მარია




ქალები უკრაინიდან

ავტორი
ლალი შენგელია

ყველაზე უცნაური ამბები მესმის მისგან ოჯახზე. ასეთი ახალგაზრდა რამდენ სადარდებელს იტევს.

მარია დობროვოლსკა წელიწადზე მეტია, ქუთაისში ცხოვრობს და სამი ქვეყნის მშვიდობაზე ერთნაირად ფიქრობს: უკრაინაში, საქართველოში და... რუსეთში.
რატომ? მივყვეთ თანმიმდევრობით.

ჯერ უკრაინაზე გიამბობთ.

ვინიცის ოლქში დაიბადა. სახლი აქვს ვინიცის ოლქში, იქ ცხოვრობენ ბებია და ბაბუა. მოლდავეთის საზღვარზეა მისი სოფელი - ველიკა კისნიცა. დიდი ყორღანებია (კურგანები), გორასამარხები და აქედან მომდინარეობსო სიტყვა (კოსტი, კოსტნიცა, ძვლების სამარხი).

ბოლო 7 წელი კიევში ცხოვრობდა. ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. მუშაობა ვერ მოასწრო ამ კუთხით, თუმცა ძალიან უყვარს ეს პროფესია და ცხოვრებაშიც იყენებს თეორიულ ცოდნას.

ომმა კიევში მოუსწრო, იქიდან ჩერნობილისკენ გაიქცა, თვენახევარი იყო იქ. მერე ვინიცაში ჩავიდა...

შიშები დასჩემდა ომგადატანილს. კარგა ხანს ყველაფრის ეშინოდა - მანქანების, გაურკვეველი ხმების, ხმაურის, სიგნალის...

პოლონეთში გაჰყვა უკრაინელ ლტოლვილთა ნაკადს. მუშაობდა ერთხანს. იქ ახალგაზრდა ქართველი კაცი გაიცნო, შეუყვარდა. მალე აქეთ წამოვიდნენ - ქვემო სვანეთში, მთიან ლამაზ ლენტეხში, მეუღლის მშობლებთან.

აქ შეეძინათ დანიელი, ნახევარი წლისაა უკვე. კარგი კაციაო, დედამ.
ახლა რუსეთზეც უნდა ვთქვა.

რუსეთი მისი ბიოგრაფიის ნაწილია, არა მხოლოდ როგორც მტერი სახელმწიფო. ხუთი წლის წინ მშობლები რუსეთში წავიდნენ სამუშაოდ და მარიას სამი უმცროსი ძმაც წაიყვანეს. ბინა იყიდეს, მოეწყვნენ.

უკრაინაში ვერ მიდიან ომის გამო, თუმცა უკრაინელებისთვის რუსეთში ცხოვრებაც მარტივი არ არის...

ზაფხულში საქართველოში ჩამოვიდნენ ბიჭები, დაიკო რომ ეგულებოდათ აქეთ. პირველად იყვნენ და ძალიან მოეწონათ.

მერე დედა და მამა ჩამოვიდნენ. 4 წელი არ ენახა მარიას ოჯახის წევრები...
მარიას მშობლებს არ უნდათ რუსეთში ყოფნა, მაგრამ ძმები მიეჩვივნენ. უფროსი 20 წლისაა, მეორე - 18 წლის და პატარა - 12-ის. შეყვარებულები ჰყავთ, ერთს - საცოლეც.

მშობლებიც ვერ ტოვებენ ბიჭებს. ეშინიათ, რუსეთის ჯარში რომ გაიწვიონ...
„ძალიან ძნელია მათთვისაც და ჩემთვისაც, - ამბობს მარია. - განა რთული არ არის, იცხოვრო შენი მტრის ქვეყანაში? მაგრამ ასე გამოვიდა. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა. ომს ბოლო არ უჩანს. უკრაინაში გენოფონდი იღუპება. მეომრები აღარ დარჩნენ. ახლა ყველას იწვევენ ომში. ავადმყოფი, ფიზიკური ნაკლის მქონე - უკვე ყველა მიჰყავთ“.

უჭირს ამ თემაზე ლაპარაკი მარიას. მეც ვერ ვუსვამ ზედმეტ კითხვებს.

ქართულ ენაზე და საქართველოზე კი თვალებგაბრწყინებული მიზიარებს თავის ემოციებს. ჩამოსვლისთანავე მოეწონა საქართველო. მომავალი ქმარიც უამბობდა და შორიდან უყვარდა. ქუთაისში ცხოვრობენ. მშვიდი, წყნარი ქალაქიაო, ამბობს. ლენტეხშიც ჩადიან და იქაურობასაც შეეჩვია. მოსწონს მთის პეიზაჟები, სვანების ალალი, გულწრფელი, სამართლიანი ხასიათი.

ქართულსაც მონდომებით სწავლობს. ქართულად მომესალმა, შიდაგაშიგ სიტყვებს ურევდა, დამემშვიდობა და მადლობაც კარგი ქართულით მითხრა. ქართულის შემსწავლელი კურსები ონლაინ გაიარა. მანამდეც ბევრი რამ იცოდა - ქმარი ასწავლიდა.

სამი ენა ეცოდინება ჩვენს შვილსო, უხარია: მამა ქართულად ელაპარაკება, დედა - უკრაინულად და როცა რუსულად ვლაპარაკობთ, ესიც ხომ ესმისო...

ძალიან უნდა მარიას ვინიცაში ჩასვლა, ბებია-ბაბუის მონახულება, ქმარ-შვილის ჩაყვანა. ახლა ეს შესაძლებელია, მაგრამ სარისკოა. პატარა ბავშვით, თან - ზამთრის პირზე... ამიტომ აქ არის ჯერჯერობით, ამ ერთი წლის მანძილზე მშობლიურად ქცეულ საქართველოში.

მარია ჩვენთან, ქალთა ფონდ „სოხუმში“ გავიცანი. როგორც სხვა უკრაინელებს, ვაუჩერი მისცეს პროდუქტების საყიდლად - მადლობის მეტი რა გვეთქმისო...
ენაჭიკჭიკა გოგოა მარია დობროვოლსკა. კიდევ ბევრის მოყოლა უნდოდა, მაგრამ შინისაკენ ეჩქარებოდა, თავის პატარა დანიელთან, რომელსაც ამასობაში მოშივდა...

Made on
Tilda