ტოსკანის გემო მის ხელებში






ავტორი
ზეკო ხაჩიძე

ლელა ჯალაღონია ქალთა ფონდ „სოხუმში“ ყველასთვის იმედია, სხივის მომცემი გოგო. როცა ბლოგისთვის ან ინტერვიუსთვის ვემზადები, რესპონდენტზე აუცილებლად მისგან ვიღებ შთაგონებას. ახლაც, როცა ცხელი გამოცდების სეზონია და მე ამის გამო დანარჩენი ცხოვრებიდან განდგომილად მიწევს არსებობა, ვიცოდი, ლელა გადამარჩენდა. მას სულ ჰყავს მეხსიერებაში საინტერესო ქალები, რომლებიც საკუთარი ცხოვრებით, ბედით თუ ბედთან ბრძოლით ცვლიან და უკეთესს ხდიან გარემოს.


„USAID-ის პროექტის ფარგლებში მყავდა მოწვეული, როგორც წარმატებული ქალი თავის თემში, ფახულანში. სწორი გზის, რჩევის და სტიმულის მიმცემი. მეწარმე, სასიამოვნო და საინტერესო მოსაუბრე“ - მომწერა ლელამ და რა თქმა უნდა, მის არჩევანს ბრმად გავყევი.

მოკლედ:


ამ ქალს შორენა ერქვა. შორენა შონია. და ჩვენი ინტერაქციული ინტერვიუც დილის 6 საათიდან დაიწყო. ეს სტარტი საგამოცდო რეჟიმიდან გამომდინარე, ჩემთვის სეზონურია, მისთვის- ყოველდღიური, უსეზონო:

- „სკოლა ფრიადზე დავამთავრე. ბეჯითი ვიყავი, ცელქიც, მაგრამ შრომისმოყვარე. არასდროს ვყოფილვარ გაკვეთილების შემდეგ დაუსაქმებლად, ხან ვქსოვდი, ხან ვკერავდი, ან სოფლის საქმეებში ვეხმარებოდი ბებოს. აქედან მაქვს ფრინველ- ცხოველის სიყვარული,“ - ამას მწერდა და თან ეზოს რეპორტაჟს ფოტოსესიებით მაცნობდა: როგორ ელოდნენ წიწილები და მოზრდილი ქათმები დილის საჭმელს დიასახლისის ხელიდან ასაკენკად.

შორენა 1975 წლის 21 მარტს დაიბადა, სკოლა დააამთავრა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე:

- „ილიას ეპოქა მიყვარს, მებრძოლი სულისკვეთება, სამშობლოსთვის უსაზღვრო თავდადება, ქართული ტრადიცია, ენა, მამული, სარწმუნოება.“

ამ სიყვარულით და ცოდნით გათამამებული ამბობს, რომ სამართლიანია შინ და გარეთ. ამ პატრიოტული მოტივით შეუძლია ის, რაც შეუძლია: იყოს პედაგოგიც, ბაღის გამგეც, მეწარმეც, ლიდერიც, საველე სკოლის დიასახლისიც, მოყვარული ფლორისტი, სამი შვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებიაც, კარგი ცოლიც და მეუღლის კარგი პარტნიორიც საერთო, ოჯახურ ბიზნესში.

ხალისიანი. ენერგიული. დაუღლელი.


- „დილით 6 საათზე ფეხზე ვარ. ჩემი ოცნება იყო ვყოფილიყავი ფერმერი ქალი. სულით ხორცამდე მიყვარს ეს საქმე.“

მისი ოცნების ახდენა „ერთი სული“ საქონლიდან დაიწყო და „გათექვსმეტდა“. ხომ გახსოვთ, ცოტა ზემოთ ვწერდი, რომ ეროვნული გემოვნება აქვს-თქო და შესაბამისად, მისი სამეწარმეო შემოქმედებაც რძიანი სულუგუნით და ჭყინტი ყველით დაიბადა. მაგრამ როცა დღეს დილით ვსაუბრობდით, შორენა ასეთივე მონდომებით, ევროპულ, ტოსკანურ კაჩოტას ამზადებდა, მიყვებოდა და მთელი ეს პროცესი, ონლაინ, მასთან ერთად, თვალებგაფართოებულმა გავიარე.


ეტაპ-ეტაპ ვიბარებდი რძისგან ახალი სხეულის სათუთად ამოყვანის რიტუალს. ვუყურებდი მადისმომგვრელად როგორ ერთდებოდა და მერე მყარდებოდა მარგალიტისფერი პატარა სხეულები, როგორ იკვრებოდა ახალ ფორმად, დისკოსავით სრულყოფილ სიმრგვალედ რძის ნამშერჩენილი და ფახულანიდან ქუთაისში ვგრძნობდი მის არომატს. ორი ხელის გულზე დატეულ კაჩოტას, მერე დრო, ტანზე წასმული ზეითუნის ზეთის სალბუნი და ჰაერი, ჩემთვის საყვარელ ხორბლისნაირ რუჯს მოუმატებს, სხვა ფერზე შემოსავს და რძის ნამიც ამოშრება. შორენას კაჩოტებით სავსე ოთახში სამეგრელოს სოფელს ფლორენციის სოფლების სუნი აუვა.

მოკლედ, ალბათ, მიხვდით როგორ შემომენთო შორენას საქმის სიყვარული. აქ კიდევ ბევრი გამოვტოვე, მაგრამ ჩემი შეგრძნებებისთვის ეს დეტალები მნიშვნელოვანი იყო. რადგან ვერ იქნები წარმატებული ისე, თუ შორენასავით არ გიყვარს და არ მოგწონს საკუთარი საქმე, თუ მასავით გემრიელად არ შეგიძლია ამ სიამოვნების სხვასთან გაზიარება. ამ შემთხვევაში ფილოლოგობაც დიდი „ბონუსია“ და შრომისმოყვარეობა ხო საერთოდ - გადამწყვეტი.


- „ჩემს სახლში იმართება საველე სკოლა, სადაც 22 ქალი მონაწილეობს, გვიტარდება ტრენინგები ადგილზე მერძევეობის კუთხით. შევისწავლეთ ევროპული ყველი და გრილზე შესაწვავი ყველი. ვარ გრანტის მფლობელი - საძროხის მშენებლობა დავიწყე, რომელსაც მალე დავამთავრებ! ასევე ვაპირებ რძის საწარმო ოთახის მოწყობას. ამ საქმეში ჩართული ჯერ-ჯერობით მე და ჩემი მეუღლე ვართ. მინდა, ჩემს შვილებს ბიზნესის სახით მესაქონლეობა დავუტოვო.“
დარწმუნებული ვარ, შორენა შონიას წარმატების ისტორია არც მარტო ამ ოცნების ახდენით დასრულდება. ვუსმენდი და ვფიქრობდი, რა გადამდებია წინსვილის ეს რწმენა!


Made on
Tilda