მრგვალი მაგიდა ძალადობის მსხვერპლთა სერვისების შესახებ



ავტორი
ზეკო ხაჩიძე

„ადგილობრივ დონეზე ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობა“ – ეს გახლდათ მრგვალი მაგიდის თემა მედიის, ადგილობრივი ხელისუფლების, სერვისების მიმწოდებელი სხვა სუბიექტების, ბენეფიციარების ჩართულობით, რომლის ორგანიზატორიც ქალთა ფონდი „სოხუმია“.

როგორ სრულვყოთ ძალადობის მსხვერპლთათვის რეალური მხარდაჭერა არასამთავრობო და სამთავრობო სექტორმა, მედიამ, საზოგადოების წარმომადგენლებმა? რა შეიძლება გავაუმჯობესოთ, შევცვალოთ?
ამ შეკითხვის პასუხებს ვეძებდით ჩვენს სტუმრებთან ერთად ონლაინ შეხვედრაზე, სადაც პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბრის დაწყებამდე, პროექტის ასისტენტმა ლინდა ჩიხლაძემ ვებგვერდის „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ პრეზენტაცია ეფექტურად წარმოადგინა. ეს საიტი ჩვენი პროექტის მთავარი მიზნის ერთი სიმბოლური სახეა, რომელიც უსასრულოდ ბევრ ინფორმაციას და რჩევას იტევს: სიახლეებს, თემატურ ლიტერატურას, კვლევებს, სტატისტიკას, ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებს, ქალთა მხარდაჭერის ცენტრალურ, მუნიციპალურ და არასამთავრობო სერვისების გრძელ ნუსხას, რომელიც ერთნაირად საინტერესოა, როგორც ძალადობის მსხვერპლისთვის, ასევე მსხვერპლის თანადგომით დაინტერესებული ადამიანისთვის.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები იყვნენ სენაკის, სამტრედიის, თერჯოლის, ქობულეთის, ოზურგეთის, ბაღდათის, ვანის, წყალტუბოს, ტყიბულის, ზუგდიდის, ხონის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სოციალური სამსახურებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების წარმომადგენლები, ჟურნალისტები ტყიბულის, ფოთის, ქუთაისის, ოზურგეთის, თერჯოლის მედიაორგანიზაციებიდან, თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები.

სენაკის, თერჯოლისა და ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ისაუბრეს ადგილობრივ დონეზე ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით ქალებისთვის არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე:

„მთავარია, სახელმწიფომ ცნო, რომ ოჯახური ძალადობის საქმე არის სახელმწიფოს საქმე! ქალებმა, რომლებთანაც მე ურთიერთობა მქონია, თავიდან არც კი იცოდნენ რომ ძალადობის მსხვერპლები იყვნენ. დღეს სურათი შეცვლილია. ეს ჩემი გამოცდილებაა და ფონდი „სოხუმის“ პროექტის ეფექტია. კიდევ ბევრია სამუშაო ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და არასამთავრობო სტრუქტურების კოორდინაციით იმისთვის, რომ გრძელვადიანი დახმარებების მოდელზე მივიდეთ. უმნიშვნელოვანესია დაფინანსების გაზრდა თვითმმართველობის ეგიდით“ - რუსუდან კოვზირიძე, თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორი.

„ყველაზე დიდ პრობლემად კოორდინაციის საკითხი რჩება. ყველა რგოლი თვლის, რომ მეტ-ნაკლებად ეფექტურად მუშაობს და რეალურად ასეა, მაგრამ სწორი ორგანიზებით, ურთიერთშორის დროულად და საჭირო ინფორმაციის გაცვლით, ჩვენ ძალადობის მსხვერპლებს ცხოვრებას კიდევ უფრო გავუადვილებთ, პრევენციასაც მეტი აზრი და შედეგი ექნება“ - ნათია კიკვაძე, ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორი.

„დღის მანძილზე გვიკავშირდებიან ქალბატონები. მათთვის ჩვენ მფარველი ანგელოზები ვართ. ტელეფონი, რომელიც თქვენ გადაეცით ფონდის სახელით საჩუქრად, ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი გახდა თავის დასაცავად. მოძალადისთვის ამ აპლიკაციის გააქტიურება და ხმის გაგონებაც კი, რომ ეს ქალი მარტო არაა, გადამწყვეტ ფაქტორად იქცა. ჩვენი მუშაობის დახვეწა, მუნიციპალიტეტებთან ერთად, აუცილებელია ჩვენი ქალების გაძლიერებისთვის“ - ბელა ბიგვავა, ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორი.

რა უნდა გაკეთდეს ადგილობრივ დონეზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების კუთხით არსებული სერვისების გაუმჯობესებისთვის, ახალი და მდგრადი სერვისების დანერგვის კუთხით და ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისათვის?

