ქალთა ფონდ „სოხუმის“ კამპანია და ახალი მეგობრები


ავტორი
ზეკო ხაჩიძე

ფოტო
მაკუნა შავგულიძე
გაბედულად უნდა დავიწყო ეს წერილი.
ჩვენ ძალიან ეფექტურად ვიმუშავეთ და 16 აქტიური დღე დიდ სინერგიად ვაქციეთ. ყოველ წუთს და ყველგან ისმოდა ძალადობაზე ვერბალური შეტევა, რეაქცია, ახსნა, გაზიარება, უკუკავშირი და თანამოაზრეობა. 16 დღის მანძილზე, ქალთა ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენლობამ თითქმის ალქიმიური შესაძლებლობებით მოახდინა 10 მუნიციპალიტეტის „დავირუსება“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო ჭავლით, ბევრი კეთილშობილი ჟესტით და აქციით, მრგვალი მაგიდების და ტრენინგების აკადემიურობით, ახალგაზრდული კლუბების სინქრონულად ახმაურებით სოციალურ ტკივილებზე, ბევრი პერფორმანსით, თოჯინების თუ ფორუმ-თეატრის ენით თაობების „ჩათრევით“ და ასე შემდეგ, რაც ნიშნავს კიდეც კამპანიას. და ეს იყო რეზონანსული კამპანია!
მაგრამ დღეს ფოტოკონკურსზე ვყვები. ერთ-ერთზე მათ შორის, რაც გავაკეთეთ და რამაც სხვები „ძალადობის“ თემაზე არა მარტო აალაპარაკა და დააფიქრა სხვადასხვანაირად, შეაფასებინა კიდეც. რაც სხვების ცხოვრებაში, კონკრეტული პროექციის შექმნის გარდა, წარმატების ისტორიებად დასრულდა.
ქალთა ფონდ „სოხუმის“ ფეისბუქის გვერდზე სარეკლამო ბანერის განთავსების წუთიდან გულისცემა არ დამმშვიდებია. მეც, ხათოც და თამარიც, ყოველდღე, 25 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, შინაგანი მღელვარებით ველოდით კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, რადგან სურვილის მიღწევა - ყველაზე მთავარი მონაპოვარი მგონია. ჩვენი ელექტრონული ფოსტა დუმდა 6 დეკემბრამდე. ყოველდღე მემატებოდა შიში, რომ რაღაც შემეშალა, ინიციატივის ძლიერი და სუსტი მხარე კარგად ვერ გავთვალე, რომ თემა რთულია, რომ ცოტა ვილაპარაკეთ, რომ ვერ მივწვდით ადამიანებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... და ბოლოს, ვადის დასრულების საათების ათვლით, მოულოდნელი სიხარულები ერთად წამოვიდა საოცარ გზავნილებთან ერთად. დანახვისთანავე, თითოეული უძვირფასესი ხდებოდა ჩვენთვის. მარტო იმ პროცესის წარმოდგენა, რომ ფოტოების ავტორები ჩვენი ამ მოლოდინით დამთრგუნველ დღეებში დინჯად ფიქრობდნენ, როგორ მოეხერხებიათ სათქმელის ვიზუალიზაცია, როგორ დაედგათ, შესწრებოდნენ ან აღეწერათ საკუთარი პროტესტი ან აღქმა ქალთა ძალადობაზე, უდიდესი პასუხიმგებლობის ტალღა იყო.
მაკუნა შავგულიძე: ვფიქრობ, ძალიან საჭირო და ზუსტი იდეის მქონე პროექტი იყო, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან, ცნობიერების ამაღლებას ემხსახურებოდა ძალადობის შესახებ, ამგვარი პროექტები საზოგადოების გაჯანსაღების და საღი აზრის შენარჩუნების ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზია,რადგან #არაძალადობას #შენმარტოარხარ.

