ირინა


ავტორი


ლალი შენგელია

საბავშვო ბაღში გამოშვების ზეიმიც არ ჰქონია მარკს. არადა, როგორ ელოდა ამ დღეს, ემზადებოდა...

6 წელი ქუთაისში შეუსრულდა და პირველ კლასში შევიდა, რუსულ სექტორზე. სკოლაში თბილად დახვდნენ, კარგად მიიღეს, მაგრამ მაინც სხვაგვარი იქნებოდა ეს დღე მის მშობლიურ ქალაქ დნიპროში.

ასე წარმოედგინა დედას - ირინა კოზაკს. სხვა ფიქრები და ოცნებები, სხვა გეგმები ჰქონდა.

ერთ დღეს ომმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი.

დნიპროდან შარშან ჩამოვიდა ბავშვთან ერთად, 15 მარტს. ომის დაწყებიდან ერთი თვეც არ იყო გასული.


რთულია მისთვის იმ დღეების გახსენება:

„ყოველდღე სულ უფრო და უფრო საშიში ხდებოდა ცხოვრება. არ დავსტრესეთ ბავშვი, მასთან ერთად რომ არ გვერბინა სამალავებში. ამიტომ გადაწყვიტა ჩემმა მეუღლემ, გამოვეშვით. გაზაფხული იყო, მაგრამ ძალიან ციოდა, ყინავდა. სადგურში ვიყავით მთელი დღე. საღამოს ხუთ საათზე ჩაგვსვეს მატარებელში. სავსე იყო ვაგონები. ბავშვებს ჩემოდნებზე ეძინათ - არც სითბო, არც შუქი. სხვა გზებით მიდიოდა მატარებელი, ნელა... დღე-ღამე მივდიოდით და ჩავედით ლვოვში. მერე საევაკუაციო ავტობუსით გადაგვიყვანეს ვარშავაში. იქ ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში იყო მოწყობილი სივრცე, სადაც შეიძლებოდა დასვენება, ღამის გათევა“.


ვარშავიდან დედა-შვილი ქუთაისში ჩამოფრინდა.


ბუკინგზე წინასწარ ჰქონდა ირინას მოძებნილი საოჯახო სასტუმრო. იფიქრა, დავრჩებით ქუთაისში სამი დღე, დავისვენებთ და მერე თბილისში წავალთო. მაგრამ ერთი თვე დარჩნენ და თან უფასოდ - ბინის პატრონმა ფული არ გამოართვა. ერთი თვის შემდეგ ნაქირავებ ბინაში გადავიდნენ. პირველ მასპინძლებთან კავშირი არ გაუწყვეტია. ბავშვი საბავშვო ბაღში რომ შეიყვანა, დრო რჩებოდა, ოთახების დალაგებაში ეხმარებოდა სასტუმროს მეპატრონეს და ერთჯერად გასამრჯელოსაც იღებდა.

ახლა ვერ მუშაობს, ბავშვს მარტო ვერ ტოვებს. სკოლაში დაჰყავდა, ბადმინტონზე, ფეხბურთზე. ბევრ ადამიანს იცნობს, უკრაინელებსაც, შეიძლება 2 საათით დაუტოვოს ბავშვი, მაგრამ მთელი დღე ვინ დაიკავებს?!

„ქუთაისელ“ უკრაინელებთან განსაკუთრებით მეგობრობს ირინა. მათი ნაწილი ხუთი-ექვსი წელია, აქ ცხოვრობს, ზოგი ქართველის ცოლია. აწყობენ კულინარიულ მასტერკლასებს, მუზეუმში იყვნენ ერთად, თეატრში. ბავშვები ერთობიან, დედები კი საუბრობენ, კიდევ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს.
ყველა უკრაინელ ქალს ახლა ერთი საფიქრალი აქვს - უკრაინის მომავალი, იქ დარჩენილების ბედი...

ირინასაც ადარდებს თავისი ოჯახი.


პირველ რიგში, მეუღლე, რომელიც ქალაქიდან გადავიდა და დედამისთან ცხოვრობს სოფელში.


დედაზეც ჯავრობს, ერთადერთი შვილია და დედასაც ძალიან ენატრება. უნდა ჩამოსვლა, მაგრამ ვერ ჩამოდის, დედამისს ვერ ტოვებს - ანუ ირინას ბებიას.
„მე და მარკს წასვლა გვინდა უკრაინაში, მაგრამ სტუმრადაც ვერ ვბედავთ. ცოტა ხნით რომ ჩამიყვანა, ბედნიერება იქნებოდა, საშიშია და თავს ვიკავებთ. აქეთ რომ მოვდიოდით, ვფიქრობდი, ორი კვირა დავრჩებით და ისევ დავბრუნდებით-მეთქი. წელიწადი და ოთხი თვე გახდა, არ მინახავს ჩემები,“ - გულისტკივილით ამბობს.

უკრაინაში ირინას მცირე ფირმა ჰქონდა, ბუღალტრად მუშაობდა ონლაინ. ქმარი ფერმერია, მაგრამ ახლა თითქმის არ არის მინდვრის სამუშაოები. შემოსავალი შემცირდა. გრივნას კურსიც დაეცა. ოჯახს კი რჩენა უნდა. ქმარი უგზავნის ბინის ქირას. დედა და ბიძა - დედის ძმა ეხმარებიან, როგორც შეუძლიათ.

ქუთაისი ძალიან შეუყვარდა ირინას: „მშვიდი, წყნარი ქალაქია. ბავშვისთვის ძალიან კარგია. ხალხი თბილია, კეთილი. იდეალური ქალაქია საცხოვრებლად. პატარა შემოსავალი რომ მქონდეს, თუნდაც 300 ლარი, უბედნიერესი ვიქნებოდი. მეტი ფინანსები მინდა, მეტი დამოუკიდებლობა. მერიდება, უკრაინიდან რომ მიგზავნიან ფულს... მაგრამ რა ვქნა?“

ქართულ ენას სწავლობს ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლაში. თვითონაც ეძებს გზებს, რომ საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს.


ბევრი ფიქრი და დარდი აქვს, თუმცა მთავარი კითხვები მაინც ეს არის (ორივეს გვინდა, პასუხები ერთი იყოს - მ ა ლ ე!):

როდის დამთავრდება ეს ყველაფერი?

როდის ვნახავ ჩემებს?


როდის შევიკრიბებით უკრაინაში?


Made on
Tilda