იულია




ქალები უკრაინიდან

ავტორი
ლალი შენგელია

იულია მარკოვა, - ასე გამეცნო.
საკუთარი გვარი უფრო უკრაინული მაქვსო: რიაბოშაპკო.
ბერდიანსკიდანაა. დღესაც იქ არის მისი დედა, იქ არიან მეუღლის მშობლებიც.
იქ არის მისი გული და სადარდებელიც.
მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. შარშან, 18 აპრილს გადმოკვეთეს საზღვარი. რუსეთიდან მოუწიათ წამოსვლა, სხვა გზა არ იყო.
- საქართველო ენერგეტიკით ახლოა ჩვენთან, სითბოს და მზრუნველობას ვგრძნობთ, -ამბობს იულია.
კარგა ხანია, აქ ცხოვრობენ და არ ნანობენ აქ ჩამოსვლას. არც წასვლას აპირებენ ჯერ. იმიტომ რომ აქ ნორმალურად მოეწყვნენ.
მეუღლე და თვითონ მუშაობენ ქუთაისში, ერთ-ერთ კომპანიაში. ბავშვები მე-13 სკოლაში დადიან. რუსულ სექტორზე. ერთი მეექვსე კლასშია, მეორე - მერვეში.
- გაგვიმართლა, დილით ბავშვებს ვტოვებთ სკოლაში და მერე მიდივართ სამსახურში, - ამბობს იულია. - სახლში ერთად ბრუნდებიან, ტრანსპორტი პირდაპირ კორპუსთან აჩერებს. დიდები არიან უკვე, დამოუკიდებლად მეცადინეობენ, ერთობიან. რაც მთავარია, კლასელებმა კარგად მიიღეს... არც გვჯეროდა, რომ ასე მალე გაშინაურდებოდნენ ახალ გარემოში. მშობლებთანაც მაქვს ურთიერთობა და მივხვდი - გასაკვირი ის იქნებოდა, ცუდი ბავშვები ჰყოლოდათ ასეთ კარგ, ყურადღებიან და თბილ მშობლებს.
ჩემს თანამოსაუბრეს ძალიან მოსწონს ქუთაისი და საერთოდ, საქართველო. მეგობრები შეიძინეს, აქ მცხოვრებ უკრაინელებთანაც აქვთ კავშირი. თავისუფალ დროს საინტერესოდ ატარებენ.
ქალთა ფონდ „სოხუმში“ ნაცნობებმა მოასწავლეს. თავიდანვე მოეწონა აქაურობა, გაოცებული დარჩა ჩვენი მხარდაჭერით.
იხსენებს: „პირველად რომ დამირეკეს პროდუქტების ასაღებად და მოვედი, იმდენი რამე იყო, ძლივს წავიღეთ სახლში. ისეთი კარგი მოფიქრებული იყო ეს ნაკრები, ფაქტობრივად, ყველაფერი იყო, რაც გვჭირდებოდა და რაც ასე მნიშვნელოვანია. ისეთ ემოციებში ვიყავი, ცრემლებამდე, რომ დედასაც კი დავურეკე ბერდიანსკში და ვუამბე, ასეთი თბილი და კარგი ხალხია-მეთქი ფონდ „სოხუმში“. ომი რომ გაქვთ გამოვლილი, უკეთ გესმით ჩვენი და ისიც იცით, რა უფრო გვჭირდება. ეს სიკეთე, ეს ენერგეტიკა პროდუქტებზე უფრო ძვირფასია. ძალიან მადლობელი ვარ თქვენი ორგანიზაციის.“
აქაურობას მიეჩვია. იულიას და მის მეუღლეს ძალიან უნდათ, რომ მშობლები ჩამოიყვანონ და დაანახონ, რა სილამაზე და სიმშვიდეა ქუთაისში. მაგრამ ვერ ჩამოდიან ისინი. დედამისი მარტოა (მეორე ქალიშვილი და სიძე პოლონეთში წავიდნენ), სახლის დატოვების ეშინია - ცოტა ხნითაც რომ წამოვიდეს, იმ ცოტახანში ყველაფერი განიავდება, დაიკარგება...
ქმარს მშობლები და ბებია ჰყავს იქ. ისინიც იქ ყოფნით იცავენ საკუთარ სახლ-კარს. ასე წლობით ნაშენები, ნაგროვები და ნალოლიავების დაკარგვა ძნელია, ამიტომ იულიას დედა და მეუღლის მშობლებიც, ცდილობენ, გაუძლონ სიძნელეებს, არსად გავიდნენ სახლიდან და ასეთი თავგანწირვით შეუნარჩუნონ შვილებს ფუძე, ქონება...
იულიას ეფიქრება ბერდიანსკიზე. ენატრება ყველა და ყველაფერი:
„ახლა სახლი უკვე ის არ არის, რაც იყო. და ვერც ვერასოდეს გახდება იქაურობა ისეთი, როგორიც იყო, როგორიც მახსოვს, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს, ყველა ადგილს მირჩევნია...
ყველანი ველოდებით, რომ დასრულდება ომი, როდის გაათავისუფლებენ ოკუპირებულ ქალაქებს და სოფლებს. გული მიკვდება, იმდენი ბიჭი იღუპება. რა დიდი დანაკარგია. რამდენი ძალისხმევაა საჭირო, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს... გენოფონდი იღუპება თავისუფლებისთვის...
ჩემი ფიქრები უკრაინას დასტრიალებს. ვნატრობ იმ დღეზე, როცა დავბრუნდებით ბერდიანსკში... და მერე საქართველოში სტუმრად ჩამოვალ, რადგან ძალიან შემიყვარდა აქაურობა“...
იულია ბედნიერია იმით, რომ ერთად არის მისი პატარა ოჯახი.
სიმშვიდე აქვს თვალებში, სიყვარული, მადლიერება...

Made on
Tilda