მაკუნა შავგულიძე
ნიტა ხაჩიძე: თავიდან ვიფიქრე, რომ მონაწილეობას არ მივიღებდი. მომეწონა გამოწვევა მხოლოდ იმ დონეზე, რომ კონკურსის სარეკლამო პოსტერის შექმნა შევთავაზე ზეკოს და მგონი ეფექტური გამოვიდა. მაგრამ მერე ფიქრი ვეღარ მოვიცილე. თემაა ისეთი, ყველას გვაწუხებს. დიდხანს ვიფიქრე - ღირდა თუ არა ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ძალადობის მიმართ ფონდის პროექტის ნაწილად მექცია. ბოლოს, გადავწყვიტე და კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით, რადგან ბევრ საინტერესო ადამიანთან გავაზიარე „ძალადობის“ საკუთარი ფილოსოფია.

ნიტა ხაჩიძე
დაჩი კობახიძე: კონკურსებში მონაწილეობა მომწონს. რატომაც არა - გავიფიქრე და გადავწყვიტე. თუმცა, არ აღმოჩნდა ადვილი. მეტი დრო უნდა დამეთმო ფოტოს სათქმელზე. თემაზე, რომელიც ასე აქტუალურია, ბევრი გამომსახველობითი ხერხი შეიძლებოდა გამომეყენებია. კონკურსის დახურვაზე მაინც დიდი შთაბეჭდილება მივიღე. მივხვდი, აწი როგორ ვიმოქმედო საკუთარ პასუხისმგებლობასა და სურვილებთან. მადლობის სერთიფიკატი და არაჩვეულებრივი დახურვის ცერემონია ნამდვილად ბედნიერ შთაბეჭდილებად დამრჩა.

დაჩი კობახიძე
ნათია მუმლაძე: ვფიქრობ, მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ ძალადობა დაუშვებელია, რომ ძალადობა დასჯადია, რომ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. ჩემთვის ამით იყო საინტერესო და გასააზრებელი ეს კონკურსი. მაქსიმალურად ვეცადე, ჩამეტია ერთ ფოტოში ამბავი და ემოცია, რაც ძალადობას ახლავს. ამოუწურავი თემაა და ვისურვებდი, ძალიან ბევრი იყოს მსგავსი კამპანია.

ნათია მუმლაძე
მარიამ მხეცაძე: ისედაც ჩვენი რეალობის ნაწილია ძალადობა, სამწუხაროდ, მაგრამ ამ კამპანიამ განსაკუთრებით მძაფრად დამაფიქრა მის საშინელ შედეგებზე. ძალიან მინდა, ყველა მივიდეს გაცნობიერების იმ სტადიაზე, რომ ძალადობა დანაშაულია და მისი შემჩნევის შემთხვევაში არასოდეს გაჩუმდნენ.

მარიამ მხეცაძე
ნანკა ნიჟარაძე: ვფიქრობ, ახალგაზრდების ჩართულობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ პროექტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისინი არა მარტო საკუთარი თავის დაცვას შეძლებენ, თუკი მსგავს სიტუაციაში მოხვდებიან, არამედ სხვასაც გაუწვდიან დახმარების ხელს.

ნანკა ნიჟარაძე
ასე საუბრობენ ჩვენი კონკურსის მონაწილეები. ნიჭიერად, გააზრებულად და საინტერესოდ. ახლაც, როცა თავიდან ვკრებ მათ ინტერვიუებს, ვგრძნობ, რა მაღალი სტანდარტის მოთხოვნაა ყველა ინიციატივაზე მათგან, ვისთვისაც აკეთებ გამოწვევას. კონკურსანტების ფოტოაღწერილობები ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იყო ჩვენთვის. ქალთა ფონდ „სოხუმის“ ელექტრონული ფოსტის მისამართზე საოცარი სიუჟეტები და რეფლექსიები დაგროვდა ნომინანტების ავტორობით.

ნიტა ხაჩიძე: თქვენ ამ კონკურსით შეცვალეთ ჩემი გაუბედაობა გაბედულებით - მელაპარაკა ძალადობაზე ჯერ საკუთარ თავთან, მერე გადამეღო, დამეწერა და სხვებიც ჩამეთრია დიალოგში. ეს თვისობრივი ცვლილებაა.

