ნატალია




ქალები უკრაინიდან

ავტორი
ლალი შენგელია

მეათე სართულზე ცხოვრობენ და მაღლიდან გარკვევით ჩანდა, როგორ ისროდნენ შორს, როგორ ბომბავდნენ...


საშინელება იყო ამის ყურება ყოველდღე, განსაკუთრებით ღამით...

შიში დიდი იყო, მაგრამ არ უნდოდა ქალაქის, ოჯახის დატოვება.

ქმარმა დააძალა: რამე რომ მოხდეს, მე მარტო უფრო გავალ აქედან, თავს ვუშველი, თქვენთან ერთად კი ვერაფერს ვიზამო...

შეეხვეწა: წადით, თქვენი ჯავრი მაინც არ მექნებაო...

უცებ გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, როგორც ბევრს, ნატალიასაც პოლონეთიდან მოუწია წამოსვლა.


ახლა ოდესიდან ქუთაისამდე გამოვლილი გზა მარტივად ეჩვენება. დიდი სირთულეები არ იყოო, ამბობს. თუმცა არ იყო ასე. ყველაზე მტკივნეულად ახსენდება ბავშვის ბევრჯერ დასმული კითხვა: მამა სადაა?

ქუთაისში შემთხვევით არ ჩამოსულა. აქ მეუღლის ბებია ცხოვრობს. ორ თვეზე მეტია, ნატალია გლაზოვა აქ არის თავის პატარა მიხეილთან ერთად. გახარებულია ელენე ბებო, გამოცოცხლდა სახლი. ხან ნატალია აკეთებს უკრაინულ ბორშს ან ფარშირებულ თევზს და ბებოს წინაშე იწონებს თავს. ხანაც ბებო ანებივრებს ქართული/იმერული კერძებით.


ნიგოზია ჩემი აღმოჩენააო, ამბობს ნატალია. ვერასდროს წარმოედგინა, ნიგვზით ამდენი გემრიელობის გაკეთება თუ შეიძლებოდა...

მშობლები უკრაინაში არიან. მეუღლეც. ბევრ რამეზე ფიქრობს და ედარდება იქაურობა. რა თქმა უნდა, კავშირი აქვს ყველასთან, მაგრამ მაინც ძნელია განშორება...

ისიც ადარდებს, თვითონ რომ აქეთ წამოვიდა და ადამიანები ომში არიან. უხერხულობა აქვს, აქ მშვიდად და კარგად რომ არის...

მთლიანად ბავშვზეა გადართული. პატარაა ჯერ, მაგრამ უკვე იცის, რომ ომმა დააშორა ოჯახს, თავის ლამაზ ქალაქს. თუმცა ქუთაისიც ძალიან შეუყვარდა.
ოდესაში რომ ცხოვრობდა, მიხეილი საბავშვო ბაღში დადიოდა, უშუზე, ფეხბურთზე. აქაც დადის საბავშვო ბაღში და კიდევ - კარატეს სექციაზე.
როგორ ურთიერთობს ბავშვებთან?

მერე რა, რომ ქუთაისელმა ბავშვებმა არ იციან უკრაინული და რუსული, ან მიხეილმა არ იცის ქართული. უფროსებისგან განსხავებით, ბავშვებს მარტივი საკომუნიკაციო ენა აქვთ. ერთმანეთის ძალიან კარგად ესმით და ხელს არ უშლით ერთმანეთის სიყვარულში.

ბაგა-ბაღ „მზის სხივებში“ პატარა მიხეილს ლამაზი ზეიმი მოუწყვეს, საჩუქრებიც გადასცეს. ბაღის ფეისბუქგვერდზე ნატალიამ მადლობის სიტყვებიც დაწერა:

„მსურს გითხრათ უდიდესი მადლობა თქვენი კეთილშობილი გულებისათვის, ჩვენი ოჯახისათვის რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და გვერდით დგომისათვის. უფალს სიხარულითა და ბედნიერებით აევსოს თქვენი გულები. გისურვებთ მშვიდობასა და ჯანმრთელობას“.

მიხეილი ჯერჯერობით ქუთაისური ცხოვრებით ცხოვრობს. უკვე იცის საყველპურო ქართული, აუცილებელი სიტყვები. ქუთაისელი ბავშვები კი საპასუხოდ რუსულს სწავლობენ.

- როგორი ბავშვები არიან! ბავშვობიდან, დაბადებიდან ეტყობათ სასწაული ხასიათი. გახსნილები, თბილები, მეგობრულები, - კმაყოფილებით ამბობს ნატალია თავისი შვილის მეგობრებზე.

არ იცის, რამდენი ხანი დარჩება აქ. ღმერთმა ქნას, მალე მშვიდობით დაბრუნდნენ ოდესაში და დედა-შვილის მეხსიერებას თბილად დააჩნდეს ქუთაისური სითბო და სიყვარული...
Made on
Tilda