მარინა




ქალები უკრაინიდან

ავტორი
ლალი შენგელია

შეხვედრამდე ვიცნობდი. ჩემი ახლო ადამიანი ირინა გელენიძე მიყვებოდა, ჩემი კლასელია, ხარკოვში ცხოვრობდა და ომის გამო დაბრუნდაო.
მარინა გოლობოროდკო ვარო, რომ მითხრა, მაშინვე გამახსენდა.
ჩვენთან იყო მოსული, ფონდ „სოხუმში“. ქალები, ჩვენთან რომ მოდიან, ყოველთვის ჩქარობენ ხოლმე. ზოგი უარსაც კი ამბობს ინტერვიუზე. მარინას რომ ვკითხე, დრო თუ გაქვთ-მეთქი, ჩემდა გასაოცრად, ასე მიპასუხა:
- არსად არ მეჩქარება, ისეთი ცხოვრებაა, სად უნდა ვიჩქარო...
მისი ბიოგრაფია მოკლედ რამდენიმე წინადადებაში შეიძლება ჩავატიო:
უკრაინელია, ბავშვობა საქართველოში გაატარა. მერე დაბრუნდა უკრაინაში, გახდა ექიმი, მუშაობდა. ახლა ისევ ჩამოვიდა ბავშვობის ქალაქში.
მამა სამხედრო ექიმი იყო. წლების განმავლობაში მსახურობდა საქართველოში და ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ახალქალაქში, თბილისში, ქუთაისში. მარინა ქუთაისის მე-13 სკოლაში სწავლობდა ძმასთან ერთად.
14 წლის იყო, ხარკოვში რომ დაბრუნდნენ. იქ დაამთავრა და-ძმამ სამედიცინო ინსტიტუტი.
პოლიკლინიკაში მუშაობდა. ოჯახი შექმნა, ბედნიერად ცხოვრობდა ხარკოვში. ომმა შეცვალა ყველაფერი.
შარშან 16 სექტემბერს ჩამოვიდა და-ძმა საქართველოში.
ქუთაისში ყოველთვის უნდოდა ჩამოსვლა, მაგრამ ვერასოდეს მოიცალა. სოციალური ქსელებით კავშირი ჰქონდა კლასელებთან და, ნებით რომ „არ გამოვიდა“, ახლა იძულებით ჩამოვიდა. რა გავაკეთო, თავისკენ მიზიდავს საქართველოო...
ომის დაწყებიდან ნახევარ წელიწადზე მეტხანს იყო უკრაინაში. იბომბებოდა ქალაქი. საავადმყოფოში გადავიდა საცხოვრებლად. იქაც მინები იყო ჩამსხვრეული. 16 გრადუსი ყინვა ძნელი გასაძლები იყო, ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მაინც.
ქალაქიდან ცოტა ხნით გარეუბანში წავიდა. მერე კი ორი ზურგჩანთით ვარშავიდან საქართველოში ჩამოვიდა და-ძმა. დროებით, როგორც თავიდან ეგონათ და უკვე წელიწადზე მეტი გავიდა.
- ხარკოვში შეუძლებელი იყო დარჩენა. გადიოდა და გადიოდა ხალხი. რახან ჩამოვედით, ჯერ არ ვაპირებთ დაბრუნებას, - ამბობს მარინა.
ქუთაისში იმავე უბანში მოხვდნენ, სადაც ბავშვობაში ცხოვრობდნენ. სრულიად შემთხვევით (თუმცა შემთხვევით არაფერი ხდება). გაახსენდათ აქაურობა - შესახვევები, კორპუსები, გზა...
აქ საკუთარი ბინა არა აქვთ, მაგრამ მეგობრები ეხმარებიან, მეგობრების მეგობრები და ახლობლები...
„ბავშვები წავედით და დიდები ჩამოვედით, - ამბობს მარინა. - ძალიან მიყვარდა აქაურობა. აქ იყო ჩემი ბავშვობა. ხარკოვში არ მქონდა ბავშვობა. იქ 14 წლისა ჩავედი.
ბევრს ვმუშაობდი და ვოცნებობდი, არ მემუშავა და ისე მეცხოვრა. ამისრულდა. მაგრამ ცოტა სხვანაირად ამიხდა. ჩემს ქალაქში მინდოდა ყოფნა, იქ მინდოდა მშვიდი, გემრიელი ცხოვრება“.
ხარკოვი მარინასთვის უსაყვარლესი ქალაქია. საქართველოსთან კავშირი იქაც ჰქონდა და-ძმას. ძმა ექიმთა დახელოვნების აკადემიაში მუშაობდა და ვინც საქართველოდან ჩადიოდა, ყველას ხვდებოდა. იქ დაბადებულ ქართველებსაც ბევრს იცნობდნენ... იზიდავდნენ ყველას. ასე იკმაყოფილებდნენ საქართველოს მონატრებას.
სინანულით ამბობს მარინა, რომ ომის დროს ხარკოვიდან მილიონამდე ადამიანი წავიდა. დაიცალა დიდი, ლამაზი ქალაქი, 200-300 ათასი თუ დარჩა. ახლა წერენ, რომ მილიონზე მეტი ადამიანია ისევ ქალაქში, დაბრუნდა უმეტესობა. მიეჩვია ხალხი ახლებურ ცხოვრებას. საავადმყოფო, სადაც მუშაობდნენ, დაანგრიეს, დაბომბეს, მაგრამ დაიწყო აღდგენა, უკვე მუშაობს.
ომი რომ დაიწყო, პირველ ხანებში ისტერიკა ჰქონდა. ხარკოვის დატოვებაც გაუჭირდა. მერე თანდათან დაწყნარდა. აქაურობასაც ნორმალურად შეეწყო, მაინც მშობლიური ადგილია... ახლა ძალიან უნდა ჩასვლა ხარკოვში, იქაურობის ნახვა. ეს რთული არ არის, მაგრამ არც ფული აქვს სამაგისო და მოსალოდნელი სტრესისთვისაც არ არის მზად...
არც ბინის გაყიდვას აპირებს - დაბრუნებაზე ფიქრობს.
აგერ 30 წელია, თქვენ აქ ხართ და ხომ გინდათ დაბრუნება? - მეკითხება.
რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, გვინდა!!!
გული შესტკივა უკრაინაზე:
„უკრაინა უბედური ქვეყანაა - ჩერნობილი, ომები... რამდენი რამ გადაიტანა. ახლა კიდევ ეს ომი. მიწა გაფუჭდა. ერი განადგურდა. მეომრები დაიღუპნენ. ქალები და ბავშვები წავიდნენ ქვეყნიდან და ბევრი არ დაბრუნდება. ძალიან დიდი ტრაგედიაა“.
საქართველო უყვარს, ემადლიერება და გული მაინც შინისკენ მიუწევს:
„ქუთაისი მონოეთნიკური ქალაქია. თბილისში რომ ვცხოვრობდით. ბერძენი, ებრაელი, ქურთი, რუსი, უკრაინელი - ყველა ვმეგობრობდით - არ იყო სიძულვილი. კომფორტულად ვცხოვრობდით. რომ წავედით, ბავშვობის მეგობრებიც დავკარგეთ, მაგრამ სოციალური ქსელებით ვიპოვეთ ერთმანეთი. ვემადლიერები ამ ქვეყანას, ადამიანებს, მომწონს, მიყვარს აქაურობა. არ მაქვს შეგრძნება, რომ უნდა გავიქცე - ვიღებ ქვეყანას თავისი ხალხით, მენტალობით. მე არ მინდა გაქცევა, უბრალოდ, შინ მინდა დაბრუნება“...

Made on
Tilda