მარია






ავტორი
ლალი შენგელია


ბერდიანსკი ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთშია. აზოვის ზღვისპირა, პატარა, მყუდრო ქალაქი. რა თქმა უნდა, ძალიან უყვარდა. მაგრამ ახლა უფრო მეტად უყვარს, ენატრება, ეფიქრება...

მარია სოსნიცკაია ბერდიანსკიდან ორ ივლისს ჩამოვიდა საქართველოში. რუსეთის მხრიდან, ყირიმიდან წამოვიდნენ და ექვსი დღე მოდიოდნენ - თვითონ, ქმარი და სამწლინახევრის ბავშვი. რუსები ამოწმებდნენ ზედმიწევნით, მსუბუქ მანქანაში ხალიჩებიც ააძრეს და ყველაფერი დაათვალიერეს. 10 საათი იდგნენ ერთგან რიგში. ზემო ლარსიდან შემოვიდნენ საქართველოში და პირდაპირ ქუთაისში ჩამოვიდნენ. აქაურობა ჰქონდათ არჩეული დროებით საცხოვრებლად.

აქ მშვიდადაა, ეჩვევა ახალ გარემოს, მაგრამ ედარდება იქ დარჩენილი დედ-მამა. ძმებიც იქ არიან და საფიქრალს რა გამოულევს...

ქალაქი 28 თებერვლიდან ოკუპირებულია. როგორც მარია ამბობს, იქ მოსახლეობის მესამედიც არ არის დარჩენილი. საშიშია იქ ყოფნა. კომენდატის საათი კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას. ყველაფერი ძვირია, თითქმის არავინ მუშაობს და არც ფული აქვთ. უკრაინული ბანკებია დარჩენილი და პენსიონერები იღებენ უკრაინულ პენსიას. მაგრამ ხშირად ფული თავდება, ერთიანად ვერ აძლევენ და ასაკის ადამიანებს რამდენჯერმე უწევთ მისვლა ბანკში.

რთული სიტუაციაა ქალაქში - ადგილობრივებს ბიზნესებს ართმევენ, უძრავ ქონებას. მარიას ბინა ნორმალურადაა, მამამთილია იქ დარჩენილი და ის აკითხავს, მაგრამ არის ყოველდღიური საშიშროება, იმიტომ რომ შედიან დაკეტილ ბინებში, გააქთ ბევრი რამ, ყაჩაღობენ.

კიდევ იმაზე დარდობს, მეგობრები, მეზობლები და ნაცნობები რომ მიმოიფანტნენ სხვადასხვა მხარეს. ზოგი ამერიკაშია, ზოგი - გერმანიაში. რამდენიმე ბელგიაში ცხოვრობს, ნაწილი საქართველოში ჩამოვიდა. ინტერნეტით აქვთ კავშირი, ცდილობენ, არ დაკარგონ ერთმანეთი და დიდი იმედი აქვთ, რომ ისევ შეიკრიბებიან თავიანთ მშობლიურ ქალაქში.
მეუღლე ონლაინ მუშაობს ერთ-ერთ კომპანიაში. ოკუპაციის შემდეგ რუსული ინტერნეტით ვერ იმუშავებდა, ამიტომ გადაწყვიტეს წამოსვლა.
თვითონ ინგლისურის მასწავლებელია, მუშაობდა და კარგადაც ცხოვრობდნენ.

იქ კარგად ვცხოვრობდითო, - რამდენჯერმე გაიმეორა.
აქ?

აქ უფრო უჭირთ, შემოსავალი ნაკლებია, ბევრი რამ არ აქვთ - თუნდაც ყოფითი ნივთები, ტანსაცმელი, ორიოდე ჩანთით წამოვიდნენ სახლიდან...
მაგრამ აქ აქვთ მთავარი - უსაფრთხოება, სიმშვიდე.

და კიდევ ისეთი რაღაცები, რაზეც მარია აღტაცებით საუბრობს:
მაგალითად, წყალი - აზოვის ზღვაზე ვცხოვრობდით და წყალი არ ვარგოდა, აქაური წყალი კი ძალიან გემრიელიაო...

ქუთაისელი მეზობლები, რომლებთანაც დამეგობრდნენ.
პატარა ვანიუშას მეგობარი ჰყავს - მაქსიმე. მისმა მშობლებმა უკრაინულები სოფელში წაიყვანეს, თავიანთ აგარაკზე. ძალიან მოეწონათ იქაურობა, ბავშვებმა აუზში იჭყუმპალავეს, სასიამოვნოდ გაატარეს დრო.
მეორე მეზობელმა ზაფხულის სიცხეებში ლეჩხუმში, მწვანე ტბაზე გაასეირნა.

ძალიან მოსწონს მარიას აქაური ურთიერთობები, სტუმარ-მასპინძლობა, ტრადიციები.

„მიკვირს, როგორი დამოკიდებულებებია ოჯახის წევრებს შორის - რძლები, ნათესავები. იკრიბებიან, ერთად სვამენ ყავას, სადილობენ. ჩვენთან ასე არ არის, ყველა გასულია ოჯახიდან და ნაკლებად აქვთ ერთმანეთთან კავშირი. ქალაქგარეთ წაყვანა რომ შემოგვთავაზეს, გვიმასპინძლეს, პატივი გვცეს, ეს ძალიან გასაკვირი იყო ჩემთვის. ასეთი რამ ჩვენთან არ ხდება. ყოველდღიურად ვეცნობი და ვსწავლობ ქართულ ტრადიციებს. ეს ოჯახური, ადამიანური ურთიერთობები ყველაზე ფასეულია ჩემთვის. პანდემიამ, ომმა დაგვანახა, რომ არც ქონებას, არც რემონტს, არაფერს არა აქვს აზრი, რომ ყველაფერზე ძვირფასია ურთიერთობები, სითბო, თანადგომა“...
ქალთა ფონდ „სოხუმში“ პატარა ვანიასთან ერთად იყო მოსული ახალგაზრდა დედიკო. კმაყოფილი დარჩა. ჩვენი სტანდარტული პაკეტი გადავეცით - საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები. ამდენი პროდუქტი ერთად ძალიან დიდი საჩუქარიაო. გაუხარდა, როცა გაიგო, რომ ჩვენ ყველა უკრაინულ ოჯახს ვეხმარებით.

საოცარი ხალხი ყოფილხართ. გამეგონა, მაგრამ ახლა ჩემი თვალით ვხედავო.
გულწრფელია მარიას სიტყვები, ეტყობა, რომ ყველაფერმა მის გულისგულში გაიარა და არც არასოდეს დაავიწყდება ქუთაისში მიღებული უჩვეულო გაკვეთილები.
Made on
Tilda