კატერინა



ქალები უკრაინიდან

ავტორი
ლალი შენგელია

მეორე დღეს ასეთ მესიჯს გამომიგზავნის:


Лали, добрый день! Хотела, поблагодарить Вас за вчерашнюю беседу.

Спасибо большое за гуманитарный набор. Он очень хорошо продуман. Всё нужное и необходимое. Передайте отдельно благодарность людям причастных к покупке, сбора набора. Я знаю, какой это труд.


შეხვედრისას კარგა ხანს და ემოციურად ვისაუბრეთ.


კატერინა მირნაია - აი, ასეთი გამორჩეული გვარი აქვს. მირნაია - მშვიდობიანს ნიშნავს.


- ბავშვობაში მახსოვს, ბებიები და ბაბუები სულ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ - ოღონდ მშვიდობა იყოს და სხვა არაფერი გვინდაო. ჩვენ მშვიდობა გვქონდა და გვეცინებოდა მათ ნათქვამზე. მათ ომი ჰქონდათ გამოვლილი და იცოდნენ მშვიდობის ფასი. ახლა განსაკუთრებით კარგად ვხვდები ამ სიტყვების აზრს, - ამბობს კატერინა.


რა თქმა უნდა, უკვე იცის, რა ბედნიერებაა მშვიდობიანი ცხოვრება. ორჯერ ფუძეაყრილმა, ორჯერ გაუბედურებულმა.


წლების წინ დონეცკიდან ბერდიანსკში მოუწია გადასვლა, ზაპოროჟიეს ოლქში. ახლოა, ორსაათნახევის გზაა, მაგრამ ეს არ არის სახლი, ეს უკვე დევნილობაა, სხვა კუთხე, სხვა პრობლემები, ცხოვრების ხელახლა დაწყება (პარალელი: მეც ჩემი აფხაზეთის სახლიდან ორსაათნახევრიანი გზა მაშორებს. ახლოა და შორი).


იხსენებს იმ 2014 წელს. მაისში რეფერენდუმი ჩაატარეს, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა გამოეყო უკრაინას და რუსეთის შემადგენლობში შევიდა ლუგანსკთან ერთად. ეს იმას ნიშნავდა, რომ უკრაინელებს იქ უკვე არ დაედგომებოდათ. მაგრამ ჯერ კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ რაღაც შეიცვლებოდა.


„სექტემბერში ბოლო კომუნალურები გადავიხადე უკრაინულ ბანკში. 14 დეკემბერს ბიჭი შემეძინა. 2015 წელიც დადგა. იყო საშინელი სროლები, შეტაკებები. თებერვალში ბერდიანსკში წავედით მე, ჩემი ქმარი და შვილები. თოთო ბავშვით მოგვიწია გაქცევა. იქ არ იყო საშიშროება. წითელი ჯვარი, სხვადასხვა ორგანიზაცია გვეხმარებოდა. ჩვენთან ერთად იყვნენ დევნილები დონეცკიდან და ლუგანსკიდან. ნელ-ნელა დავიწყეთ ინტეგრირება. გვეგონა, მალე დავბრუნდებოდით სახლში“, - იხსენებს კატერინა.


ბერდიანსკში თავიდანვე ჩაერთო სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში - გრანტებს იგებდნენ. ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობდნენ. დევნილების სამოქალაქო ხმას იცავდნენ. ზეიმებს აწყობდნენ ბავშვებისთვის. მარტოხელა დედებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ეხმარებოდნენ, ჰუმანიტარულ ნაკრებს ამზადებდნენ მათთვის. იმათ აძლევდნენ, ვისაც ნაკლები ჰქონდა...


ამასობაში წლები გავიდა. მიეჩვივნენ ბერდიანსკს. სახლი იყიდეს, ისეთი იყო, არ იცხოვრებოდა - სახურავი, ჭერი, კარ-ფანჯრები გამოცვალეს, რემონტს აკეთებდნენ. ჯერ კიდევ ქირაში იყვნენ. ვერც მოასწრეს ახალ სახლში გადასვლა.


ისევ დადგა თებერვლის სუსხიანი დღე.


„აფეთქებებით დაიწყო. მაშინვე მივხვდი, რაც იყო. ჩათში ვწერდი გოგოებს, რომ რაღაც ვერ არის ისე... პირველ კვირას ხალხი არ გამოდიოდა გარეთ. საშინლად ვიყავი (я была в ужасе). ვიცოდი, რაც მოხდებოდა, თუ შემოვიდოდნენ ქალაქში. ნელ-ნელა იკეტება მაღაზიები და აფთიაქები, კავშირი არ არის, გაზი ჩაჭრეს, ცივა. გამათბობელი გვაქვს და ყველა ვზივართ ერთ ოთახში, სითბოს მიფიცხებულები. ყველანი გაფანტულები ვართ, ვერ ვგებულობთ, ვინ სადაა... ჰუმანიტარული კატასტროფა დაიწყო. მთელი ღამე იდგა ხოლმე ხალხი რიგში, რაიმე საჭმელი რომ ეყიდა. რიგები იყო ბანკების წინ, რომ ბარათებიდან თანხა მოეხსნათ. “


იმ დღეებში ფოტოებს იღებდა კატერინა და მერე გამომიგზავნა - თვითონაც ნახავთ, როგორაა დაცარიელებული მაღაზიის დახლები, რამხელაა პურის რიგი, რამდენი ადამიანი დგას ბანკთან... ამ ფოტოებს ვერ მიაგნეს, როცა საზღვარზე ტელეფონი გაუჩხრიკეს და სასწაულად გადარჩა ეს ისტორიული კადრები...


