ჟანა


ავტორი


ლალი შენგელია

ჩემზე რა უნდა დაწეროთო, გაიკვირვა.

მეც არ ვიცი, მაგრამ ვილაპარაკოთ და გამოჩნდება-მეთქი.
არ იცის, რომ ყველა ადამიანი საინტერესოა თავისი გზით, ფიქრებით, განცდებით და დასაწერს ყოველთვის იპოვი... ყველაზე.

ჟანა კრავჩენკოს ამბებშიც აღმოჩნდა განსაკუთრებული რაღაცები.

როცა ადამიანის ცხოვრებაში ომი ჩნდება, მის ქალაქზე, სახლზე, გულზე გადის - ეს უკვე არის სხვანაირობა...

ჩუგუევი, სადაც ჟანა ცხოვრობს, პირველი იყო, რომელმაც ომი იგრძნო. ეს პატარა ქალაქია ხარკოვის ოლქში, რუსეთთან ახლოს. პირველად აქაური სამხედრო ნაწილი დაიბომბა.

ჟანა მაშინ არ იყო თავის ქალაქში. მეუღლესთან ერთად მეუღლის ბიძაშვილს ესტუმრნენ ყირიმში და თებერვლის იმ ავადსახსენებელმა დღემაც ყირიმში მოუსწროთ. ვერც დაბრუნდნენ მერე სახლში.

მარტის დასაწყისში წამოვიდნენ ყირიმიდან. მანქანით. უკრაინული ნომრებით. ეს რისკი იყო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. ომი პირველ დღეებს ითვლიდა და რუსები ძალიან მკაცრად ამოწმებდნენ გზაში.

მაგრამ გამოაღწიეს. პირდაპირ ქუთაისისკენ ჰქონდათ გეზი - ქმრის ნათესავს ჰყავდა აქ ნათესავი და ასე წამოვიდნენ...
მშობლები იქ დარჩნენ. პირველ ხანებში სულ სარდაფში იყვნენ, ბევრი სირთულე გამოიარეს და მერე პოლტავაში წავიდნენ, ბებიასთან. ჩუგუევს დღესაც ბომბავენ. მათი სახლი კი დგას, მაგრამ ღმერთმა იცის, ხვალ რა იქნება. ჟანა მშვიდობაზე ფიქრობს, შინ დაბრუნებაზე, თავის საახლობლოსთან შეხვდრაზე...

ექვსი თვეა, ქუთაისში არიან. ახლა ბინას ქირაობენ ჟანა და მისი ქმარი. მაგრამ ქირა სიმბოლური თანხაა და მეპატრონეც ძალიან კარგი ადამიანია. აფხაზეთიდანაა და იცის ომის და ფუძიდან აყრის სიმწარე. ამიტომაც კარგად ესმის უკრაინიდან ჩამოსულების.

ჩვენ რუსულ ენაზე ვსაუბრობთ, თუმცა ჟანა მეუბნება, რომ არ სიამოვნებს ამ ენაზე ლაპარაკი - თუ საურთიერთობოდ სხვა გზა არ არის, თორემ ახლა სიტყვას ვერ დააცდენინებო ბევრს, ვინც ადრე ჩვეულებრივად ლაპარაკობდა რუსულად.
უკრაინაზე, მშობლებზე, იქ დარჩენილ ადამიანებზე საუბრისას თვალები ცრემლით ევსება.

მაგრამ საქართველოზე რომ ავლაპარაკდით, ქუთაისზე, სულ სხვა ადამიანად იქცა, ხალისი დაუბრუნდა, ვარსკვლავები აუთამაშდა თვალებში.

- როგორ შეიძლება, საქართველო არ მოგწონდეს, არ შეგიყვარდეს. ძალიან კეთილი ხალხია აქ. ეს გულუხვი ქვეყანაა. ყოველთვის მესმოდა ქართველების სტუმართმოყვარეობაზე, განსაკუთრებულობაზე, მაგრამ ახლა ჩემით გავიგე და დავინახე. მეზობლები ცალკე ფენომენია. რომ ჩამოვედით, უცებ მოვიდნენ, გაგვიცნეს, უამრავი გემრიელობა მოგვიტანეს. ეს შოკია ჩვენთვის - ჩვენთან ასე არ არის. ჩვენთან სადარბაზოს ხალხიც არ იცი. თუ შეხვდები ხოლმე, როცა ბინიდან გამოდიან ან შედიან, მხოლოდ გამარჯობით შემოიფარგლები. აქ კი მეზობლების ნათესავებიც იცი. ეს სასწაული რამეა მართლაც, ჩვენთვის უჩვეულო, საინტერესო და ძალიან დასაფასებელი. ქართულსაც ვსწავლობთ ცოტ-ცოტა. ვცდილობთ, მასპინძლების პატივსაცემად ჩვენც ქართულად ვუპასუხოთ ხოლმე.

ჟანას და მის მეუღლეს ძალიან უნდათ სახლში დაბრუნება, მაგრამ ეს ჯერ შეუძლებელია. ამიტომ ევროპაში აპირებენ წასვლას. მათი ბინის მეპატრონე ინგლისურის სპეციალისტია და მასთან ინგლისურსაც სწავლობენ - იციან, დასჭირდებათ. წასვლა ძნელი არ არის, მაგრამ არის ერთი ბარიერი - 10 წლის რიჩი, ძაღლი, რომელიც აქ ჩამოიყვანეს, მაგრამ საბუთები არ აქვთ და ევროპაში უსაბუთოდ ვერ წაიყვანენ. ცდილობენ, მალე მოაგვარონ ეს საქმე, თუმცა აქედანვე იციან, რომ ქუთაისთან განშორებაც გაუჭირდებათ...

...ეს ფოტო ხარკოველი ვლადიმერ ოგლობლინის ფოტოალბომიდანაა. სულისშემძვრელი ფოტოები აქვს. ფოტოგრაფის დღიური მეგობარმა გამოაქვეყნა მისი მესიჯების საფუძველზე. პირველი ჩანაწერი 24 თებერვალსაა გაკეთებული და ბოლო - 11 მარტს. დღიური ასე მთავრდება: რუსეთი განწირულია. უკრაინის ეფექტი მას ისევე დაშლის, როგორც ავღანეთის ეფექტმა დაშალა სსრკ.

ჟანა და ჩვენ, ყველანი, ველოდებით ამ დღეს...


Made on
Tilda