გალინა




ქალები უკრაინიდან

ავტორი
ლალი შენგელია

ზღაპარს ჰგავს მისი ამბავი. და ზღაპარივით უხდება საახალწლო დღეებს.
გალინა ზაკრევსკაზე უნდა გიამბოთ. ვიცი ქართული წერაო და გვარი თვითონ ჩამიწერა ბლოკნოტში.
წელიწადნახევარია, საქართველოშია ოჯახთან ერთად. მეუღლე ქართველი ჰყავს, უკრაინაში გაცნობილი. სიყვარულის ისტორიაც იქ დაიწყო, ოდესაში...
გალინამ ოდესაში დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტი. სხვადასხვა საავადმყოფოში მუშაობდა სტუდენტობიდან - მოსწონდა თეორიაც და პრაქტიკაც ერთდროულად.
მეუღლეს 20 წელია, იცნობს. მისი მასწავლებელი იყო ქირურგიაში.
ექიმო, დოქტორ - ასე მიმართავდა, ხანაც სახელითა და მამის სახელით... ამ ოფიციალური ურთიერთობის მიუხედავად, ისე დაახლოვდნენ, რომ გააცნო ბიჭი, რომელიც მოსწონდა. მან კი გააცნო გოგო, რომლის ცოლად შერთვასაც აპირებდა...
მაშინ ვერცერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთმანეთს დაუკავშირებდნენ ცხოვრებას...
გალინას აციმციმებულ თვალებზე ეტყობა, როგორ სიამოვნებს „ლავ სთორის“ ხელახლა შეგრძნება.
ბიჭმა, რომელსაც ხვდებოდა, ცოლი მოიყვანა. მასწავლებელიც დაპატიჟა ქორწილში. იმ დროს ის საქართველოში იყო და ჩამოვიდა.
გალინას ყველაფერი კარგად ახსოვს, წლები, თვეები, მნიშვნელოვანი ამბები:
„ვმუშაობ ოდესის დიდ, 1656-ადგილიან საავადმყოფოში. ვსწავლობ, ვიზრდები, როგორც პროფესიონალი. ყველა მეხმარება განვითარებაში. ყველას ვუყვარვარ და, როგორც ხდება ხოლმე, ყველა საქმროს ეძებს ჩემთვის. ამ ადამიანზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩვენს შორის 11 წელია განსხვავება და პატარა ბავშვივით მექცევა...“
მაგრამ გალინა თანდათან მიხვდა, რომ მასწავლებელთან ურთიერთობა სიყვარულს ემსგავსებოდა...
2011 წლის დეკემბერში ის საქართველოში იყო. ურეკავს და ეუბნება, რომ ავარიაში მოხვდა. სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. გალინასთვის მისი ბედი სულერთი არ იყო და, რა თქმა უნდა, ძალიან განიცადა. გამოკეთდა და 2012 წლის თებერვალში დაბრუნდა უკრაინაში. ისევ რომ დააპირა საქართველოში წამოსვლა, გალინას სთხოვა, გაჰყოლოდა.
„მეგობარი გოგო წავიყვანე. აბა, მარტო რატომ? ცოლი ვარ? შეყვარებული? ერთი კვირა ვიყავით აქ და ისევ წავედით უკრაინაში. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ იყო ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ ეს უკვე განაცხადს ნიშნავდა. უკრაინაში რომ ჩავედით, მეკითხება, გახდები ჩემი ცოლი?
ვეუბნები: ექიმო, თუ ჩემი ბეჭდის ზომას გამოიცნობ, გამოგყვები.
სამი ბეჭედი მომიტანა - სამივე მომერგო.
27 წლის ვარ. ვტირი, არ მინდა გათხოვება.
ასპირანტურაში ვარ, კარიერაზე ვზრუნავ. გათხოვება ყველაფერს შეცვლის...
დედა მსაყვედურობს: კაცი სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა, როგორ შეიძლება უარის თქმაო?
მამინაცვალმა: - რა გატირებსო? სხვა ქვეყანაა, სხვა მენტალიტეტი, რომ ვერ ვიცხოვრო, ვერ შევეგუო, - ვეუბნები.
- მერე რა? თუ ვერ მიეჩვევი, სახლში დაბრუნდებიო, - „დამამშვიდა“.
დავთანხმდი და 25 მაისს ისევ ჩამოვედით საქართველოში. მეგობარი გოგოც წამოვიყვანე. უკვე საქორწილოდ ვემზადებით.
- იქნებ სახელით მომმართო, - მთხოვა. - 9-ში ქორწილი გვაქვსო... ქორწილამდე ერთი კვირით ადრე მაკოცა პირველად. თან ნებართვა მთხოვა... დაუჯერებელია, მაგრამ ასე იყო...“
გალინას ქორწილი საქართველოში იყო: ლამაზი, ქართული, უხვი... მერე უკრაინაში დაბრუნდნენ. დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი: ოჯახი, სამსახური. ორი ბავშვის დაბადება.
გალინა უროლოგია, ქირურგი. 4 თვისა იყო პირველი ბავშვი, სამუშაოზე რომ გავიდა.
„ძუძუზე მყავდა. დილას ვაჭმევდი, შუადღეს ქმარს მოჰყავდა. ღამის ცვლიდან გამათავისუფლეს. მეორე რომ დაიბადა, ორი თვიდან თან მყავდა სამსახურში. მე ვმუშაობდი და ყველა მეხმარებოდა - ექიმები, სანიტრები, მედდები. ასე გაიზარდა - ხელიდან ხელში“.
ომამდე ყველაფერი კარგად იყო, ბედნიერად ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ. ომის დროსაც იქ იყვნენ რამდენიმე თვე, მაგრამ გალინას არმიაში იწვევდნენ. ორშვილიანებზე შეღავათი არ იყო, მხოლოდ სამშვილიანებს ტოვებდნენ. 19 უწყება დაუგროვდა დედამისს...
ამიტომ გადაწყვიტეს წამოსვლა და 2022 წლის 22 ივნისს ჩამოვიდნენ საქართველოში.
მეუღლის ოჯახი ზესტაფონშია, თვითონ ქუთაისში ცხოვრობენ. ბიჭი 10 წლისაა, გოგონა - ხუთის. ერთი ქართულ სკოლაში დადის, მეორე - ქართულ საბავშვო ბაღში. რაც მათ პატარაობაში არ ეცალა, ახლა აქვს დედიკოს უამრავი დრო მათთვის. მეუღლე ქუთაისში მუშაობს კლინიკაში. თვითონ ჯერ ვერ იპოვა სამსახური და ძალიან დარდობს:
„სახლი, მყუდროება - არ არის ჩემი. 13 წელი ვიმუშავე. „ტრუდოგოლიკი“ ვარ. მიყვარს ავადმყოფები. ერთხელ სამი დღე გადაბმულად ვიდექი ღვიძლის გადანერგვაზე: პირველ დღეს - 12 საათი, მერე - 10 საათი და 8 საათი. მესამე ოპერაციის ბოლოს იატაკზე დავეშვი და ვერ ავდექი. ხელში აყვანილი გამიყვანეს საოპერაციოდან. მუშაობის დროს დაღლას ვერ ვგრძნობ, პირიქით, ძალიან დიდი სიამოვნებაა ჩემთვის. მენატრება საავადმყოფო, საქმე, ოპერაციები...“
გალინა ზაკრევსკას სიყვარულის ისტორია გრძელდება. უკვე საქართველოში. საახალწლო ნატვრაც ოჯახის ბედნიერ მომავალს ეხება. ღმერთმა აუსრულოს...


Made on
Tilda