ადგილობრივი ხელისუფლება ძალადობისგან დაცვის სახელმწიფო რეფერალური მექანიზმის სუბიექტს წარმოადგენს და საქართველოს კანონმდებლობით, სხვადასხვა სახელმწიფო სამოქმედო გეგმებით აქვს უფლებამოსილება და ვალდებულება, ჩაერთოს ძალადობის პრევენციის, შემთხვევების იდენტიფიცირების, მსხვერპლთა დახმარების საკითხში, რასაც ყველა მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად პასუხობს შესაბამისი პროგრამებით. ფონდ „სოხუმს“ ამის დიდი გამოცდილება აქვს.

თვითმმართველობების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტებში არსებულ საუკეთესო პრაქტიკასა და ქალთა მხარდაჭერის სერვისების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

„2015 წელს გაჩნდა პირველი ჩანაწერი ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალადობის თემაზე. ამის შემდეგ ვიზრდებით, ვაჩენთ ახალ ბერკეტებს მსხვერპლთა გაძლიერებისთვის: ერთჯერადი ფულადი დახმარება, ბინის ქირის უზრუნველყოფა, გადამზადება, მსხვერპლთა თავშესაფარი. ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოხდა. გვაქვს უწყებათაშორისი საბჭო ფართო წარმომადგენლობით და კიდევ ვცდილობთ მეტი გავაკეთოთ ამ კუთხით, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ვართ მუნიციპალიტეტებს შორის. თქვენს უნიკალურ საიტს აქტიურად გამოვიყენებთ ბენეფიციარებთან მუშაობის დროს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და ფონდ „სოხუმის“ თანამშრომლობა ნამდვილად სამაგალითოა“ - გოგი რევია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი.

„როცა საკრებულოში ფეხი შემოვდგი, პირველი რაც გავიგონე, ქალთა ფონდი „სოხუმი“ იყო! მე თვითონ აქტიური ადამიანი ვარ, წარმატებული მეწარმე და დიდი სურვილი მაქვს ჩემი მუნიციპალიტეტი მოწინავე იყოს ქალთა გაძლიერების საკითხში. გვაქვს ბევრი სერვისი, მაგრამ მეტი გამოცდილება გვინდა და თქვენთან ურთიერთობით აუცილებლად ვსრულყოფთ. გვაქვს ქალთა ოთახი, ერთჯერადი დახმარებები და საბინაო გადასახადებით უზრუნველყოფაც, მაგრამ მთავარი, ცნობიერების ამაღლება და განათლების ხელისაწვდომობაა ძალადობის მსხვერპლთათვის, რომ გვერდით დგომა ერთჯერადი და ფრაგმენტული არ იყოს“ - ნინო ჭანიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

მრგვალი მაგიდის მონაწილე ჟურნალისტების აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციაა თითოეული ქეისი არ დარჩეს ხელისუფლებისგან დამალულ პრეცედენტად, როგორი სავალალოც არ უნდა იყოს ის, რადგან საჯაროობაა ერთადერთი იარაღია ძალადობის პრევენციისთვის.
პროექტი, რომელიც მხარდაჭერილია კანადის თანასწორობის ფონდის მიერ, დასავლეთ საქართველოს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში (სამტრედია, თერჯოლა, ვანი, ბაღდადი, ტყიბული, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩოხატაური და ქობულეთი) წარმატებით მუშაობს. ის გულისხმობს ქალებისთვის ისეთ ინფორმაციასთან წვდომის გაუმჯობესებას, რომელიც ეხება ცენტრალურ, მუნიციპალურ თუ არასამთავრობო სერვისებს. ასევე ელექტრონული წიგნიერების გაუმჯობესების ხელშეწყობას, დიალოგს და ინტერაქციას ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სამოქალაქო სექტორს შორის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი მდგრადი სერვისების შექმნის მიზნით.

მრგვალი მაგიდის ფორმატში პროექტის მოკლე მიმოხილვა გააკეთა კოორდინატორმა თეა თორინავამ, ხოლო „საინფორმაციო შეხვედრებზე ქალებთან“ ისაუბრა პროექტის ასისტენტმა გურანდა გვანცელაძემ.

მრგვალი მაგიდა „ადგილობრივ დონეზე ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობა“ ვებგვერდის მაღალი შეფასებით დასრულდა.

„თქვენი საიტი ოცნების ახდენაა, სრულყოფილი ელექტრონული სამაგიდო წიგნი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ქალთა თემაზე მუშაობს“ - რუსუდან პაჭკორია, ასოციაცია „მერკურის“ იურისტი.
Made on
Tilda