ავტორი
ლინდა ჩიხლაძე

სექსისტური სიძულვილის ენის გაგებამდე, მოდით, ჯერ გენდერული დეზინფორმაციის არსში გამოვერკვეთ.
რა არის გენდერული დეზინფორმაცია? ამასთან დაკავშირებით მრავალი განმარტება არსებობს აკადემიურ წრეებში, თუმცა მოცემულ ბლოგში მის ყველაზე იოლად ახსნილ ვარიანტს გაგიზიარებთ - გენდერული დეზინფორმაცია ქალებსა და საზოგადოების სხვა წერვებზე მიმართული, ცრუ რწმენა-წარმოდგენებზე დამყარებული მავნე ინფორმაციაა, რომელიც ბევრისთვის დამაჯერებლად ჟღერს. გენდერისა და დეზინფორმაციის შერწყმის ტექნიკები მრავალგვარია. მაგალითად; ქალის სიძულვილით მოტივირებული ისეთი კომენტარების გავრცელება, რაც გენდერულ სტერეოტიპებს ამძაფრებს; ფოტო/ვიდეო კონტენტის სექსუალურ ობიექტად აღქმა, ონლაინ შევიწროება, მათ შორის ძალადობრივი მუქარების გავრცელება, კიბერთავდასხმები, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ა.შ.
გედნერული დეზინფორმაციის ცალკეულ ფორმებად შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოში ბოლოპერიოდში ყველაზე გავრცელებული სექსისტური სიძლვილის ენა, სლათ-შეიმინგი, მორალური კრიტერიუმებით თავდასხმა, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სხვ.
სექსისტური სიძულვილის ენა - სიძულვილის ენის ერთ-ერთი სახეობაა. ის ასევე ცნობილია, როგორც - გენდერული სიძულვილის ენა. მის მთავარ სამიზნეს ქალები და გოგონები წარმოადგენენ. სექსისტური სიძულვილის ენას ვხვდებით რეალურ თუ ვირტუალურ სამყაროში ყველა ფორმის სოციალურ ურთიერთობაში: ოჯახში, სკოლაში, საჯარო სივრცეში, სამსახურებში, ვებსაიტებსა და სოციალურ მედიაში. სექსისტური სიძულვილის ენა არის ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც უკიდურესად ამწვავებს გენდერულ უთანასწორობას, როგორც სოციალურ ფენომენს. სექსისტური სიძულვილის ენის ყველაზე გავრცელებული ფორმებია: მსხვერპლის დადანაშაულება, „სლათ-შეიმინგი“ (მრუშობით დარცხვენა), სექსუალურ ობიექტად წარმოჩენა, შეფარული, ან ცხადი სექსუალური ფოტოების გამოქვეყნება თანხმობის გარეშე, თავდასხმითი კომენტარები საჯარო გამოჩენაზე, წარმომავლობაზე, ასაკზე, სქესზე, გენდერზე, გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციაზე. სიძულვილის ენა, ასევე, ვლინდება ქალებისა და გოგონების მიმართ ყალბ კომპლიმენტებსა და პატრონაჟულ დამოკიდებულებებში (გიორგი ურჩხიშვილი, სექსისტური სიძულვილის ენის ქართული ინდიკატორები, 2020 წელი; გვ.3).
ბოლო პერიოდია ციფრულ ერაში, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტის (AI) მასობრივი გამოყენების პირდაპირპროპორციულად იმატა გენდერული დეზინფორმაციის რაოდენობამ სოციალურ ქსელში. მეტიც, ონლაინ სამყარო ინფორმაციული ომის ველად გადაიქცა. განსაკურებით თვალშისაცემი ეს ქალი პოლიტიკოსების, ქალი ჟურნალისტებისა და ქალი აქტივისტების მისამართითაა.
საკითხის მარტივად და გასაგებად ახსნისთვის წარმოდგიდგენთ რამდენიმე რეალურ მაგალითს, რომელიც აქტიურად ვრცელდებოდა როგორც ონლაინ, ასევე რეალურ სივრცეში როგორც ტროლ-ბოტების, ასევე რეალური, მეტიც - საქართველოს პარლამენის (განსაკუთრების, მმართველი პარტიის) წევრების მიერ.
ერთ-ერთი ბოლო და შემზარავი სექსისტური ფრაზა დეპუტატ - ბექა ოდიშარიას ეკუთვნის.
„ესაა მოუ***ნელი ქალების სინდრომი“, - თქვა „ქართული ოცნების“ წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით „ლელოს“ წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა და ქალთა კვოტირების გაუქმებას აკრიტიკებდა (სექსისტური სიძულვილის ენა ქალი პოლიტიკოსის მისამართით).
იგივე სახელმწიფო ორგანოში, გასულ წელს მმართელი პარტიის დეპუტატმა - ირაკლი ბერაიამ, რომელიც ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა, სასესისო დარბაზში ოპოზიციონერ დეპუტატ - თეონა აქუბრადიას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. „მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს“, - თქვა მან 2023 წლის 31 ოქტომბერს.
იგივე, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატთან, ანა წითლიძესთან სიტყვიერ დაპირისპირებას შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას 2023 წლის 20 სექტემბერს:
"გარეთ ბრიფინგს ვატარებდი და თქვენს შეკითხვებს პასუხებს ვცემდი, როცა ანა წითლიძე მოვიდა. მე ახლა ქალთან პოლემიკაში ვერ შევალ, ასეთი წესია, ხომ, არ შეიძლება. შეიძლება, ეს განცხადება სექსისტურია, მაგრამ, მგონი, ჩემგან სწორი არ არის, რომ ქალთან შევიდე პოლემიკაში და არც შევდივარ მასთან არანაირ დაპირისპირებაში. ამით სარგებლობენ ე.წ. კაცები, რომლებიც არიან ვითომ კაცები ამ ოპოზიციაში, ასეთი პროვოკაციების შესასრულებლად ქალებს იფარებენ. კაცები ვერ მოდიან, ქალები მოჰყავთ. დაიმალნენ, მაგრამ ბოლომდე ვერ დაიმალნენ", - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
გარდა წარმომადგენლობით ორგანოში გაჟღერებული სექსისტური, შეურაცხმყოფელი ფრაზებისა, კაცი პოლიტიკოსების მიერ ქალი პოლიტიკოსების მიმართ, ასევე გვაქვს იგივე სექსისტური ენით საუბარი "მთავარი არხის" ჟურნალისტის მიმართ (2022 წელი):
"სახე დაკარგე, ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს", მიმართა კობახიძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტს.

