მარინა



ქალები უკრაინიდან

ავტორი
ლალი შენგელია

სადარბაზოსთან დაგვხვდა - თხელი, ლამაზი, სევდიანი. ჩანთებით რომ დაგვინახა, ახლობელივით ჩაგვეხუტა და უხმოდ ატირდა. მერე გაგვიმხილა, ამ წვიმიან დღეს დარდი მომაწვა და რა კარგია, რომ ასე შეუძლიათ ადამიანებს ერთმანეთის ტკივილის გაზიარებაო...

როცა აფხაზეთიდან ხარ, როცა შენც გამოგივლია ომი და მისი ყველა განცდა ნაცნობია, ლაპარაკიც ადვილია და ნუგეშსაც სხვა ძალა აქვს.

ამ გაზაფხულზე ქუთაისში აპირებდა ჩამოსვლას. მეგობარი ეპატიჟებოდა და რახანია, უნდოდა ენახა აქაურობა.

უფრო ადრე მოხვდა, ვიდრე ელოდა.

მარინა სტეპანენკოზე გიყვებით. კიევის ცენტრში ცხოვრობს. მადლობა ღმერთს, ცხოვრობს და არა - ცხოვრობდა. იქ არის ახლაც მისი ოჯახი - ქმარი, მშობლები.
ქალაქზე შეტევები რომ დაიწყო, 4 ღამე სარდაფში გაატარეს.

მერე იყო ბევრი ნერვიულობა, მაგრამ ბევრი სიკეთეც შეხვდა გზადაგზა. პირველი სიკეთე გამოჩნდა ქალაქგარეთ, როცა ქმარმა გაიყვანა მეგობრების მშობლებთან ცოტა ხნით. არ დამთავრდა „ცოტა ხანი“, საკვები შემოელიათ და სოფლის მცხოვრებლებს მოჰქონდათ პროდუქტები.

პარალელურად იყო მეგობრის სიკეთე: ქუთაისში ჩამოსვლას ურჩევდა, ოღონდ როგორმე პოლონეთში უნდა ჩასულიყო. ბილეთიც უყიდა...

საზღვრამდე გზა მარტივი არ იყო. ხმელნიცკიში შემოაღამდათ, ღამის გასათევს ეძებდნენ. სპორტლენდში მიასწავლეს.

აქ ყველაფერი იყო ნამგზავრი ადამიანისთვის - სითბო, სიყვარული, საწოლი, საჭმელი, პამპერსები, კატის და ძაღლის საკვები...


იმდღევანდელი ემოცია მისი ფეისბუქგვერდის პოსტიდან:

СпортЛенд Хмельницкий! Ви - неймовірні!!!! Не ожидала, что такие все крутые! Ребята (наверное тренера зала и администраторы -❤️), еда, персонал который напоминал, что нужно взять с собой в дорогу перекус и воду, много разновидностей корма для животных. Все! Необходимое для маленьких детей. Душевые, туалеты - чистоту поддерживают идеальную! Спасибо большое Вам!!!! Счастлива, что будем жить с вами в одной свободной и счастливой стране!!! Все буде Україна!!!!

ამ პოსტს 779 გაზიარება აქვს - უამრავმა ადამიანმა გაიგო ამ სიკეთეზე და „გადაამრავლეს“ კიდეც...

საზღვრამდე კიდევ იყო სირთულეები. 4 საათი იდგნენ რიგში. უამრავი ხალხი ირეოდა, პატარა ევას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ეშინოდა, შეტევა არ დამართნოდა. უკრაინის მხარეს პოლონელი მოხალისეები იყვნენ გადმოსულები. საკვებს სთავაზობდნენ ხალხს, წყალს, ეხმარებოდნენ... მერე ვიღაცამ ხელში აიყვანა აკანკალებული ბავშვი, ჩაიხუტა, ელაპარაკა, დაამშვიდა და ავტობუსში ჩატენა დედა და შვილები.

ისე სწრაფად და მოულოდნელად, ქმარსაც ვერ დავემშვიდობეო, ტირილით იხსენებს. კიდევ სამ საათი იარეს ავტობუსით საზღვრამდე. პოლონეთში რომ გადავიდნენ, იქაც კეთილი ადამიანები შეხვდათ - ბელორუსები. სამი დღე იყვნენ სრულიად უცხოებთან, ოჯახურ გარემოში.


8 მარტს კრაკოვიდან ქუთაისში ჩამოფრინდა ევასთან და იურასთან ერთად .
ისევ მისი ფეისბუქგვერდის პოსტიდან:

Грузия. Тёплая, любезная, уютная. На выходе из аэропорта записывают контакты прибывших из Украины, предлагают варианты жилья и бесплатный обед. Дают номер телефона для обращения в экстренных ситуациях.
Мы с детьми в гостях. Вылетели из Кракова.

მეგობრის სიკეთე გამორჩეულია. ნათელი, კეთილმოწყობილი ბინა უქირავა, გვერდში უდგას ყველაფერში. ეს მეგობარი უკრაინელია, ქართველი ქმარი ჰყავს. კარგა ხანს ცხოვრობდნენ უკრაინაში და უკვე წლებია, აქ არიან.

როგორც თვითონ ამბობს, სტუმრადაა ქუთაისში. ბავშვები ონლაინ სკოლაში სწავლობენ, თავისუფალ დროს თამაშობენ, ხატავენ - ბინის ერთ კედელზე მათი ნახატების გამოფენაა.

ბევრი სიკეთე ხვდება ყოველდღიურად ქუთაისში და ცდილობს, სხვებსაც გაუზიაროს ფეისბუქპოსტებით: აფთიაქებში სასაჩუქრე ვაუჩერები, ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ საინფორმაციო ბაზა შექმნა ქუთაისში ჩამოსულ უკრაინელებზე, მათ კონკრეტულ საჭიროებებს სწავლობს. გარკვეული რესურსებიც გამოიყო დასახმარებლად და მიგვაქვს, რაც სჭირდებათ. ამ ოჯახსაც მცირე ნობათი მივუტანეთ: პროდუქტები, ტანსაცმელი, სათამაშოები...

მარინა სტეპანენკო ფსიქოლოგია და იცის, როგორ უშველოს თავს და შვილებს. იცის, რომ შეუძლია ადამიანს გარემოსთან ადაპტირება, ძალების მოკრება განსაცდელში. იცის მთავარი: სიკეთე და მადლიერებაა ამ დროს გადამრჩენელი და მარგალიტებივით ეძებს სიკეთეს, მადლიერია ყველაფრისთვის...

მისი ფიქრი კიევს, უკრაინას დასტრიალებს. მოთმინებით ელოდება დღეს, როცა აქედან გაემგზავრება და სითბოს, სიყვარულს, ახალ მეგობრებს და ადამიანურ სიკეთეებს გაიყოლებს საგზლად...


Made on
Tilda