ნადეჟდა



ავტორი


ლალი შენგელია
პოლოგი ქალაქია ზაპოროჟიეს ოლქში. მშვიდობიან დროს აქ 20 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მუშაობდა, უყვარდა, ოცნებობდა...

ხონისხელა ქალაქიაო, ნადეჟდამ: ქალაქიან-სოფლიანად თუ ვიგულისხმებთ, კი გამოდის ხონი მაგხელა.

ხონს და პოლოგის ტყუილად არ ადარებს ერთმანეთს, ხონის ერთ სოფელში ჩამოვიდა შარშან, დეკემბერში. ნადეჟდა ტუროვეცს გაუმართლა - მათხოჯში ეთერი ელოდა, თავისი დეიდაშვილი. მათხოჯი უშნოს, უსახურს ნიშნავს, მაგრამ საკმაოდ ლამაზი სოფელია, როგორც ყველა სოფელი საქართველოში.

ლიდა დეიდა ქართველის ცოლი იყო და აქ ცხოვრობდა. ზაპოროჟიეში ზაფხულობით ჩადიოდა, თავისი ქალიშვილი ეთერიც ჩაჰყავდა და გოგონას ბავშვობიდან ჰქონდა უკრაინელი ნათესავების სიყვარული. ამიტომ ომის დაწყებიდან ურეკავდა ნადეჟდას და ჩამოსვლას სთხოვდა...

საქართველოში ჩამოსვლამდე რთული დღეები გამოიარა ნადეჟდამ.
შარშან, 24 თებერვალს დაიწყო ომი უკრაინაში. პოლოგიში რუსები 4 მარტს შევიდნენ. სარდაფში იყვნენ უშუქოდ, უწყლოდ. მოილაპარაკეს კაცებმა და მოჰქონდათ პური. მართალია, მესამედს გზაში რუსები ართმევდნენ, მაგრამ მაინც ხეირი იყო. ერთმანეთს ეხმარებოდნენ და გადაიტანეს ის დღეები.

მერე ბავშვი გაუხდა ავად - გაცივდა 5 წლის მარკი, ბრონქების პრობლემა ჰქონდა. არც წამალი, არც აფთიაქი. დაიწყო ფიქრი წამოსვლაზე. ორი გზა იყო - პოლონეთში, ქალიშვილთან და აქეთ - საქართველოში.

მარტის ბოლოს საკუთარი მიკროავტობუსით ჩავიდნენ ლვოვამდე. გაიარეს სამხედროების ბლოკპოსტები. იყო დათვალიერება, შემოწმება. მაგრამ გამოასწრეს. მერე უფრო გართულდა მიმოსვლა, გამკაცრდა ყველაფერი, გამხეცდნენ ჯარისკაცები... ბოლოს საერთოდ დაკეტეს გზა, მანქანები წაართვეს ხალხს.
ნადეჟდა პატარა მარკთან ერთად ლვოვში სამხედრო ნაწილთან ახლოს დაბინავდა და დაბომბეს იქაურობა. გადაურჩნენ ამ განსაცდელსაც. მერე პოლონეთში წავიდა ქალიშვილთან. იქ დიდხანს ვერ გაჩერდა და ისევ ლვოვს დაუბრუნდა.
ეთერი კი რეკავდა და რეკავდა საქართველოდან, ჩამოდით, რატომ ხართ იქ, რატომ იგდებთ თავს ხიფათშიო.

ბოლოს გადაწყვიტეს წამოსვლა. პოლონეთიდან გადმოფრინდნენ (მეუღლე უკრაინაში დარჩა).

ვლაპარაკობთ აქეთურზეც და იქეთურზეც. როცა უკრაინას იხსენებს, ეტირება, ნერვიულობს:

„ერთი თვე ვიყავით ჩვენს პატარა ქალაქში. როგორი წარმოსადგენია? დილით იღვიძებ და ეზოში ტანკები დგას. გადიხარ და არ იცი, რას გიზამენ, გადარჩები, თუ ტყვიას დაგახლიან ზურგში. ვიცი, რომ თქვენ აფხაზეთიდან ხართ, ვიცი, რომ ბევრი გადაიტანეთ, მაგრამ ოკუპაცია იცით? ოკუპაციაში ცხოვრებას არავის ვუსურვებ, ეს საშინელებაა!