ნათია მუმლაძე: მე ხუთი შვილის დედა ვარ და ვგმობ ყველანაირ ძალადობას! თქვენი კონკურსით შევძელი ბევრისთვის ხმამაღლა მეთქვა, რასაც ვფიქრობდი. თითოეულ ფოტოს ვიღებ დაფიქრებით და გააზრებით. მინდა, დამთვალიერებლამდე მივიტანო ის ემოცია, რაც ჩემშია. ფოტომ უნდა გამაჩეროს მასთან და მომიყვეს ამბავი, რომელსაც ვიგრძნობ. ვფიქრობ ამ ფოტომ თქვა თავის სათქმელი და თქვენ ჩემში წარმატების ფორმულა შეცვალეთ!

ნანკა ნიჟარაძე: კონკურსის ფინალში გასული ყველა ფოტო საინტერესო იყო. მიუხედავად იმისა, რომ თემატიკა საერთო გახლდათ, ახალგაზრდებმა საკითხის განსხვავებული და მრავალფეროვანი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს. მიხარია, რომ ძალიან ნიჭიერი თანატოლები მყავს, რომლებთანაც ყოველგვარი კომპლექსის გარეშე თამამად შევძლებ ვისაუბრო ნებისმიერ საჭირბოროტო საკითხზე.

დაჩი კობახიძე: დავინტერესდი და ფონდის წარმომადგენლებისგან გავიგე, რომ კონკურსის მონაწილეთა უმრავლესობა გოგონები/ქალები იყვნენ. უმცირესობაში აღმოვჩნდით. არადა, ვფიქრობ, მამაკაცების ჩართულობა გაცილებით მნიშვნელოვანია მსგავს პროექტებში. მომწონს, რომ მე ერთ-ერთი ვიყავი და კონკურსში მონაწილეობით, საკუთარი აზრიც დავაფიქსირე ქალთა მიმართ ძალადობის და ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ.

მარიამ მხეცაძე: ამ კონკურსში მონაწილეობის შემდეგ კიდევ ერთხელ გადალაგდა ფასეულობები ჩემთვის, თანაც თვითნებურად. იმის გააზრებამ, რომ ძალადობის მსხვერპლი შეიძლება ჩემი საყვარელი ადამიანებიდან ერთ-ერთი იყოს, წინასწარ მატკინა გული. ამიტომ ძალადობის შემჩნევისთანავე ჩემს წილ პასუხისმგებლობას გამოვიჩენ და არ გავჩუმდები.

კონკურსმა გაამართლა. აღმოაჩინა ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა სწორი ფასეულობით, შემოქმედებითი ნიჭით, თვითპრეზენტაციის უნარით. ფონდის მეგობრების და გულშემატკივრების რიცხვიც გაიზარდა.


დახურვის ცერემონიამ, რომელიც ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, ჩვენი ქალაქის და ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარბაზში გავმართეთ, კიდევ მეტი რეზონანსი მისცა 16-დღიან კამპანიას, ქალთა ფონდ „სოხუმის“ ოცწლიან ღვაწლს, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მედიამ და სახელოვნებო სივრცის ცნობილმა სახეებმაც ღონისძიება მისი საუკეთესო შინაარსით შეაფასეს.


ყველაზე დიდი და ფასეული, რაც კამპანიამ „16 აქტიური დღე“ მოიტანა, ახალი მეგობრებია, რომლებიც იმერეთის, გურიის, აჭარის, სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში ცხოვრობენ, მუშაობენ, ფიქრობენ, კითხვებს სვამენ და ქალთა ფონდი „სოხუმი“ საკუთარ მხარდამჭერად ეიმედებათ.


არაჩვეულებრივად დაგეგმილი 100-ზე მეტი აქტივობით, ფონდის გამორჩეულად პროფესიულმა გუნდმა შეძლო, რომ ფონდის ახალ გამოწვევებს კიდევ მეტი ინტერესით და ნდობით ელოდნენ.


და ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ ცხოვრებას ყველა იმ სლოგანით, რაც ჯანსაღ, სამოქალაქო საზოგადოებას აყალიბებს და ცნობიერებას სწორი ფასეულობებით ცვლის.


კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაც!


ეს ქალთა ფონდია ულამაზესი სახელით „სოხუმი“!
Made on
Tilda