ფროიდის დივანი და Gen Z







ზეკო ხაჩიძე

რას ვაკეთებთ ჩვენ ყოველდღიურად? ვშრომობთ, ვსაუბრობთ, ვწერთ, ვაპროტესტებთ, განვიკითხავთ, ვუთანაგრძნობთ, წინ მივდივართ თუ უკან ვრჩებით.. მაგრამ ნებისმიერ ამ აქტში, ვითხოვთ, ან ვგულისხმობთ შვილების თანამოაზრებას.
აი, ხომ ძალიან ხშირია „დედამ არ წამახალისა, მას არ სჯეროდა ჩემი და კომპლექსები ავიკიდე“? ახლა კიდევ სულ პირიქით - „შვილი არ მეთანხმება და იქნებ საკუთარ შეხედულებებს გადავხედო...“ - და ეს ბუნებრივია. ბუნებრივია, რადგან ჩვენი მშობლებისგან განსხვავებით, დღევანდელი მშობელი ნათლად ხედავს იმ დიდ ინტელექტუალურ, ინფორმაციულ თუ ემოციურ ლუფტს, რაც ჩვენსა და შვილებს შორის გაწვა - თითქოს არც ისე დიდი ქორონიკონით, მაგრამ იდეურად ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ოდესმე, სხვა თაობებს შორის ყოფილა.
Online და offline თაობა. პანდემიით გაჩეხილი ხიდებით.
ეს ჩვენ ვართ, ჩვენი შვილებით. ჰოდა, ყველაფერს, რასაც შრომით, კრეატივით, პირადით თუ საზოგადოებრივით, ჭაპანჩაჭიდებული ვქაჩავთ და გვგონია, წინ მივიწევთ, მათი გზის ოდნავ გაკვალვის ცდაა და მთავარი ექსპერტებიც ისინი არიან. ისინი, რომელებსაც აღარ ედეფიციტურებათ „ფროიდის დივნის“ იდუმალება, რადგან საქართველოშიც კი, თითქმის ყველა ახალგაზრდაზე ერთი პერსონალური ფსიქოლოგი მოდის. მათ ჩვენზე კარგად იციან ადიქციაც და პერვერტულობაც, ბიპოლარიც და შფოთვაც. ჩვენზე ოპერატიულად ახერხებენ მიიღონ დახმარებაც და განმარტებაც. მოკლედ, ისინი, განვითარების ბევრი თვალსაზრისით, კარგა ხანია თავზე გადაგვახტდნენ და კომუნიკაციის ან თვითგამოხატვის ნორმებიც დიდი ხანია შეცვალეს. და ვჩქარობთ, უკან მაინც გავყვეთ ფეხდაფეხ..
სწორედ ამ ობიექტური რევერანსით მოვხვდი 24 სექტემბერს კონფერენციაზე სტუდენტებთან და კიდევ ერთხელ ვეცადე მეპოვა საერთო სიტყვები, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს და კიდევ ერთხელ დავფიქრდი, -არის თუ არა ჩემი სიტყვები რელევანტური მათი ყოველდღიურობისთვის.
ჩვენ ქალთა ფონდს წარმოვადგენთ. ჩვენ, ანუ სპიკერები.
„ჟურნალისტების როლი გენდერული დეზინფორმაციის აღმოფხვრასა და ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის საკითხების ეთიკურ და პასუხისმგებლიან გაშუქებაში“ - ეს კონფერენციის თემაა.
მე უნდა ვისაუბრო ბლოგების შექმნის ისტორიაზე, რომელსაც ძალადობის მსხვერპლ ქალებზე ვწერ და პარალელურად ვფიქრობ, რა აქვს საერთო მათ გენდერულ დეზინფორმაციას ჩემს გენდერულ დეზინფორმაციასთან? ჩვენი ბონუსი გამოცდილებაა, მათი ბონუსი - ახალგაზრდული კრიტიკულობა. მგონია, რომ მედიაწიგნიერებაშიც ჩემი თაობის უმეტესობაზე უკეთ ერკვევიან, ეს ხომ მათი თანდაყოლილი ინსტრუმენტია? ის, რაც ჩვენ, მეტნაკლებად რომანტიკული ეპოქის შვილებმა გარაციონალურობის გამო უნდა ვისწავლოთ, ანუ ციფრული ტექნოლოგიები, პლატფორმები, პარადიგმები და ათასი დამღლელი წვრილმანი, - მათთვის ისეთივე ორგანულია, როგორც 80-იანელებისთვის ბაღში პათოსით ნათქვამი პატრიოტული ლექსი.
ამიტომ, პირველი და მნიშვნელოვანი, ყველა საქმის კეთების დროს, საკონტროლო აუდიტორია სწორედ ასეთია. ასეთი, რომელსაც არ აშინებს სიტყვის თქმა, თუნდაც არც ისე ბრძნულის და ორიგინალურის, ასეთი, რომელიც ასაკობრივი თავაზიანობისთვის ხარვეზს არ გაგიტარებს, ასეთს, რომელმაც შეიძლება ყველა კლასიკოსი არ იცის, მაგრამ იცის ის, რაც თვითონ აინტერესებს.
დიახ, ჩვენ გენდერულ დეზინფორმაციაზე ვისაუბრეთ. ეს სწორედ ის პრობლემაა, რომელშიც მათი პრევენცია გვევალება. ახლა გააზრებულზე კიდევ მეტად მომწონს კონფერენციაც და ფორმატიც, რადგან ვიცი, სჯობია, ჩვენი ბიოგრაფიები გაიწმინდოს დეზინფორმაციების ჭუჭყიანი ჭავლისგან, ჩვენი სალაპარაკო იყოს ტყუილის და მართლის გამორჩევა კონკიას მუხუდოსავით, ვიდრე მომავალმა ხარჯოს ამაში ემოციური ან ვერბალური რესურსი.
ჰოდა, რა კარგია, რომ „ფროიდის დივანი“ აღარ ჭირდება ახალ გენერაციას იმისთვის, რომ უკუკავშირი აღგიდგინოს, ამოიცალოს, ცნობიერი და ქვეცნობიერი არ გადაგიმალოს, ძველებური წესებით, უფროსებისგან წინასწარ დაწერილი რეპლიკები საკუთარ სიბრძნეებად არ გიფრიალონ.. უბრალოდ გისმენდნენ, შენიშვნებს გაძლევდნენ, მოწონდე ან არ მოწონდე..
და კიდევ. მსგავსი კონფერენციები სწორედ ახალგაზრდების აუდიტორიის წინ უნდა იმართებოდეს. ეს არის ჩვენი ბრძოლა - გენდერული და ნებისმიერი დეზინფორმაციით მიყენებული ტკივილების, მოვლენის სიმახინჯის, ადამიანების სულის კვლის პროცესის პრევენცია! ასეთ ცოცხალ კონტაქტში იბადება ნდობა და შეთანხმება - არ ვავნოთ ერთმანეთს და თუ მაინც გევნო, ისწავლო ფეხზე წამოდგომის სწორი ხერხები, სხვისი დაცვის ნორმა, საჯაროდ თქმის და წერის ზომიერება, წაკითხულის ანალიზი, გაიზარდო შენს საზოგადოებასთან ერთად, ადამიანის უფლებების სრული დაცვით და პატივისცემით.
ჩვენ ამ გზებზე სიარულს ჯერ კიდევ ვსწავლობთ და საკუთარ გამოცდილებაზე გამოცდას ვაბარებთ იმ თაობას, რომელმაც თვეების წინ, უკეთესი მომავლის რწმენა დაგვიბრუნა!
მომავალ შეხვედრამდე..


