ანასტასია


ავტორი


ლალი შენგელია

იზიუმი ხარკოვის ოლქის პატარა ქალაქია.

იზიუმი ქართულად ქიშმიშს ნიშნავს, თუმცა, როგორც ამბობენ, არაფერი აქვს საერთო ამ ქალაქის სახელს ყურძნის ჩირთან. ერთი ვერსიით, მდინარე იზიუმეცის სახელს უკავშირდება, მეორე ვერსიით კი თათრული სიტყვისგან მომდინარეობს...

ანასტასია ზაცეპა იზიუმიდან ჩამოვიდა ქმარ-შვილთან ერთად.
24 წლისაა, ორი ბიჭუნას დედა. პატარა ახლა თითქმის ორი წლისაა, უფროსი კი უკვე ოთხის.

თებერვალში, თავიდანვე მოხდა იზიუმის ოკუპაცია. ჯერ ნახევარი ქალაქი აიღეს რუსებმა, მერე მალევე - მეორე ნახევარი. დაანგრიეს, გადაწვეს, გაანადგურეს...
ანასტასია და მისი ოჯახის წევრები პირველი თვეები სარდაფში ცხოვრობდნენ, გარაჟში. ეშინოდათ, მაგრამ მაინც არ ტოვებდნენ იქაურობას, უკეთესობის იმედი ჰქონდათ.
სხვა გზა რომ არ დარჩა, ივნისის დასაწყისში წამოსვლა გადაწყვიტეს. 13 საათი იდგნენ რუსეთის საზღვარზე. საჭმელი არ ჰქონდათ - მშივრები იყვნენ ბავშვები. როგორც იქნა, გადმოვიდნენ.

სამ დღეში ქუთაისში იყვნენ. ოჯახის ნაცნობებთან მოდიოდნენ - მათ დაუთმეს ბინა და დღესაც აქ არიან. თვითონ მასპინძლები მეზობელ სადარბაზოში ცხოვრობენ.

- ძალიან დაგვეხმარნენ, აქ სიმშვიდეა, კარგია, - ამბობს ანასტასია...

ქმარმა ხარატად დაიწყო მუშაობა. ანაზღაურება დიდი არ არის, მაგრამ მაინც კარგია, შემოსავალი რომ გვაქვსო. ანასტასიას არ უმუშავია ოჯახის შექმნის შემდეგ - ბავშვები პატარები არიან და ვერ ტოვებს. ახლა ფიქრობს უფროსი ბიჭუნას მიყვანას ბაღში.
ქუთაისში მშვიდადაა, მაგრამ ბევრს ფიქრობს უკრაინაში დარჩენილებზე. ადრე ჭირდა დაკავშირება, ვერ გებულობდნენ იქაურ ამბებს. ახლა კავშირი ნორმალურია და ყველაფრის კურსში არიან.

კარგი ამბავი ის არის, რომ იზიუმი დაიბრუნეს უკრაინელებმა.
ომის დაწყებიდან - 24 თებერვლიდან უკრაინის არმია თავდაცვას ცდილობდა, აგვისტოს დასაწყისში კი კონტრშეტევა დაიწყო. უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ხარკოვის ოლქში 40-ზე მეტი დასახლებული პუნქტი წაართვეს რუსებს. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები: ვოლჩანსკი, შევჩენკოვო, კუპიანსკი, იზიუმი.

სექტემბრის დასაწყისში გაყარეს რუსები იზიუმიდან - ანასტასიას მშობლიური ქალაქიდან და დაიწყეს დაბრუნება ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.

ოქტომბერში ანასტასიას დედა და ბებიაც დაბრუნდნენ (პირველ ხანებში ისინიც დარჩნენ, მაგრამ ივნისში, ძალიან რომ გაჭირდა, გავიდნენ ქალაქიდან).

ჯერჯერობით რთულ პირობებში ცხოვრობენ: დენის, გათბობის გარეშე.

სახლს სახურავი არ აქვს. კედლები სველია. ამიტომაც დენი ვერ გაყავთ, მაგრამ ქალაქში ნელ-ნელა აწესრიგებენ ყველაფერს და იმედი აქვთ, რომ მათი პრობლემაც მალე მოგვარდება.
დედა მათემატიკის მასწავლებელია. ონლაინ მუშაობს ეს ორი სასწავლო წელი (ხელფასიც ერიცხება). მალე სკოლასაც აღადგენენ იზიუმში და ანასტასიას დედა ჩვეულებრივად ჩაატარებს გაკვეთილებს მონატრებულ კლასში.

მანამდე კი ბევრი ყოფითი საზრუნავი აქვს - სახლის მოწესრიგება, სახურავი, გათბობა, დენი... იცის, რომ ქალაქში ბევრი რამაა საკეთებელი და მოთმინებით ელოდება თავის რიგს. მთავარია, რომ ქალაქი გამოიხსნეს ოკუპაციისგან და შინ დაბრუნდნენ.

ახლა იმ დღეზე ოცნებობს, როცა მისი ქალიშვილი და პატარა შვილიშვილები დაბრუნდებიან. ბავშვები დღითიდღე იზრდებიან, იცვლებიან და ბებოსაც განსაკუთრებით ენატრება პატარა ბიჭები...

ხუთი თვეა, ქუთაისშია ანასტასია. ეს თითქოს პატარა დროა, მაგრამ როცა შინიდან შორს ხარ და შენები ძალიან გენატრება, ხუთი თვე საუკუნედ გეჩვენება.

24 წლის ანასტასია კმაყოფილია აქ ყოფნით, ბინით, რომელშიც ცხოვრობს, მაგრამ თავის სახლში დაბრუნება ყველაფერს ურჩევნია მაინც.

„მთავარია, ერთად ვართ და ცოცხლები“.
ამ რამდენიმე სიტყვაში ჩაატია პატარა ქალმა ღვთის მადლიერება და ოჯახის სიყვარული.


Made on
Tilda