინარჩუნებენ მათ ტრადიციებს, კულტურას, არავინ არვის არ ართმევს საკუთარ ეროვნულ იდენტობას. არავინ არ მიდის და არ დევნის, მაგალითად, „თქვენ აზიელები ხართ და არ ჯდებით ჩვენს კულტურაშიო“. ჩვენთან რომ ჩინელებს წყევლიდნენ, „რა უნდათ საქართველოში მაღაზიებს რატომ აკეთებენ, ვერ დაეტევიან თავის ქვეყანაშიო?“ აქ საშუალო განათლების მქონე ადამიანსაც კი იმხელა შეგნება და კულტურა აქვს, ჩვენთან ბევრ უმაღლესდამთავრებულს, დოქტორის ხარისხის მქონეს ვერ შევადარებ. აქ იციან, რომ პირველ რიგში ადამიანი, პიროვნებაა მნიშვნელოვანი. ევროპის ყველა ქვეყნის ღირებულება ისაა, რომ მოგეპყრონ თანასწორად და არ განგასხვაონ რაიმე ნიშნით, იქნება, ეს კულტურა, ტრადიცია, რელიგია, გენდერული იდენტობა, სოციალური სტატუსი თუ სხვა რამ. აქ შრომის თითოეული საათი დათვლილია, არავინ ექსპლოატაციას არ ეწევა და თუ შენ, თუნდაც 5 წუთი ზედმეტად იმუშავე, შენი ნაშრომი გინაზღაურდება. თუ არის შემთხვევა, როცა ვინმეს ზეგანაკვეთურის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, მომდევნო სამუშაო დღეს ისვენებ. არავინ შენს შრომით ექსპლოატაციას არ ეწევა, განსხვავებით საქართველოს შრომითი ბაზრისგან.

რაც შეეხება ჯანდაცვას, აქ დაზღვევის გარეშე არ ცხოვრობ, ესეც უზრუნველყოფილი გაქვს. სწორედ აქ გავიგე, რას ნიშნავს ჯანმრთელობის დაცვა, როცა პირად ექიმთან მივედი გაციების დროს, სიღრმისეულად გამომიკვლია და გამოკვლევების გარეშე უამრავი წამალი არ გამოუწერია. მივხდი, რა ძალა აქვს პრევენციას და ეს კვლევები აქ უმაღლესი ხარისხისაა და რაც მთავარია ხელმისაწვდომია. საქართველოში კი ისეთი ძვირია, თუნდაც დაზღვევა გქონდეს, ადრეულ ეტაპზე ვერ მიდიხარ ექიმთან და მერე სერიოზულ მდგომარეობაში რომ გადაგდის ტკივილი, იძულებული ხდები კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა იბრძოლო სიცოცხლის გადასარჩენად. ყველაფერი რთული და გაუსაძლისია ჩვენთან. სწორედ ამიტომ, მინდა, რომ არ გადავუხვიოთ ევროპულ კურსს და ჩვენს მომავალ თაობას ეს ყველა სერვისი, ნორმალური ადამიანური ცხოვრების პიროებები საქართველოში ჰქონდეს.

#ჩემიარჩევანიევროკავშირია




Made on
Tilda