„სოხუმელი“ ქალები ქუთაისის ერთი ლამაზი ქუჩიდან

ავტორი
ზეკო ხაჩიძე

ახლა ქალთა ფონდ „სოხუმის“ ოფისში ვარ და ბლოგზე ვფიქრობ. მინდოდა, რამე განსაკუთრებული დამეწერა. გამახსენდა კამილ კლოდელი, რომლის მტკივნეული ისტორიაც ვალად მადევს, დაპირებული. მაგრამ ცოტა მეშინია მის ბიოგრაფიასთან მიკარების. არ ვიცი ძალადობის ისტორია დავარქვა თუ არა. როგორ იშიფრება ასეთი ხასიათი და ნიჭი - თვითონაა მოძალადე და როდენი მსხვერპლი მისი სიყვარულის და ამბიციის, თუ პირიქით. კლასიკური სამკუთხედი გრძნობის თვალსაზრისით. და სრულიად არაორდინარული - შემოქმედების ჭრილში...


მოკლედ კამილ კლოდელი ცოტა ხნით ისევ გადავდე.


მერე 20 ივნისის - ჩვენი არასადღესასწაულო დღესასწაულის აღწერილობას შევუდექი. ზუსტად ისე წვიმს გარეთ, როგორც დევნილთა საერთაშორისო დღეს, ამ კვირის სამშაბათს ასხამდა ცა ქუთაისის ბულვარში. ჩვენ კიდევ, ტრადიცია გვაქვს, უკვე მესამე წელია - სოხუმურ ყავას ქვიშაზე ადუღებენ ჩვენი გოგოები იქაური არომატით. აფხაზეთის მზე უხდება ამ დღეს, მაგრამ მზე არ გვქონდა. ტრადიციას მაინც არ ვუღალატეთ. სრულიად დარწმუნებით და თითქმის მომავლის გადმოსახედიდან ვიცი, რომ ქუთაისს უხდება ეს რიტუალი.

თავისთავად პრანჭიაც, იდეურიც და სურნელოვანიც.


ფოტოალბომის აწყობა დავიწყე და სხვა ფიქრმა შემიპყრო.


მე იმ ადამიანების, იმ ქალების გარემოცვაში ვარ, ვინც წლების წინ საკუთარი სახლი დაკარგა. დაკარგა ურთიერთობების დიდი ნაწილი, კარიერა, ოცნებები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები. გაუწყდა საქმე, რომელშიც წინ მიდიდოდა. მე ძლიერი ქალების საოცარ გარემოცვაში ვარ, რომლებმაც საკუთარი ომი გამოიარეს!


ამ აქციასაც ალბათ, ბევრი ჩვეულებრივი ადამიანი, უსათუოდ გადადებდა უამინდობის გამო, მაგრამ „სოხუმელები“ არ შეეპუენ. მომწონდა მათი თავგანწირვის გაზიარება, მაგრამ სულ სხვა სიღრმე აქვს მათ ყოველდღიურობას, ჩემი აქტიურობის მიუხედავად. მათ სულიერ ტკივილებთან ვერ მივა ვერაფერი. მათ მოლოდინებთან და დაბრუნების უწყვეტ განცდასთან, ყველა ჩვენი წვრილმანი დარდი - ნამცეცია.


ქალთა ფონდ „სოხუმის“ აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავიდან დაიწყო ცხოვრება! მონოლითურობაც და სოლიდარობაც ამიტომ აქვთ განსაკუთრებული...
ვალია დეიდა სოხუმის ბაზრის ნაცვლად ახლა ქუთაისის ბაზარში დადის და მეუბნება, რომ იქაური ბაზარი მაინც სულ სხვააა.. უკვე 30 წელია თითქმის.. მანამდე მწვანე და წითელ აჯიკას, ტრადიციულად, „სოხუმპრიბორის“ ქარხნის გოგოებისთვის აკეთებდა, ახლა მხოლოდ ამ სტაფილოსფერ სახლს ქვია „სოხუმი“ - ჩვენს აყვავებულ და მოვლილ თავშესაფარს მგალობლიშვილის #6 -ში, სადაც ვალიჩკას და მანიკოს ბევრად უფრო პატარა და კოკროჭინა სამზარეულო აქვს.
ძირითადად სოხუმს და გაგრას იხსენებენ ჩვენი ნიჭიერი დევნილები. ქალები, რომლებმაც საკუთარი ინტელექტით, გამოცდილებით და არდანებებით, ქუთაისში პატარა „სოხუმი“ გააჩინეს.


