ირინა




ქალები უკრაინიდან

ავტორი
ლალი შენგელია

საქართველოში მის ჩამოსვლას თავისი მიზეზი აქვს.
ერთადერთი ქალშვილის ქმარი ქართველი იყო. ახალგაზრდებმა ერთმანეთი ხარკოვში გაიცნეს და რამდენიმე წელი იცხოვრეს ერთად. პირველი შვილიშვილიც ქართველია, რა თქმა უნდა. უკვე 17 წლის.
ირინა ხალეცკაია ლვოვიდაანაა, იქ სწავლობდა სკოლაში, მერე ოჯახი ხარკოვში გადავიდა.
2022-ში, ომი რომ დაიწყო, ცოტა ხნით კლასელთან ჩავიდა ლვოვში, შედარებით სიმშვიდეში. პოლონეთშიც ორი კვირა იყო და მერე იტალიაში წავიდა. ხუთი თვეც ვერ დარჩა. საქართველოში ჩამოფრინდა, რადგან აქ ეგულებოდა მისი ცხოვრების მთავარი მამაკაცი - შვილიშვილი.
ირინას ქალიშვილი და სიძე მალე დასცილდნენ ერთმანეთს. ბავშვი ირინამ გაზარდა. ხუთი წლის წინ ქალიშვილი მეორედ გათხოვდა და ალჟირში გადავიდა საცხოვრებლად. ბიჭის წაყვანაც უნდოდა, მაგრამ პანდემია დაიწყო და ვერ მოახერხა.
ალჟირი ჩაკეტილი ქვეყანაა. ქალები არ მუშაობენ, ირინას ქალიშვილიც სახლშია, დიასახლისობს. სამი წლის გოგონა ჰყავს. ქალები ვერ გადიან გარეთ მარტო, ან ქმარი უნდა ახლდეს, ან - დედამთილი. ალჟირელი სიძე უკრაინაში სწავლობდა, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია, მაგრამ ემორჩილება თავისი ქვეყნის მენტალიტეტს და ცოლიც ახლებურად ცხოვრობს ახალ გარემოში.
პანდემიის დროს ირინა და მისი ქართველი შვილიშვილი ერთად იყვნენ. მანამდეც ძალიან უყვარდა, მაგრამ ამ ორმა წელმა კიდევ უფრო დააახლოვა ერთმანეთს.
ჯერ კიდევ ომამდე, ბიჭს მამამ საქართველოში ჩამოსვლა შესთავაზა და ისიც დასთანხმდა.
ირინასაც ამიტომ გამოუწია გულმა საქართველოში.
აქ ბოლოს 15 წლის წინ იყო... ფოთში, მეუღლის სახლში იყო მაშინ მისი ქალიშვილი. იმის წინა ჩამოსვლა 2008 წლის 8 აგვისტოს დაემთხვა. ირინა ხარკოვიდან ავტობუსით მიდიოდა ბორისპოლის აეროპორტში, რომ იქიდან გადმოფრენილიყო საქართველოში. გზაში ქალიშვილის მესიჯი მიიღო: დედა, არ ჩამოხვიდე, ჩვენთან ომი დაიწყო.
როგორი იქნებოდა მისი შინ დაბრუნება? რთული არ არის წარმოსადგენად. შვებულება აიღო. ბინაში იჯდა და ყველა საინფორმაციო არხს უყურებდა, რომ ამბები გაეგო. სამი დღის მერე დაურეკა ქალიშვილმა - არ ინერვიულო, კარგად ვართო...
ახლა, 15 წლის შემდეგ, ისევ საქართველოზე შეაჩერა არჩევანი. ისევ შვილიშვილის სიყვარულმა ჩამოიყვანა. ბათუმშია ბიჭი, მუშაობს. ბებო ხშირად აკითხავს და ისიც ჩამოდის ხოლმე ქუთაისში.
ირინა მიეჩვია ქუთაისს. მოსწონს კლიმატი. განსაკუთრებით ის, რომ ზამთარი არ არის ცივი და თოვლიანი.
ამბობს: - არ მჯერა, რომ ქუჩა არ არის მოყინული, მოლიპული და საშიში.
სიარული უყვარს ძალიან. ბევრს დადის ქუთაისის ქუჩებში და ასე ინარჩუნებს ჯანმრთელობას, პოზიტივს, სიმშვიდეს...
მისი მთავარი საფიქრალი შვილიშვილებია. ორივე შერეული სისხლისაა, გამორჩეულად ლამაზები. სიყვარულით მიჩვენებს მათ ფოტოებს ტელეფონში:
- თითქოს ახლახან გამოვიყვანეთ სამშობიაროდან, გუშინდელივით მახსოვს ის დღე და ახლა რამხელა ბიჭია!
- ეს ნახეთ, რა საყვარელია! ძალიან პოზიტიური გოგონაა, სულ მიცინის, როცა მელაპარაკება. ნიჭიერია, არაბულიც იცის, რუსულიც...
მეორე საფიქრალი და სადარდებელი უკრაინაა. ცოტათი რომ დამშვიდდა სიტუაცია, უნდოდა ჩასვლა, მაგრამ ვერ გაბედა, ეშინია.
მეგობარი ეუბნება, რომ ძალიან რთული სიტუაციაა ხარკოვში. უჭირს ხალხს მორალურად, მატერიალურად. ყველაფერი შეიცვალა. მისი კორპუსიდან ბევრი მეზობელი წავიდა. ზოგმა გაყიდა ბინა, ზოგმა გააქირავა, ან ნაცნობებს დაუთმო. მის ბინას მეზობლები უვლიან. ისე, რომ ყვავილებიც კი ცოცხლობენ და ყვავიან...
ვწერ ახლა და ლამაზ კადრებად ვხედავ: როგორ ბრუნდება ირინა ხალეცკაია ხარკოვში თავის შვილიშვილთან ერთად. მეზობლები ხვდებიან სადარბაზოში. ბინაში შედის - წესრიგია ყველა ოთახში, თითქოს გუშინ დაკეტა კარი... ნაირფერი ყვავილები უცინიან კეთილ და ლამაზ დიასახლისს. ბიჭის მოსვლაც ძალიან უხარიათ. ომამდე წავიდა და არ ეგონათ, თუ დაბრუნდებოდა. მერე ალჟირიდან პატარა გოგონაც ჩამოდის და გაუთავებლად ტიკტიკებს ბებოს კოხტა ბინაში...
ირინაც ხედავს ალბათ ასეთ კადრებს. ეს არის მისი ოცნება, ფიქრი, სიზმარი...
არ მიკითხავს, მაგრამ რად მინდა კითხვა, ისედაც ვგრძნობ - დევნილებს, ლტოლვილებს ერთნაირი ნატვრა გვაქვს...

Made on
Tilda