ინა




ქალები უკრაინიდან

ავტორი
ლალი შენგელია

ინნა - ასე უფრო სწორია, მაგრამ არაქართული ფორმაა.
მისი გვარია პარხომუკი. ქმარი ქართველი ჰყავს და როცა გვარს ეკითხები, გპასუხობს, რომ არის რაზმაძე.
ბერეზნეგოვატოედანაა...
ბლოგის ერთი გმირი იყო უკრაინის ამ პატარა დასახლებიდან და კარგად დამამახსოვრდა ეს სახელი. თვითონაც გაუკვირდა, ასეთი რთული ტოპონიმი უშეცდომოდ რომ ვთქვი პირველივე ჯერზე (თუმცა მაშინ, პირველ გაგონებაზე, მომავალ პერსონაჟს ჩავაწერინე ბლოკნოტში, რომ არ შემშლოდა).
იქ, შორეულ უკრაინაში დარჩნენ მისი ოჯახის წევრები - დედა, მამა, ძმა, ბებიები და, რა თქმა უნდა, ყველა ენატრება.
ქმარსაც ენატრება იქაურობა - 17 წელი იცხოვრა უკრაინაში. იქ მუშაობდა. უკრაინაში გაიცნო ინამ. ომის პირველ ხანებში სახლში დარჩნენ - თებერვლიდან სექტემბრამდე.
ომი რომ გაგრძელდა, ბავშვის გამო შეეშინდათ და წამოსვლა გადაწყვიტეს. მოლდავეთიდან ჩამოსვლას კარგა ხანს მოუნდნენ...
ინა უკრაინის პატარა დასახლებიდან საქართველოს პატარა დასახლებაში მოხვდა - ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში.
მეუბნება: „ბევრი უკრაინელი ევროპაში წავიდა, იქ ბევრი უკეთესად მოეწყვნენ. ჩვენ არ გვიფიქრია სხვაგან წასვლა. ქმარს აქეთ გამოუწია გულმა. არაა გასაკვირი, აქ ჰყავს ოჯახი. მერე ისევ უკრაინაში ვაპირებთ დაბრუნებას და ცხოვრებას“.
მთიანი სოფელია და მოსწონს ინას. თვითონაც სოფელში ცხოვრობდა, მაგრამ მისი სოფელი უფრო მჭიდროდ იყო დასახლებული, ახლო-ახლოს იყვნენ მეზობლები.
ასე ამბობს: „გაიხედავდი ჩვენთან და ეზოებს ხედავდი, სახლებს, ადამიანებს. აქ კი გაიხედავ და - მთებია... მაგრამ ძალიან ლამაზია მთები, საერთოდ ბუნება საქართველოში განსაკუთრებულია“.
აქაურობას მიეჩვია, ხედავს, რომ ქმარიც კარგად გრძნობს თავს, თავისიანებში, მონატრებულ გარემოში.
თვითონ თავისი მშობლიური კუთხე ენატრება.
მშობლები ხშირად ურეკავენ ინას, უყვებიან იქაურ ამბებზე, აინტერესებთ, რა ხდება საქართველოში, როგორ მიდის მათი ცხოვრება.
უკრაინაში მამის დედასთან ცხოვრობდა ინა. ბებიამ აჩუქა სახლი და მასთან იყო. ბებია 84-ის გახდა უკვე, ვერ ეგუება, ინა რომ წამოვიდა. ყოველ დარეკვაზე იმას ეკითხება, როდის ჩამოხვალთო.
რა თქმა უნდა, თვითონაც უნდა წასვლა, მაგრამ ჯერჯერობით თავს იკავებს. შვილი მე-7 კლასშია. დანილო ჰქვია. ორი წელია, ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლაში დადის რუსულ სექტორზე. ადვილად შეეჩვია კლასელებს. ქართული ენაც ისწავლა.
- ჩემზე უკეთ იცისო, - ამბობს ინა. - მამა კია ქართველი, მაგრამ არც შვილს ასწავლიდა ქართულს და არც მეო.. ახლა რომ ვიცოდე ქართული, ძალიან გამომადგებოდაო.
მუშაობაზე კი ფიქრობს, მაგრამ არ შეუძლია ჯანმრთელობის გამო. ოჯახს მეუღლე არჩენს - კარგი ხელი აქვს, ბევრი რამ ეხერხება და სამუშაოც სულ გამოუჩნდება ხოლმე.
დანილო ქუთაისში სწავლობს და ამიტომაც მშობლები ქუთაისში ქირაობენ ბინას. ცდილობენ, ხელი შეუწყონ ერთადერთი შვილის განათლებას.
სოფელშიც ხშირად ჩადიან, ეხმარებიან ოჯახს სამეურნეო საქმიანობაში. კარგი ურთიერთობა აქვს მეზობლებთან, რადგან მშვიდი, უკონფლიქტო ადამიანია.
მეორე სექტემბერი გავიდა, რაც საქართველოში ცხოვრობს ინა პარხომუკი თავის ქართველ ქმარ-შვილთან ერთად. გაურკვეველია, კიდევ რამდენ ხანს მოუწევს აქეთ ყოფნა, რადგან, სამწუხაროდ, ომს ჯერ ბოლო არ უჩანს...
როგორც ყველა უკრაინელს და უკრაინელთა გულშემატკივარს, ინასაც სჯერა, რომ ომი მალე დასრულდება და მიმოფანტული უკრაინელები დაუბრუნდებიან თავიანთ კუთხეს...

Made on
Tilda