ლიუბოვი




ქალები უკრაინიდან

ავტორი
ლალი შენგელია

უკვე წავიდა ლიუბოვ მაქსიმენკო. სამწუხაროდ, არაფერი ვიცით მასზე. მაგრამ, იმედია, ჯანმრთელადაა და მშვიდობა აქვს...
დიდი ხანი არც დარჩენილა აქ, თუმცა აპირებდა.
უკრაინელია. დედა - დნეპროპეტროვსკიდან იყო, მამა - ხარკოვიდან, სამხედრო მოსამსახურე. საქმემ და ბედმა საქართველოში ჩამოიყვანა, წყალტუბოში.
აქ დაიბადა ლიუბა, აქ ცხოვრობდა, დაამთავრა სკოლა. წყალტუბოში გათხოვდა, ქართველი ქმარი ჰყავდა, მეტრომშენებელი. ადრე გარდაეცვალა, პატარები დარჩა შვილები: გოგონა ხუთი წლის იყო, ბიჭი - ორის (ერთი რუსეთში ცხოვრობს ახლა, მეორე - პოლონეთში).
90-იან წლებში, როცა საქართველოში რთული მდგომარეობა შეიქმნა, იძულებული გახდა, დაეტოვებინა აქაურობა. გაყიდა ბინა და საცხოვრებლად უკრაინაში, ნიკოლაევში, გადავიდა.
ბინის ახალმა მაპატრონემ უთხრა, როცა აქაურობა მოგენატრება, ჩამოდი, კარები სულ ღია იქნება შენთვისო...
უნდოდა და აპირებდა, მაგრამ ვერცერთხელ ვერ ჩამოვიდა. მუშაობდა, ოჯახზე ზრუნავდა, სად ეცალა?! თუმცა სულ ახსოვდა ეს გულღია მოპატიჟება.
ამბობს: „ბოლო წლები, 2014 წლიდან, სულ დაძაბულობაა უკრაინაში, თუმცა ასეთ ომს და საშინელებას მაინც არ ველოდით. წარმოუდგენელია, რაც ქალაქში ხდება. ეზოში ხარ და ხედავ, როგორ მოფრინავს რაკეტები... არ იცი, რას გაანადგურებს... ჩემი კორპუსი ნახევრად დანგრეულია. ზამთარი სითბოს და სინათლის გარეშე გავატარეთ, ყველაფერი ზედ გვეხურა, მაგრამ მაინც ძალიან ციოდა. არსაიდან იყო დახმარება. ორი კვირა მშიერ-მწყურვალები ვიყავით. აღარ არის ნიკოლაევი - აღგავეს პირისაგან მიწისა... სიტყვით ვერ იტყვი და კალმით ვერ აღწერ, ისეთი სიტუაციაა“.
46 წელი იცხოვრა საქართველოში ლიუბოვ მაქსიმენკომ. უამრავი ნაცნობი ჰყავდა. იფიქრა, ჩავალ და ცოტა ხანს ჩემს ყოფილ ბინაში დავრჩებიო...
მთელი უკრაინა გაიარა, ვარშავაში ჩავიდა, იქიდან გადმოფრინდა კოპიტნარში, წყალტუბოში ჩამოვიდა, თავის კორპუსთან მივიდა...
მაგრამ არ დახვდა ისინი, ვისაც მიჰყიდა ბინა. იმათ გაუყიდიათ. არც ძველი მეზობლები იყვნენ. მოიკითხა ნაცნობები: თორთლაძეები, ბზიკაძეები, იოსელიანები... ზოგი გარდაცვლილა, ზოგიც სხვაგან გადასულა...
ღამე ეზოში გაათენა. მეორე დღეს ქუჩაში ერთ ქალს გამოელაპარაკა, მისი ნაცნობის ქალიშვილი აღმოჩნდა. მშობლები გარდაცვლილან, მაგრამ ბევრი ილაპარაკეს მაინც, ბევრი რამ გაიხსენეს. ორი კვირა დარჩა მის ოჯახში.
მერე წყალტუობის მერიაში მივიდნენ, რომ გაერკვიათ, რაიმე სახის დახმარება ხომ არ შეეძლოთ. მერიამ სახელმწიფო დახმარებაზე შეავსებინა განცხადება და სასტუმრო „პრომეთეში“ გადაიყვანა საცხოვრებლად. იქ ცხოვრობდა, იქ ჰქონდა გემრიელი საუზმე და სადილები... ხანდახან - პროცედურებიც..
მაგრამ აზრი არა აქვს ჩემს აქ დარჩენასო, - წასვლა გადაწყვიტა.
გასამგზავრებელი ფული არ ჰქონდა. შემოგვეხმიანნენ წყალტუბოს მერიიდან. დახმარება გვთხოვეს.
მივედით სასტუმროში, გავესაუბრეთ. უკვე გარკვეული გვქონდა, რომ ბათუმიდან კრივოი როგში კვირაში ორჯერ გადის ავტობუსი... ბილეთის ფასი 220 დოლარია, ავტობუსს უკრაინელები მართავენ.
გულნატკენი ჩანდა ლიუბოვ მაქსიმენკო. წყალტუბოში, როგორც თავის სამშობლოში ჩამოვიდა, მაგრამ...
- ისევ დავბრუნდები უკრაინაში, ნიკოლაევში წასვლას აზრი არ აქვს. კრივოი როგში წავალ. იქ შედარებით სიმშვიდეა, მყავს ნაცნობები და შემიფარებენ. უკრაინის მოქალაქე ვარ და სახელმწიფოც დამეხმარება, აბა რა იქნებაო?
ბილეთი ვუყიდეთ, საგზალიც გავუმზადეთ.
მერიის წარმომადგენლებმა ბათუმში ჩაიყვანეს, ავტობუსში ჩასვეს და გაამგზავრეს.
- მარტო ჩამოვედი აქ. იმდენი ვიარე, სანამ ჩამოვიდოდი და იქითაც წავალ, ჩემზე არ იჯავროთო, - 76 წლის ქალმა.
წავიდა. არაფერი ვიცით მასზე. მაგრამ, იმედია, ჯანმრთელადაა და მშვიდობა აქვს...


Made on
Tilda