აქ სხვა კულტურის მეტყველება ისმის, ამ ოფისში ხმაურით არავინ აბეზრებს ერთმანეთს თავს. სამუშაო მაგიდასთან ჯდომაც კი მოწოდებისაა - სხვა შემართების. შესვენებამდე არავინ შედის სამზარეულოში. სადილობისას სულგუნი ურჩევნიათ იმერულ ყველს და გებჟალიას და ელარჯს უკითხავენ ერთმანეთს.

ყავა სოხუმურად - აქაური განწყობაა!

ალლა გამახარიამ, ჟანა ჭაბუკიანმა, მერი გელაშვილმა და ნანული რამიშვილმა, ქუთაისს, საკუთარი წილი „სოხუმი“ აჩუქეს ათეული წლების წინ. მათ შორის, მხოლოდ ულამაზესი ქალბატონი ჟანა აღარ არის ცოცხალი.

ქალები სხვა ცხოვრებიდან, ძლიერები, გონიერები, დელიკატურები, წარმატებული ოჯახების დიასახლისები და რესპექტაბელურები - ზუსტად ასეთია „სოხუმის“ გუნდი! თითქოს საზღვარზე - ქუთაისურ და სოხუმურ თავმოწონებაში.
ისინი ყოველ დღე, სამშვიდობო პროგრამებიდან დაწყებული, არ იღლებიან სხვების გვერდით დგომით და ნამდვილი ისტორიების შექმნით სოფლებში და ქალაქებში. საკუთარი თვალით და გრძნობით მაქვს ათვლილი ეს ისტორიები.. მცირე ნაწილი მაინც.


ფილოლოგებიც საუკეთესოები არიან და ჟურნალისტებიც. ყველა წარმატებულია აკადემიურ წერაში, რაც ასე დეფიციტია გარშემო. მენეჯმენტიც მყარ ხერხემალზეა, ადმინისტრაციაც, ფინანსური დისციპლინაც და ლოჯისტიკაც. ყველგან შერეული, ტროპიკული ინტონაცია გხვდება ყურზე და ეს „სოხუმიც“ გიყვარს.

ამ ქალების გვერდით და ამ ქალების ერთობით ჩავატარეთ 20 ივნისი.

გადაუღებელ წვიმაში - და მაინც წელგამართულად. კოლოსალური რაოდენობის საგამოფენო სტენდებით - 25 წლიანი მუშაობის ფოტოისტორიით, ახალი იდეებით და განსაკუთრებული სტუმრებით, დიდებით და პატარებით, ტენტებით და თეჯირებით, სოხუმური ყავით და დღის სარეაბილიტაციო ცენტრის „შედევრებით“ (ყველა ავტორის პერსონალურ განცდას რომ იტევს).


ეს ბლოგი ჩემს ქალებზეა ფონდ „სოხუმიდან“...


მინდა ყველამ იცოდეს ცოტა რამ მაინც მათ შესახებ და „სოხუმურ“ წესრიგზე/ხარისხზე/ ქუთაისში...

ძლიერი ქალები მშვიდობისთვის, ძალადობის პრევენციისთვის, მსხვერპლთა ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის, ახალგაზრდებში ყველა ამ ღირებულების პოპულარიზაციისთვის - მგონი ყველაზე ამოუწურავი პერსონაჟების გუნდია ჩემი ბლოგებისთვის..


„სოხუმი“ ქუთაისის ერთ ლამაზ ქუჩაზე.
Made on
Tilda