როგორც წინა ომის დროს, ახლაც დარაზმა კატერინამ ქალები, დაიწყეს მუშაობა, მარიუპოლელებს ეხმარებოდნენ, როგორც შეეძლოთ. საქმეში ჩართულებს „არ ეცალათ“ სანერვიულოდ.


რთული დღეები იდგა. ბერდიანსკში სამშვიდობო მიტინგებს ატარებდა ხალხი. დროშებით. შეძახილებით - ბერდიანსკი უკრაინაა! ავტომატებით მისდევნენ შემოსულები. მომიტინგეებს ესროდნენ, იჭერდნენ. ზოგს გამოუშვებდნენ, ზოგს - არა...


ერთხელ, ადრე დილით, რუსულ გემს ესროლეს ზღვაში. „არ მეძინა, ჩემი აივნიდან დავინახე. სიხარულით არ ვიყავი, რომ გაანადგურეს - ჩვენს გასანადგურებლად მოდიოდა“...


მარიუპოლელები, ვისაც ბენზინი ჰქონდა, ზაპოროჟიეში წავიდა, ვისაც არ ეყო, ბერდიანსკში დარჩა. ისევე, როგორც პროდუქტები, ორ-სამჯერ გაძვირდა ბენზინი, რუსები ყიდდნენ.


„როგორც კი შევძელით ბენზინის ყიდვა, ჩვენც წამოვედით,“ - ამბობს კატერინა. - ლამის ყოველ ნაბიჯზე იყო ბლოკპოსტები. გვამოწმებდნენ სხვადასხვა ჯურის „შემმოწმებლები“: შედარებით მოწესრიგებული, სერიოზული სამხედროები, ზოგი -თავაზიანი, ზოგიც - მკაცრი და ბრაზიანი. იყვნენ „ბომჟებივით“ ადამიანები „არაყი არ გაქვს? სიგარეტს მომაწევინებ?“ - ამ დონის...


აპრილში წამოვიდნენ, წამოსვლაც გამართლებაზე იყო, ერთ დღეს უშვებდნენ, მეორე დღეს - არა...


„ფულზე გვეკითხებოდნენ - დოლარები გაქვთ თუ რუბლებიო, გრივნებიო ვეუბნებოდით და თავს გვანებებდნენ. ვინიცაში გავჩერდით, სასტუმროში, მერე ჩამოვედით ლარსამდე. გადაბმულად ვიარეთ მანქანით. საზღვარზე ცოტა იყო ხალხი. დილით ჩამოვედით საქართველოში, კარგად დაგვხვდნენ.

კომპანია „ალტკომის“ ეკონომისტად ვმუშაობდი და სამტრედიაში ვაგზავნიდით ტექნიკას, ყოველთვის მაინტერესებდა საქართველოში ჩამოსვლა. და კი ვარ აქ... 2014 წელს ჩემი ნათესავები წამოვიდნენ საქართველოში - ქუთაისში ცხოვრობდნენ, მერე ბათუმში გადავიდნენ. მუშაობენ, კაფე აქვთ, ბინას ქირაობენ. მათმა ნაცნობმა შეკვეთილში შეგვიშვა სასტუმროში, თან ვმუშაობდით.


არ მინდოდა მოწყალების მიღება. ბერდიანსკში მივხვდი ამას. როცა დევნილი ხელგაწვდილია, ეს უძლურს ხდის მას, პასიურს, მოტივაციას უკარგავს. არ უნდა მისცე ადამიანს თევზი, ანკესი უნდა მისცე და თევზის ჭერა ასწავლო. ჩვენ ბიზნესტრენინგებს ვატარებდით, გაძლიერებაში ვეხმარებოდით ქალებს, თუმცა ზოგს ერჩივნა, ერბინა და ეძებნა ორგანიზაციები, ვინც დახმარებას გასცემდა. პირველ ხანებში, რა თქმა უნდა, საჭიროა მხარდაჭერა, მაგრამ მერე ეს ხელ-ფეხს გიკრავს. ძნელია, მაგრამ განვითარების გზა უნდა ეძებო. ვერ ვირბენ, სად რას არიგებენ - მირჩევია, ვიმუშაო.


ახლა კატერინა და მისი ოჯახი ბანოჯაში ცხოვრობს ქირით. ცდილობენ, თავიანთი შრომით არჩინონ ოჯახი. ბავშვები ქართულ სკოლაში შევიდნენ. ხვალ რა იქნება, არავინ იცის და არც კატერინამ, მაგრამ იცის, რომ ყოველთვის აქტიურად უნდა იყოს, ცხოვრების ყოველ ეტაპზე, რადგან ყველაფერი გამოწვევაა, გამოცდაა და უნდა ჩააბარო...


ქალბატონო მირნაია, როგორ მინდა ისეთივე ცხოვრება გქონდეთ თქვენს სამშობლოში, როგორი კეთილხმოვანი გვარიც გაქვთ...

Made on
Tilda