ალინა


ავტორი


ლალი შენგელია
ჯერ დედამისზე უნდა დავწერო - არც სახელი მიკითხავს მისი, არც შევხვედრივარ. დედა ახლაც უკრაინაშია, ხერსონის ოლქში, ქალაქიდან 36 კილომეტრშია, ერთ-ერთ სოფელში და იქაურ საავადმყოფოში მუშაობს.

არსად არ წავალ, ხალხს უნდა დავეხმაროო, თქვა და დღემდე იქ არის. სულ სამი ადამიანია საავადმყოფოში - ექიმი ქალი, თვითონ - ექთანი და მძღოლი. ასე არიან მთელი ომის პერიოდი. სოფელში ჩაჭრეს დენი, გაზი. რა თქმა უნდა - ინტერნეტიც, უკრაინელებს არ უშვებენ, რომ აღადგინონ. რუსული პასპორტების აღება შესთავაზეს სამივეს, მაგრამ არ დათანხმდნენ. ხელფასს უკრაინული სახელმწიფო უხდით, მაგრამ ძალიან ძნელია გრივნას მოხსნა.

ასე არიან და საქმეს აკეთებენ, ავადმყოფებს უვლიან, ეხმარებიან...
დედას ოჯახური მეურნეობაც აქვს: ქათმები, კვერცხი, ბოსტნეული. სამ ბოსტანში დაუთესია კარტოფილი...

- ჩვენ გველოდება და უნდა დაგვახვედროსო, - ნაძალადევი ღიმილით ამბობს ალინა.

ასეთი დედის შვილია ალინა დზიუბინსკაია - ძლიერი, თავდადებული ქალის. რომ დაელაპარაკოს, ალინას დედა ხერსონში ჩადის და იქიდან ახერხებს როგორღაც.

- ყოველი დარეკვისას ტირის, ჩემი ბავშვები ენატრება. უჭირს მათ გარეშე, ამ რამდენიმე თვეში გაიზარდნენ ბავშვები...

ალინაც ძლიერი ქალია და უმკლავდება პრობლემებს. სამი შვილი ჰყავს: 8 წლის, სამი წლის და ორი წლის. 27 ივლისს წამოვიდნენ ხერსონიდან, ყირიმიდან მოასწრეს წამოსვლა. ბავშვების გატარება არ უნდოდათ რუსებს - პასპორტები არ აქვთ და დაბადების მოწმობებით არაო, მაგრამ მერე გამოუშვეს.

იქ, ხერსონში დღესაც ისვრიან. არ არის სიმშვიდე, ყოველდღე საფრთხეა. ქალაქში რუსები დაძრწიან, პარპაშობენ თავიანთ გემოზე, ძალიან რთული წნეხია - ყოველ წუთს, ყველგან შეიძლება ადამიანს დაადგნენ თავზე იარაღით ხელში.
ხერსონში...

ალინას დარჩა საყვარელი ადგილები, სახლი, ნივთები და ყველაზე მთავარი - იქ არიან მისთვის ძვირფასი ადამიანები:
დედა, რომელიც დღემდე საავადმყოფოში მუშაობს.

ორი ძმა თავიანთი ოჯახებით.
მეზღვაური ქმარი, რომელსაც რეისში მოუსწრო ომმა. ახლაც ზღვაზეა, მუშაობს. ანაზღაურების ნაწილს ოჯახს ახმარს, ნაწილს კი ჯარისთვის რიცხავს.

ქმრის ნათესავებიც იქ არიან - მაზლი ერთ დღეს წაიყვანეს, სარდაფში ჰყავდათ, საბუთები წაართვეს, რუსული პასპორტი მიიღეო, ეუბნებოდნენ, სცემეს. მაგრამ გადარჩა, დააბრუნეს.

რუსი ეროვნების დედამთილი... მისი მშობლები წლების წინ ჩასულან ხერსონში. სახლი შეურჩევიათ საყიდლად, მაგრამ ვერ შესწვდნენ... მეზობლებს მოსწონებიათ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ფული შეუგროვებიათ, დაუმატებიათ. ასე იყიდეს სასურველი სახლი და დასახლდნენ ხერსონში. მერე იმ ფულის დაბრუნება უნდოდათ, მაგრამ მეზობლებს არ გამოურთმევიათ. ამდენ ხანს მშვიდად ცხოვრობდნენ ქალაქში, სადაც არავინ ავიწროვებდა რუსებს, იყო რუსული სკოლები, რუსული სატელევიზიო არხები... ახლა რუსების შემოჭრა ვერ გადაიტანა ქმრის ბებიამ - სამ დღეში გარდაიცვალა გულის შეტევით.

ქუთაისში...

პირდაპირ აქ ჩამოვიდნენ. სროლებისგან მთელი სახლი, კარები, ფანჯრები ზანზარებდა და ძალიან ეშინოდათ ბავშვებს. მეუღლეს ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს და მათ ურჩიეს ქუთაისი - მშვიდი, კარგი ქალაქიაო. ალინასაც მოსწონს აქაურობა.
ბინაში ცხოვრობენ, ბავშვები კერძო სახლს, ეზოს იყვნენ მიჩვეულები, მაგრამ ბინასაც შეეჩვივნენ. უფროსი შვილი ქართულ სკოლაში წავიდა, პატარები საბავშვო ბაღში არიან. ალინაც შვილებთან ერთად სწავლობს ქართულს.

- მეგონა, აქ გამირთულდებოდა ცხოვრება, მაგრამ ბევრად კარგი აღმოჩნდა აქაურობა, ვიდრე მეგონა. ვსწავლობ ქართულ ენას, ქართულ ტრადიციებს, მეზობლებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ვინც რუსული იცის, უფრო ადვილად ვამყარებთ კავშირს, ვისაც არ ესმის, მე ვცდილობ, ქართულად დაველაპარაკო, - ამბობს ალინა.
ბინის მეპატრონეებიც იმავე კორპუსში ცხოვრობენ და ეხმარებიან ყველაფერში. ჩვენთან, ფონდ „სოხუმშიც“ იმათ მოიყვანეს მანქანით - პროდუქტების წასაღებად. მადლობელი დარჩა ალინა - ასეთ დროს მცირეოდენი მხარდაჭერაც დასამახსოვრებელი და დასაფასებელია. ხერსონში რომ დაბრუნდება თავის შვილებთან ერთად, ყველას განსაკუთრებული სითბოთი დაამახსოვრდება ქუთაისში გატარებული დღეები, აქაური მეზობლები და მეგობრები. მანამდე კი დღეები ტკივილსა და მონატრებაში.
Made on
Tilda