ნატალია



ავტორი


ლალი შენგელია

ომმა ბედნიერება აპოვნინა - უფრო სწორად, დაუბრუნა...

ჩემს წინ ზის: ლამაზი, ღიმილიანი და გულახდილად მიზიარებს თავის ტკივილსაც და სიხარულსაც...


სულ ძველი ამბებით დავიწყებ:

ნატალია სერაია დაიბადა და ცხოვრობდა უკრაინაში, კიროვოგრადის ოლქში. პროფესიით ტურიზმის მენეჯერია და გიდად სტაჟირება გაიარა თურქეთში. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე - ისიც სტაჟირებაზე იყო, როგორც მთარგმნელი თურქულიდან.


ერთად მოუწიათ მუშაობა, დაახლოვდნენ, მოეწონათ, შეუყვარდათ ერთმანეთი და მალე დაქორწინდნენ კიდეც.


ნატალიას მეუღლე ქართველია. დედა რუსი ჰყავს, რუსეთში დაიბადა და იქ ცხოვრობდა.


- მეც გადავედი საცხოვრებლად რუსეთში, კრასნოიარსკში. ქალიშვილი შეგვეძინა. სამის იყო, როცა მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს დავცილდით, თუმცა ერთმანეთთან კავშირი არ გაგვიწყვეტია. არც მე გავთხოვილვარ და არც იმას მოუყვანია ცოლი. ერთმანეთთან გვაკავშირებდა პატარა ლიზა, რომელიც ხან ჩემთან იყო, უკრაინაში, ხანაც მამასთან - რუსეთში. რაც აქვს ჩემს ქმარს, ეს არის საოცარი ქართული ხასიათი - სიყვარული შვილისადმი, ერთგულება, პასუხისმგებლობა.

ომმა ბავშვს რუსეთში მოუსწრო. ნატალიას გაუხარდა კიდეც, რომ ბავშვი არ ჰყავდა ომით გარემოცულ ქვეყანაში. მის მეუღლეს ომი არ უნდოდა, მაგრამ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც პროტესტის გამოხატვა საშიშია. ამიტომ გადაწყვიტა წამოსვლა იქიდან. მამამისი წარმოშობით კახეთიდან იყო, მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, არავინ ჰყავთ ახლობელი. მაინც აქეთ გამოემგზავრა - ქუთაისთან ახლოს მეგობარი ჰყავს და იმან ურჩია აქ ჩამოსვლა.

შვილი რომ საქართველოში ეგულებოდა, რა თქმა უნდა, ნატალიაც საქართველოში ჩამოვიდა - ლიზასთან. თუმცა არ იცოდა, რა გაეკეთებინა: უკრაინაში წაეყვანა, თუ დაეტოვებინა მამასთან.

- თებერვალში ჩამოვედი საქართველოში. შევხვდით ერთმანეთს. და ისე მოხდა, რომ შევრიგდით. ბედნიერია ლიზა, რომ ისევ ერთად ვართ. მივხვდი, რომ ჩემი ყოფილი და ახლანდელი ქმარი მეც მიყვარს. უერთმანეთოდ გატარებული წლებიც გვიყვარდა ერთმანეთი. და აქ, საქართველოში, ხელახლა ვიპოვეთ ერთმანეთი.
ნატალია რუსეთში ცხოვრობდა რამდენიმე წელი, მაგრამ გაუჭირდა შეგუება, მშობლიურად ვერ გაიხადა ეს ქვეყანა. ყველა უკრაინაში ჰყავს: დედა, ძმა, ნათესავები, ახლობლები, კლასელები, კურსელები, მეგობრები. ახლაც ძალიან ჯავრობს მათზე. განსაკუთრებით კი - ოჯახის წევრებზე. ძმა 17 წლისაა, სტუდენტია და ვერ წავა ქვეყნიდან. დედა კი დაითანხმა და ჩამოვა ცოტა ხნით. ქალაქი, სადაც დედა ცხოვრობს, არ არის ოკუპირებული, შედარებით სიმშვიდეა, მაგრამ როგორც მთელ უკრაინაში, იქაც არის საშიშროება. დედა არ ტოვებს სახლს, არ უნდა იქიდან წამოსვლა.


ნატალია საქართველოში ცხოვრებას თანდათან მიეჩვია. მეუღლე ონლაინ ახერხებს მუშაობას. ბავშვი სკოლაში დადის. თავისუფალ დროს საინტერესო ადგილებში დადიან და ნატალიას ფეისბუქგვერდზე ჩნდება ქუთაისის, წყალტუბოს, მარტვილის ლამაზი ფოტოები და ასეთი სიტყვები:

То, что поражает воображение…
Невероятная Georgia!
Гостеприимная наша Georgia❤️❤️❤️
Рекомендую к посещению! Очень красивое место! Очень!

ქართველ ქმარ-შვილთან ერთად ნატალიაც ბედნიერია საქართველოშია, იღიმის, თუმცა ასეთ სიტყვებსაც ამბობს: „მთლად არ დაეჯერება ღიმილს. ღიმილი თავდაცვაა - როცა გვტკივა, მაშინაც ვიღიმით. ძლიერი ხალხია უკრაინელები! ძალიან რთული მდგომარეობაა, მაგრამ არ ნებდებიან... მჯერა, გამარჯვება დადგება... მშვიდობა იქნება და ნამდვილი ღიმილიც გვექნება სახეზე.
ნატალია სერაია ნოვომირგოროდიდანაა. მირ მშვიდობას ნიშნავს, გოროდ - ქალაქს. მშვიდობის ქალაქიდანაა ეს სიმპათიური ახალგაზრდა ქალი და მშვიდობა უნდა თავისი ქალაქისთვის, ქვეყნისთვის და საქართველოსთვისაც, რომელიც მშობლიურივით შეუყვარდა...

Made on
Tilda