2023 წელს გენდერული დეზინფორმაციის ყველაზე ხშირი სამიზნე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა - გიული ალასანია გახდა, რომლის წინააღმდეგაც რამდენიმე ფოტომანიპულაცია გავრცელდა. ამის შესახებ ვრცელ სტატიას „მითების დედექტორი“ აქვეყნებს: 30 ნოემბერს სახელისუფლებო მედიის POSTV ფეისბუკ გვერდზე “POSTV – ანალიტიკა” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიასა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ჩალაძის ქორწინების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, მანჰეტენზე, ერთ-ერთი სარეკლამო მონიტორიდან გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძეს დაქორწინებას ულოცავენ. ვიდეოში ნაჩვენებია სარეკლამო ბანერი, რომელზედაც გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძის ფოტოები ჩნდება, რომელსაც თან წარწერა აქვს დართული: „გილოცავთ ქორწინებას“, „სიყვარული არის სიყვარული“.
სიძულვილის ენის პირდაპირი სამიზნეები ონლაინ სივრცეში არიან აქტივისტები და უფლებადამცველები.
2013 წელს, როცა 17 მაისის მოვლენების გაშუქება მიწევდა და დავწერე ბოლოგი „ქვების წვიმა“ , სადაც ვაკრიტიკებდი რადიკალური ჯგუფების ძალადობრივ ქცევას და სახარებიდან მონაკვეთები მომყავდა, მედია-კავშირი „ობიექტივის“ ჟურნალისტის - ზაზა კვიცარიძის სექსისტური სიძულვილის ენის სამიზნე გავხდი:
„როდესაც ამ "оно"–ს წმინდა წერილებიდან თავები მოჰყავს და წარმოდგენა არა აქვს რას ამბობს აი ეს არის უბედურება, „ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ“ (სახარება მათესი, თ7), მრუშ ქალზეც, რომელსაც ქვებით ჩაქოლვას უპირებდნენ: „… უთხრა მათ იესომ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა. (იოანეს სახარება. თავი მერვე) .“– ამ შენთხვევაში მრუშს ეხება და არა სოდომ–გომორულ ცოდვას, რომელიც თვით მამა ღმერთმა გვაჩვენა მაგალითი და კურთხევა მოგვცა თუ როგორ უნდა დაისაჯონ ასეთი ადამიანები. ასე რომ გუშინდელი დღე კიდევ ცოტა იყო ამათთვს!
აღნიშნულ ჟურნალისტს თავიდან არ ეგონა, რომ ავტორი მე ვიყავი (მეგობრებში ერთი წლით ადრე თავად დამამატა) და როცა საუბარი არგუმენტირებულად, ისევ ბიბლიიდან გავუგრძელე, მომდევნო კომენტარებში ენა შეცვალა, თუმცა ბოდიში არ მოუხდია.
ბოტებისა და ტროლების ხშირი სამიზნე ინტერნეტ-სივრცეში უფლაბადამცველი ბაია პატარაიაა, რომელსაც 2021 წელს სულაც გაუყალბა განცხადება. ამის შესახებ “მითების დედექტორის“ სტატიაში ვკითხულობთ:
„2021 წლის 21 აგვისტოს, Facebook მომხმარებელმა Tedo Abashidze-მ გამოაქვეყნა სქრინი, რომელზეც ასახულია უფლებადამცველ ბაია პატარაიას კომენტარი. კომენტარის მიხედვით, ბაია პატარაია საქართველოში გედერული თანასწორობის აღდგენის მიზნით მთავრობის მიერ ბიჭების აბორტისა და ახალშობილი ბიჭებისათვის სქესის შეცვლის ოპერაციის სუბსიდირებას, ახალშობილ გოგონებზე ფულადი ჯიდოს დაწესებას, ბიჭის გაჩენაზე ჯარიმის დაწესებასა და ახალშობილი ბიჭების უცხოეთში გაშვილებას ითხოვს. Სქრინი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს კომენტარი ბაია პატარაიას პირადი ანგარიშით არის გაკეთებული“ (ყალბი ინფორმაციის გავრცელება).

ამგვარად, ცხადია, რომ სექსისტური ენა და გენდერული დეზინფორმაცია ქალების პოლიტიკიდან და საჯარო სივრციდან ჩამოშორებაზე მიმართული მავნებლობაა. მის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ქალთა მეტი გაძლიერება, მათ შორის, ინფორმაციული თვალსაზრისით.
„მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია“
მეტის გასაგებად გამოგვყევი ინსტაგრამზე და ტიკტოკზე.
Made on
Tilda