ოლია




ქალები უკრაინიდან

ავტორი
ლალი შენგელია

12 აპრილს უკვე საქართველოში იყო ოთხივე: ოლია, მისი შვილები - ოლია და ნიკოლაი და ნათლული - ალიონა.

- ჩვენ დნიპროში ვცხოვრობთ. ჩვენთან ომი არაა, მადლობა ღმერთს, ომი არ გვინახავს, მაგრამ ირგვლივ ომია, ალყაში ვართ. ამიტომაც დიდი პანიკა იყო. გადიოდნენ ქალაქიდან ქალები და ბავშვები. ჩვენც წამოვედით, - ამბობს ოლია.
საქართველო აირჩიეს. საიმედო მასპინძელი ეგულებოდათ ხარაგაულში - სამი წელია, აქ ცხოვრობს ოლიას და, ქართველების რძალი.

მანამდე ვარშავამდე იარეს ავტობუსით, იქიდან - თვითმფრინავით ქუთაისამდე. მარტივი არ იყო, თუმცა რა სალაპარაკოა, როცა გზად არც სროლები უნახავთ და არც შიში.

მადლობა ღმერთსო, ხშირად იმეორებს ოლია და მართლაც ბედნიერებაა, ისე წამოხვიდე ომში გახვეული ქვეყნიდან, რომ ომი არ ნახო...

ჩამოვიდნენ იმერეთის სიმშვიდეში, სიმწვანეში...

დიდებული მასპინძლობაც გაუწიეს, მაგრამ მაინც ვერ ისვენებს ოლია, ფორიაქობს. მეუღლე, ძველი მეშახტე, სახლში დარჩა. დედაც ხერსონში ჰყავს: სარდაფში არიან უმეტესად, არც წყალი აქვთ, არც შუქი...


დანგრეულ-გადამწვარი ქალაქები და სოფლები, დაღუპული ადამიანები, გაურკვევლობა - სადარდებელი ბევრი აქვს.

თუმცა ცდილობს, აღიქვას იმერული გაზაფხულის ფერადოვნება. შარშან ქალიშვილი ჩამოსულა ხარაგაულში, დეიდასთან ერთად ბევრგან ყოფილა, მოსწონებია აქაურობა და დედას ეხვეწებოდა, წამოსულიყვნენ ზაფხულს. აი, ჩამოვიდა კიდეც. ოღონდ ასეთ ჩამოსვლას არ ელოდა...

ახლა ქუთაისში ცხოვრობენ. ამას საინტერესო ამბავი უძღოდა.

ოლიას ნათლულს ალიონას უკრაინაში დაბადებული ქართველი საქმრო ჰყავს. საქართველოში არასოდეს ყოფილა, თუმცა ნათესავები ჰყავს აქ. და სწორედ სასიძოს ახლობლებმა გადმოიყვანეს ქუთაისში ალიონა და მისი ნათლიის ოჯახი. ქართველ საქმროზე უფრო ადრე უკრაინელი ალიონა ჩამოვიდა საქართველოში და უკვე აქაურობის შეყვარებაც მოასწრო.

ოლიას და მის ვაჟს ნიკოლაის ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში, ფსიქოლოგ მანანა გოცირიძის ოთახში შევხვდი - თვითონ მოვიდნენ ჩვენთან. ველაპარაკეთ, მათ ტკივილს ჩვენი ტკივილიანი მოგონებები შევაგებეთ, დარდის შემსუბუქებას, დაიმედებას შევეცადეთ, პატარა ნობათი გავუმზადეთ. ტანსაცმელი რომ შევთავაზეთ, არ გვინდა ახლა და ეგებ ვინმე სხვას უფრო სჭირდებოდესო. პროდუქტების წაღებაც ერიდებოდათ, ვიცნობთ ერთ უკრაინულ ოჯახს და გავუყოფთო. ვუთხარით, რომ ეს მათია და ჩვენ სხვებსაც დავეხმარებით.

ოლიას ქალიშვილი ონლაინ სწავლობს და მუშაობს, ვაჟიც ინტერნეტგაკვეთილებს ესწრება.


ნიკოლაის რამდენიმე სიტყვა უსწავლია ქართულად: მადლობა, ნახვამდის. ერთი შეკითხვა გაუჩნდა: გამარჯობა გავიგე, მისალმებაა... მაგრამ გაგიმარჯოს რას ნიშნავსო. გაუკვირდა, როცა გაიგო, ჩვენი გამარჯობა და საპასუხო „გაგიმარჯოს“ გამარჯვებას რომ ნიშნავს, რომ გამარჯვება მუდმივად ომში მყოფი ქართველისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო და მისალმებადაც იქცა...

ეს ოთხი უკრაინელი მშვიდადაა გაზაფხულის მშვიდ და თბილ ქუთაისში. აქედან ბევრი ოჯახი ევროპაში გაფრინდა, ისინი კი:

- სახლში, მხოლოდ სახლში, - ამბობს ოლია. - სხვაგან არსად არ მინდა. იქაა ჩემი ოჯახი, იქ მყავს ახლობლები. მაქვს სამსახური, კარგი კორპორაცია, კარგი თანამშრომლები. ფიქრით სულ იქ ვარ, მენატრება ყველა და ყველაფერი, ღმერთს ვევედრები, რომ მალე შევძლოთ შინ დაბრუნება.


როგორი ნაცნობი განცდაა და როგორ მინდა, ჩვენსავით უსასრულოდ არ გაგრძელდეს მათი შინდაბრუნების ნატვრა. რომ მალე გაიმარჯვოს უკრაინამ და ყველა უკრაინელი დაბრუნდეს შინ - ყველაზე განსაკუთრებულ ადგილას...
Made on
Tilda