ფახულანის ღირსება


ავტორი
ზეკო ხაჩიძე


რამდენიმე დღის წინ, ჩემს კოლეგებთან ერთად, სამეგრელოში სამსახურებრივი ვიზიტით ვიყავი. მიყვარს ეს გზა. მიყვარს მგზავრობა ადამიანებთან, რომლის კაპიტანიც დათოა, ქალთა ფონდის ერთ-ერთი თვალსაჩინო მამაკაცი, კარგი თანამოსაუბრე, საქმეში საიმედო თანამშრომელი და უბრალოდ, პოზიტიური ადამიანი. ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ „სოხუმელების“ უმრავლესობა, იძულებით გადაადგილებული პირია - დევნილია საკუთარი ბავშვობის და წინაპრების ფუძიდან, ამიტომ ეს მზით და ხვავით სავსე სამეგრელოს გზა აფხაზეთისკენ, მათში განსაკუთრებულ მოგონებებს და სითბოს იწვევს:

- ამ ასახვევშია მანაკოს სახლი - სიყვარულის თვალებით იტყვის დათო და ალბათ მოგონებაში ისევ შეყვარებული ბიჭია, მანანასთვის თავმომწონე. იმ დროის, ვიდრე ცოლად მოიყვანდა და კარგი შვილების მშობლები გახდებოდნენ ერთად. მერე აუცილებლად გაიხსენებს მანაკოს კლასელის, თუ მეზობლის, ერთი ახალგაზრდა ბიჭის ტრაგიკულ გარდაცვალებას, თითქოს ადამიანურად მისი სულის ხსენების მოვალეა.

ცოტა ხანში ლელა გახედავს გაბრწყინებული სახით მსუყე მეგრულ ეზოს და დიდ, ლამაზ სახლს და მამიდის მარტოობის ხასიათს ბავშვობის ხალისით მიეფერება.

მიყვარს ეს გზა, რომელიც ჩემს კოლეგებს, ბედნიერ წარსულთან და აფხაზეთიან საქართველოსთან აკავშირებთ. ვუსმენ და ვივსები მათი მოგონებებით.

ეს ფახულანის გზაა, რომელიც მე ფონდმა „სოხუმმა“ შემაყვარა.

მგონია, რომ იქ ქალიც და კაციც, ქუჩაც და ჩიხიც, მცენარეც და ცხოვრელიც, ბავშვიც და მოხუციც, სულ სხვა ენერგეტიკის მატარებელია. სხვანაირად ვერ იქნება. ისინი კონფლიქტის გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ და ორი სიმბოლური შლაგბაუმი ყოფთ დანარჩენი სამყაროსგან.

მანამდე ფახულანში ერთი საოცარი ნიჭის გოგო გავიცანი ჩემთვის და თქვენთვისაც, ამიდა: ნამდვილი პატრიოტი, იშვიათი შემოქმედი, უსაზღვრო ფანტაზიის და შესაძლებლობების ადამიანი, რომელიც ყველა ახალი ინიციატივით, ყველა მისი ახალი საქმით და ნაბიჯით აღტაცებას და გაოცებას იწვევს. ჩემი მეხსიერების გალერეაში, ამიდაც ქალთა ფონდ „სოხუმის“ საჩუქარია. ამ ჩასვლის დროსაც ვნახეთ. ვნახეთ და მისი ახალი გატაცების, ბებოს რეცეპტით დამზადებული აფხაზური აჯიკის სურნელი შემოგვაფრქვია. საქართველოს დროშით მოხატული ქილები სავსე ქონდა წარსულის ამ ბედნიერი გემოებით და ზუგდიდის ფესტივალზე წასვლამდე, ჩვენ გვიზიარებდა.

ჯადოსნური განცდა იყო!

ამიდას გაცილების შემდეგ, ფერადი ბაღით ნალოლიავებ, ნარინჯისფერი, წითელი და იისფერი ყვავილებით სავსე ეზოში შევედით სოფლის ამბულატორიის კარამდე. გარშემო წიწვოვანი ტყე და ამიდას ხელნაკეთი საქანელები ხატავდნენ პატარა, სისუფთავით ელვარე შენობას, სადაც საინფორმაციო შეხვედრისთვის, აქაური ქალბატონები მეგრული ინტერესით და მოკრძალებით გველოდნენ. სადაც, ვიცოდი, კიდევ ერთი განსაკუთრებული ადამიანი უნდა გამეცნო (ლელამ „დამასპოილერა“ :) ), რომელსაც გარდა იმისა, რომ ამბულატორიის, ანუ სოფლის ექიმობა ებარა, კიდევ ბევრი სხვა ავტორიტეტული ფუნქცია ქონდა ადგილობრივებისთვის.

