ეპიტაფია
გენდერული დეზინფორმაციის გარეშე






ზეკო ხაჩიძე

რამდენიმე დღეა, ქვეყანა კესარიას დაუნდობელ მკვლელობაზე ოხრავს. მისი გამოჩენაც ისეთივე შოკისმომგვრელი იყო წლების წინ, როგორც ახლა სიცოცხლიდან მისი ასე ვერაგულად გაგდება.
უცნაური ბედისწერის ადამიანი...
ძნელია, წერდე ქალებზე ბლოგებს - ძალადობის მსხვერპლებზე, ან მათი ახალი ცხოვრების წარმატებებზე და უხმოდ ჩაუარო ამ განსაკუთრებული ბიოგრაფიის ულამაზეს გოგოს.
მანამდე თითქმის არაფერი ვიცოდი კესარიას შესახებ. სახელი გამეგონა. სტერეოტიპულად. ეს დღეები კი მის ინტერვიუებს ვუსმენ, ფეისბუქსგვერდს და ინსტაგრამს ვუთვალიერებ, ვესაუბრები ადამიანებს, ვინც ბავშვობიდან იცნობდა.
თვალებიდან არ ამომდის ძველ ფოტოზე პატარა ანგელოზის ფერწერული სახე, მკრთალი ჭორფლებით მიხატული ორი ცისფერი სინათლის გარშემო, ნუშის ფორმით რომ გრძელდება საფეთქლებამდე და მუხლებზე კურდღელი (არც ძაღლი, არც ფისო)- პატარა ხელებში დასაცავად შეყოვნებული დამფრთხალი გრძელყურა. ალბათ, როგორ გრძნობდა მის აჩქარებულ პულსს ხელისგულებში.
საოცარი ფოტოა.
იმერეთის ერთ პატარა, ქალაქივით დასახლებაში გაჩნდა ასემარგალიტად გამორჩეული გარეგნობით - სხვა სხეულში, სხვა შინაგანი ხმით, მონაცემების და სურვილების ურთიერთწინააღმდეგობით. პატარაობიდანვე გრძნობდა რომ სევდიანი მისია ჰქონდა. არაორდინარული. მის მიღმურ მზერასაც ეტყობა ეს და ის ადამიანებიც ხედავდნენ, ვინც აღტაცებით აყოლებდნენ თვალს. რაღაც უცნაური იყო მის გარეგნულ მშვენიერებაში.. სილამაზით აღფრთოვანება შეეძლო ჯერ კიდევ სრულიად პატარას. იმ ასაკშიც, როცა დიდად არ აქცევენ ასეთ რამეს ყურადღებას.
როგორი სატარებელია ამხელა შინაგანი დაეჭვება პატარა ქალაქში, სადაც ყველა გიცნობს შენ, ან შენს მშობლებს, წარმოგიდგენიათ? მისი ახლობელი მიყვებოდა, 13 წლისამ, როგორ თხოვა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმის უფლება. ახლობელს გაუკვირდა, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც ნება დართო. და უცებ, საოცარი სრულყოფილება დადგა მის თვალწინ, თითქოს ასეთი დაიბადაო, თითქოს, ბუნებრივად ასეც უნდა ცმოდაო, დადგა და გაიარა ისე, მაღლებზე მოსიარულე ქალებსაც რომ შეშურდებოდათ: ესთეტიკურად, მოხდენილად, თვალისმომჭრელად.
მე რა უნდა ვთქვა ისეთი კესარიაზე, რაც სხვამ არ იცის. ეს, მე არ ვიცოდი მასზე, თორე..
საკუთარი თავი შექმნა. მეორედ დაიბადა. ბედნიერების მოპოვება და სხვების გათავისუფლებაც ისწავლა დაეჭვებული იდენტობიდან, მაგრამ ვერ ისწავლა ის, რაც ძნელია ქალმა ისწავლოს - ძალადობისგან თავის დაღწევა სიყვარულის სახელით..
ფატალურად ლამაზი ადამიანის ფატალური ბედისწერა.
ქართულმა მედიამ რაღაც შინაგანი თანხმობით და კორექტულობით შეძლო ამ საზოგადო ტკივილზე საუბარი. გენდერული დეზინფორმაციის მახასიათებლებისგან მეტ-ნაკლებად დაცლილი ნიუსებით. მედიის წარმომადგენლებს არ მოუხდენიათ მსხვერპლის დისკრედიტაცია, არ უცდიათ დაკნინება. საუბრობენ ძლიერ ქალზე, რომელიც ბევრისთვის იყო წარმატების მაგალითი. არ უცდიათ „ქალური სისუსტეებით“ მოძალადის გამართლება და ცრუ ნარატივების ტირაჟირება. თითქოს კესარიას ტრაგედიამ ბევრი მაგალითი გააერთიანა ეთიკურობის თვალსაზრისით. მხოლოდ, ალაგ-ალაგ სათაურები მაინც დარჩა მყვირალა.
რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, საზოგადოების რეაქციები არ იყო ერთგვაროვანი, კომენტარებიც ვიკითხე, liveმიმართვებიც ვნახე შეძლებისდაგვარად და ფაქტია, გენდერული კულტურა გაცილებით მაღალია, ვიდრე იყო. იქნებ თვითონ მსხვერპლის მიმართ კეთლგანწყობამ განაპირობა ეს ? თვითონაც როგორ იბრძოდა ამ ომში ქალების უფლებების დასაცავად და ძალადობის წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა. ოღონდ, ისე დამარცხდა, რომ სხვების თვითშეგნების ამაღლება მოახერხა. განსხვავებული ადამიანების გაერთიანებაც მეტად შეძლო სწორ სათქმელთან, ვიდრე აქამდე ყოფილა. იქნებ ეს იყო კესარიას არა ჩვეულებრივი ბიოგრაფიის მთავარი მისიაც?
Made on
Tilda