„ჟურნალისტების როლი გენდერული დეზინფორმაციის აღმოფხვრასა და ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის საკითხების ეთიკურ და პასუხისმგებლიან გაშუქებაში“, მე, როგორც ბლოგერი, მონაწილეობას ვიღებდი ერთ-ერთი სპიკერის რანგში. ჩემი საუბრის თემა იყო „ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების ეთიკური გაშუქების მნიშვნელობა და საუკეთესო პრაქტიკები“.
ვისაუბრე ქალთა ფონდ „სოხუმში“ თანამშრომლობის სამწლიან გამოცდილებაზე, რომელმაც საშუალება მომცა ახლოს გამეცნო ათეულობით ძალადობაგამოვლილი ქალი, ჩემი რესპონდენტები, მენახა მათი ცხოვრება სარეაბილიტაციო ცენტრში, დავკვირვებოდი მათ გარდასხვას, „ახალი სუნთქვისთვის“ მზადებას და დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას.
ვისაუბრე როგორ იქმნება ჩემთვის ბლოგი. როგორ ვცდილობ არ ვავნო რესპონდენტის ცნობიერებას და ბიოგრაფიას, როგორ ვუფრთხილდები მისგან თუნდაც კატეგორიულად მოწოდებულ ინფორმაციას, რომელშიც სხვის დადანაშაულებას ან თავის გამართლებას იწყებს. შეძლებისდაგვარად, აუდიტორიასთან გულახდილად ვისაუბრე იმაზეც, რომ ეთიკურ ნორმებს შინაგანი ბალანსი აყენებს, რაც ავტორისთვის, მნიშვნელოვანი და საჭირო უნარია. ვისაუბრე ემპათიის ორგვაროვნებაზეც, ობიექტურობის შენარჩუნების ჩემეულ ხერხებზეც, რომ თავად არ გავხდეთ გენდერული დეზინფორმაციის შემქმნელი.
სტუდენტებთან გავაზიარე რამდენიმე კონკრეტული გამოცდილება, რაც ბლოგების წერის დროს შევიძინე. ლიტერატურულ ხერხებზეც ვისაუბრე, საზოგადოების დაკვეთის ნორმებზეც და რაც მთავარია, იმაზე, რომ შენ საჯარო ტექსტით სხვის ბედს ჭედავ და ეს ყველაზე ფაქიზად უნდა აკეთო. კარგ ბლოგერს სჭირდება მწერლის ალღოც და მეცნიერული დაკვირვებაც იმისთვის, რომ პერსონაჟის დრამამ ზომიერება არ დაარღვიოს და პარალელურად, მისი თანამგრძნობიც გახადო მკითხველი.
ვისაუბრე იმაზე, თუ როგორ ცვლის ე.წ. „მსხვერპლის“ ყოველდღიურობას ქალთა ფონდ „სოხუმის“ სწორი სტრატეგია და გუნდი.

Made on
Tilda