მედეა, როგორც გენდერული დეზინფორმაციის არქეტიპი

ავტორი
ზეკო ხაჩიძე

როცა დავიწყე გააზრება იმის, თუ რას ნიშნავს „გენდერული დეზინფორმაცია“, ან როგორ ვილაპარაკო მის მავნებლობაზე ადამიანური ენით, იმ წუთიდან ვერ ამოვიგდე მტანჯველი ფიქრი მედეაზე. ზუსტად იმ მედეაზე, აიეტის და იასონის, ჰელიოსის შთამომავლის, მზის ღმერთის ღვთიური ნაწილის, რომელიც ევრიპიდეს ტრაგედიიდან დაწყებული, ან შეიძლება უფრო მანამდეც, ასე აღელვებს სამყაროს.
თითქოს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. ბლოგის თემატიკა, მედეაზე აზრის ჩემებური წვალება და სოფიო შამანიდის ახალი წიგნი „აუტანელი” ქალები/აუტანელი კაცები“, რომელიც, რა თქმა უნდა, ქალების ნაწილში შეუდარებელი მედეას პერსონაჟით იხსნება.
დღემდე არ ნელდება კამათი შვილების მკვლელ ქალზე, რომელმაც მოღალატე ქმარზე შურისძიების ეს წარმოუდგენლად სისხლისგამყინავი ფორმა აირჩია. ყველა „მედეას“ შორის, ყველაზე „მედეა“ მაინც ევრიპიდეს ავტორობით რჩება.
გენიალურ ტრაგიკოსს, ევრიპიდეს, ქალთმოძულეობა, ანუ მიზოგინია - სექსიზმის უკიდურესი ფორმა, რომელიც გულისხმობს ქალების მარგინალიზაციას, დისკრიმინაციას, დამცირებას, უფლებების შელახვას, სექსუალურ ობიექტად განხილვასა და მათ მიმართ ძალადობას, ჯერ კიდევ „გენდერული დეზინფორმაციის“ ტერმინად დაბადებამდე, გაცილებით ადრე დასწამეს. ან, არ დასწამეს და ნამდვილად იყო. არისტოფანეც ხუმრობს ამაზე და ბიოგრაფიაც ავლენს მის უკარება ხასიათს, ან ცხოვრების უცნაურ წესს, მაგრამ არც ესაა საკმარისი რეალობის დასადგენად, რადგან იგივე ევრიპიდე ათქმევიებს მედეას ამ საოცარ სიტყვებს, რომელიც სუფრაჟისტების და ფემინიზმის ერთგვარი მანიფესტივით ჟღერს:
„ყველა მათ შორის, ვინაც სუნთქავს და ვინც აზროვნებს, გამოვირჩევით უბედურებით ჩვენ ქალები.
ჯერ ხომ არის და ქმარი უნდა ვიყიდოთ ერთობ მაღალი საფასურით, მერე იგი ვიქციოთ
სხეულის განმგებლად, ტკივილად ეს მეტია. მთავარია კი, ვის გავყევით, ცუდსა თუ კარგ კაცს?
რადგან ქალისთვის გაშორება სასირცხვილოა, ხოლო მერე ქმრის დაწუნება შეუძლებელი.“
არავის, ქალის ბუნების ძალა და სიშმაგე ისე არ აღუწერია, როგორც ევრიპიდეს.
ის, რითაც დიდი შემოქმედება და დიდი ლიტერატურა ბრწყინავს, ყოველდღიურობისთვის სახიფათო აღტაცებაა. მედეას ტრაგედია ერთ-ერთი უპირველესია მათ შორის. ალბათ ამიტომ სჭირდება დღემდე მგრძნობიარე საზოგადოებას კამათი იმაზე, მართლა მოკლა თუ არა შვილები კოლხეთიდან გაქცეულმა მეფის ასულმა? რატომ არსებობს ვერსიები კორინთოელებისგან ევრიპიდეს მოსყიდვაზე ხუთი ტალანტით იმისთვის, რომ მათგანვე ჩაქოლილი ბავშვების სიცოცხლის დასრულება, მედეასგან/დედისგან შვილების დახოცვის შეთხზული ამბით ჩამოერეცხათ? რომელია აქედან მართალი, ან ტყუილი? ან როგორ დაუწყვილა საუკუნეების მერე დანტე ალიგიერმა შვილებისმკვლელი ქალი, თანაც არაბერძენი, საიქიოში მათ უპირველეს გმირს - აქილევსს, სამარადისოდ? დანტემაც გენდერულ დეზინფორმაციაზე ხომ არ დადო მისი მწერლური ფსონი?