გვამები ეყარა ქუჩაში, ბავშვი მოვიდა ბებიის ცხედრის წასაღებად და არ მისცეს.
საძარცვად არიან რუსები მოსულები. პირველად ვინც მოვიდა, წაიყვანეს მანქანები, მოტოციკლეტები, ველოსიპედები, გაიტანეს ტექნიკა. მეორე ჯგუფმა წაიღო ავეჯი, ჭურჭელი და რაც დარჩა და მოეწონა. მერე - მესამე და ასე... ყველაფერი მიაქვთ: ნახმარი ტანსაცმელი, უნიტაზები...
სკოლაში დაამტვრიეს დაფები, მერხები, ყვავილების ქოთნები გარეთ გაყარეს და გააფუჭეს...

45 წლის ვარ და რაც ვიშრომეთ, ვიშოვეთ, ყველაფერი დაიკარგა. რომც დავბრუნდე, სად მივიდე? ირგვლივ არაფერი არ არის, ქალაქში თითქმის არავინაა დარჩენილი. ჩვენს გვერდით ულამაზესი მარიუპოლი არ არის, ყველაფერი განადგურებულია... მიწა მიწას არ ჰგავს, მოსავალი რომ მოიყვანო... ვერ ვიტან რუსებს. უამრავი ადამიანი დახოცეს, დაგვაქციეს, ააოხრეს ქვეყანა...“
ძნელი მოსასმენია ეს ყველაფერი. ვცდილობ, დავამშვიდო და აქეთურზე ვალაპარაკო:

„კარგი ვქენი, რომ ჩამოვედი საქართველოში. წავიდე, არ წავიდე? დიდხანს ვყოყმანობდი, მაგრამ მაინც იძალა წამოსვლის აზრმა. მე მათხოჯში ვცხოვრობ, ეთერის სოფელში. დიდი ოჯახი აქვს ჩემს დას (двоюродная сестра - ასე ეძახიან რუსულად დეიდაშვილს, ბიძაშვილს, მამიდაშვილს - და ნადეჟდაც დას უწოდებს თავისზე 15 წლით უფროს ეთერს). მე და ჩემი ბიჭუნაც დავემატეთ, ერთად ვშრომობთ, ვეხმარები ყველაფერში. კარგად ვართ, მთელი სოფლისგან ვგრძნობთ სიყვარულს და სითბოს. ყველა გვიცნობს. მარკს ძალიან მოუხდა აქაურობა. ლვოვში და პოლონეთში სულ ავადმყოფობდა - სულ წამლებზე ვიყავით. აქ კი, მადლობა ღმერთს, ჯანმრთელადაა.

ძალიან ლამაზი ბუნებაა თქვენთან: კარგი ჰაერი, მდინარეები. არ გეწყინოთ, მაგრამ გული მწყდება, რომ ნაგავია ქუჩებში. ჩვენთან ასე არ დაფრინავდა პაკეტები ჰაერში. ეზოები, ქუჩები - ყველაფერი წკრიალებდა. ულამაზესი იქნებოდა აქაურობა, ასე რომ იყოს.

არაჩვეულებრივად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი ხართ... ძალიან გამოირჩევით ჩვენგან. სხვისი ბავშვის გარჩევა არ იცით, საკუთარივით ეფერებით და მზრუნველობთ. სითბოს გამოხატავთ სასწაულად. ნათესაობა იცით, მეზობლობა. ერთმანეთთან ძალიან ახლოს ხართ. ჩვენთან სხვის ბაღში ვერ მოწყვეტ ყვავილს, ამას სკანდალი მოჰყვება, შეიძლება პოლიციაც გამოიძახონ. აქ კი ეს ჩვეულებრივი რამაა. აქ სამოთხეა, კურორტზე ვარ.“

თავის დიდ ტკივილსაც მიმხელს: „სახლში მინდა. მაგრამ დავმარხე სახლის თემა ჩემში. იქნება? იქნება. არ იქნება და სხვა გზას ვეწევი. არ შემიძლია ამდენი დარდი, ბავშვზეც ძალიან ცუდად მოქმედებს. ბავშვს ჯანმრთელი, ლაღი დედა უნდა და უნდა ვიპოვო ეს ძალა ჩემში“.

„ნადეჟდა“ იმედს ნიშნავს.

იცის ეს ნადეჟდამ და იმედიანად უყურებს ცხოვრებას...

Made on
Tilda