ვისაუბრეთ ქალებზე. პრობლემებზე. ტკივილებზე. ძალადობის პრევენციაზე. ჩვენს არაჩვეულებრივ საიტზე www.sosfsokhumi.ge, რომელიც ყველა ქალის მეგობარია, ყველას თანაშემწე და საინფორმაციო წყარო. მოვყვევით ძველი ისტორიები, რომელიც ისე დასრულდა, ვერავინ გაიგო ვინ იყო ნამდვილი დამნაშავე, რადგან სხვა დრო იყო, ქალს ძალადობაზე საუბარი ეკრძალებოდა. მითუმეტეს სოფელში. არადა, სიცოცხლის განადგურებაზეა ეს ამბები, არა მარტო მათი სიცოცხლის, ვინც დაუზოგავად, მიკეტილ კარს იქეთ ერთმანეთი გაწირა, არამედ შთამომავლობის ფსიქიკურ და სოციალურ ტრავმებზე. ერთმანეთზე უფრო ტრაგიკული იყო ყველა მოგონება. ისხდნენ ფახულანელი ქალები და ზუსტად იცოდნენ, რომ ის, რაც ფონდ „სოხუმს“ სოფელ-სოფელ და კარდაკარ გულამოსკვნით ალაპარაკებს, რეალური პრობლემაა, რომელსაც ერთად თუ მოვერევით, თორემ სხვა გზა არ არსებობს!

ნესტან გოგოხია ამ ქალთა კრებულის თავში იჯდა და მაშინვე იგრძნობოდა - ყველას მასპინძელი იყო. ვიდრე გავიგებდი, რომ მას ყველა აქაურ ოჯახთან და კიდევ გარშემო, თითქმის ყველა ახლო და შორი სოფლის მაცხოვრებელთან პროფესიული სიახლოვე ქონდა, მანამდე ვიგრძენი მისი განსაკუთრებული როლი ამ ულამაზეს ფუძეზე. დედ-მამის ექიმობის წლებიდან მოდიოდა მისი ეს საზოგადო მზრუნველობის თვალშისაცემი ეშხი. მშობლებს, ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში, ფეხდაფეხ დაყვებოდა მეზობლების ჭირ-ვარამზე. მასზე უფროსი და მასზე უმცროსი თაობებიც ერთნაირი იმედის თვალით უყურებდნენ კეთილი ადამიანების ამ ღირსეულ ნაშიერს. ნესტანმა იცოდა და იცის ბევრი დახურული ფანჯრის მიღმა დარჩენილი ოჯახური ისტორია, იქაური ქალების გულისთქმა, საიდუმლო და რჩევა, გზის გაკვალვა და მზრუნველობა. ნესტანი ყველაფრის ექიმია მათთვის. ანუ, რაც მთავარია - სულის!
რა დიდი განძია ეს ამ ულამაზესი ხეობისთვის.. შეგშურდება გონიერ ადამიანს.

ნესტანი კიდევ ერთი რამით დამამახსოვრდა მკაფიოდ. როცა მის ემოციებსა და ყოველდღიურობაზე ვეკითხებოდი, მოყოლა იქედან დაიწყო, რომ ამბულატორიის თანამშრომელი, ორი ლამაზი ასაკოვანი ქალი წარმიდგინა ამაყად - „მათ გადარჩინეს ეს შენობაო. მათ გმირობის ტოლფასი აკეთეს წლების მანძილზე და კილომეტრებს გადიან დღემდე ფეხით დაუღალავადო, შლაგბაუმიდან -შლაგბაუმამდე!“
ძლიერი ქალის ნამდვილი არქეტიპია ნესტანი. ფახულანის სოფლის ღირსება და იმედი!

ასეთი ადამიანების მკვლევარია ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ამიტომ მიყვარს ფახულანის გზა და იქაური ისტორიები. უფრო აღმატებული მგონია დიდიც და პატარაც, სულიერიც და უსულოც მეგრულ-აფხაზურ ჰაერში ნაზავ ამ ულამაზეს ქართულ მიწაზე!
Made on
Tilda