კარგი, თავი დავანებოთ იმ მარადიულ სასამართლოს, რომელიც ხელოვნების არცერთი ენით მედეას პერსონაჟზე ჯერ არ დასრულებულა.
არის თუ არა გენდერული დეზინფორმაციის კიდევ ერთი მეთოდის -„სლატშეიმინგის“ კალსიკური მაგალითი მედეას უკიდეგანო რისხვაში დადანაშაულება მაშინ, როცა სხვა ქვეყნის შვილს (მედეას), ქმარი (იასონი)- ერთადერთი თანამდგომი უცხო ქვეყანაში, ბოლომდე წირავს უსასოობისთვის, უმეგობრობისთვის, ღალატისთვის, ჭკუიდან გადასვლისთვის მარტო იმიტომ, რომ ტახტის მიღება უნდა კრეონის ქალიშვილის საკმაოდ არადამაჯერებელი შეყვარების ვერსიით?
ევრიპიდეს „მედეას“ მერე ბევრჯერ გაიბრძოლა პროგრესულმა, თანასწორობის მოყვარულმა საზოგადოებამ მსოფლიოს ქუჩებში, თეატრებში, გალერეებში, წიგნებში, ფილმებში.. მაგრამ მედეა ოც საუკუნეზე ბევრად მეტია მაინც დგას ასე, ნახევრად ღმერთი - ნახევრად სიმართლეში განკითხული ან განსაკითხი, როგორც შვილების მკვლელი, მაშინ, როცა სამყაროს ამდენი ენერგია არ დაუხარჯავს ჰერაკლეზე, ჰერას წყევლით დაბნელებულმა, საკუთარი შვილები რომ დახოცა.
„ოო! ევრიპიდე, ევრიპიდე, არ უწყი თავად, რას უმზადებ ადამის მოდგმას, დედას რომ შვილებს აკვლევინებ, მამას ღალატის ბუდედ სახავ და ზნედაცემულთ ტრაგედიის გმირებად აქცევ“ - ამბობს მედეა პიესაში „მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ“.
ქართველი ქალების დიდი ნაწილი საბერძნეთში ცხოვრობს და შრომობს: "ჩვენ, ემიგრანტებს, ნერვებად გვიჯდება, როდესაც ბერძნული ტელევიზიები შვილის სიკვდილში დამნაშავე დედებს ჩვენს მედეას უკავშირებენ. გამოდიან და გაიძახიან: "ესეც ახალი მედეა გამოჩნდა, შვილების მკვლელიო! ასეთ დროს, პირადად მეც მზად ვარ მედეას სახელი საკუთარი სიცოცხლით დავიცვა."- წერს ქართველი ემიგრანტი, ფილოლოგი ლალი მოთიაშვილი „კვირის პალიტრის“ ონლაინ გამოცემაში (2024, 31 მარტი). ამით ვცდილობ, ავხსნა რა ახალია, რა დღევანდელია ის ტკივილი, რა შედეგებსაც ტოვებენ ევრიპიდესნაირი ბუმბერაზი ავტორები. და, რადგან გენდერული დეზინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში, ქალების წინააღმდეგაა მიმართული და გენდერული სტერეოტიპებისა და მიზოგინიის საშუალებით საზოგადოებაში ქალების შესაძლებლობების მიმართ უნდობლობას აღვივებს, მედეა ამის კლასიკური, თითქმის უკვდავი არქეტიპია.

Made on
Tilda