გიყვარდეს ევა!


ავტორი
ზეკო ხაჩიძე

„სიყვარული კუბოს ფიცრამდე“-თითქოს ეს ფრაზა ქალებს უფრო ახასიათებთ, მაგრამ რეალურად, მამაკაცები ირგებენ ხოლმე. თუნდაც ცალმხრივს. თუნდაც, მხოლოდ მდედრის ხარჯზე.


მოდით, გავყვეთ ისტორიას...

ამ ფრაზის ნამდვილმა მნიშვნელობამ ერთი თვის წინ, მესხიშვილის თეატრში, იგივე სათაურით სპექტაკლის პრემიერაზე ყოფნის დროს დამაფიქრა და ცოტა შემაძრწუნა კიდეც. ქალის მთავარ როლს ჩემი მეგობარი თამაშობს. შესაბამისად, ობიექტური კრიტიკის შეგრძნება საწყისშივე უგულვებელყოფილი მქონდა.
არის ევა - მდედრის სიმბოლური და განზოგადებული სახელით და ორი მამაკაცი ბრუნო და მარიო, საყვარელი და ქმარი. და ეს სამკუთხედი, ყველა სამკუთხედზე უფრო სასაცილოა (მაყურებლის რეაქციას ვგულისხმობ) და ყველა სამკუთხედზე უფრო შემაშფოთებელიც (ჩემს რეაქციას ვგულისხმობ).

ამბავი ქალის და კაცის, ევას და ბრუნოს სპონტანური გაცნობით იწყება და მაშინვე გეუბნება, რომ ქალი ლამაზი და სასურველი, რომანტიკული და ცოტაც ქარაფშუტაა, რომელიც ბრუნოს ცხოვრებას იმ წუთიდან, სწორედ „ქალური სიმსუბუქით და აჩემებით“ ნამდვილ „ჯოჯოხეთად“ აქცევს. აიძულებს დანაშაული, რომელიც თვითონ შემთხვევით, ან გამოუცდელობით (ქალი-მძღოლის მიმართ საზოგადო სტერეოტიპის თანახმად) ჩაიდინა, კაცმა, როგორც მასზე ძლიერმა, საკუთარ თავზე აიღოს და თანდათან მეტი და მეტი პასუხიმგებლობა დააკისროს. პარალელურად, ამ გადაბრალების სრულფასოვნად მიღების დროს, ქალის მხრიდან მის „მსხვერპლზე“ ზრუნვის სურვილი ჩნდება და ბოლოს სასიყვარულო ურთიერთობად იქცევა. თან ისე, თითქოს ეს გრძნობამ კი არა, ქალის აჩემებამ მოიტანა შედეგად. მოკლედ, თავშივე ნათქვამია - ეს ყველაფერი ქალის ბრალია!

ამის მერე საყვარლების ინტიმურ დიალოგში ირკვევა, როგორ აწუხებს ევას ქმრისგან სიყვარულის უკმარობა. როგორ შეიცვალა და გაცივდა მათი ურთიერთობა, როგორ აღარ გრძნობს თავს მის მეორე, ან თუნდაც რომელიმე ნახევრად, რა გულგრილია მისი განცდების და სურვილების მიმართ ადამიანი, რომლის გვერდითაც ამდენი წელი იცხოვრა. და ახლა იპოვა ბრუნო, ვისშიც მოუხელთებელ ქმარს ჩაანაცვლებს. იზრუნებს, აჩუქებს სიყვარულს და თავდავიწყებას და თავიდან დაიწყებს ცხოვრებას ნამდვილი ქალის დანიშნულებით.

საბოლოოდ, ქმარი, რომელიც რაციონალურად ხსნის „კონკურენტ მამაკაცთან“ საკუთარი ცოლის მომაბეზრებლობას, მომხიბვლელობის დაკარგვას და თითქმის მის პიროვნებად აღიარების უგულვებელყოფას, თითქოს ბუნებრივად, საკუთარი გადაწყვეტილებების არგუმენტებით თავს აწონებს ცოლის საყვარელს და არწმუნებს კიდეც, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, ევა, მისთვისაც ასეთი მომაბეზრებელი არსება გახდება, ვინც საყვარელ მამაკაცთან ერთად ღამე ცაზე ვარსკვლავების ცქერას მოითხოვს, ვინც ჭრელ წინდას გახდის და სხვა ტონებით გარდერობს გაუახლებს, ვინც ღამის 2 საათზე გააღვიძებს და კითხავს „ხომ კარგად ხარ?“ და ა.შ. რასაც საყვარელი შეშფოთებით ისმენს და უკვე მომავლის ეშინია. თანაც, მათ, მამაკაცებს, ბევრი საერთო ინტერესი აქვთ - ასტრონომია, კლასიკური მუსიკა, წიგნის კითხვა, რაც ევას სიყვარულში სულაც არაა აუცილებელი.

მოკლედ, მალევე ხვდები, რომ სანამ პიესის მთავარი გმირი, ქალი, ქმრის განადგურებას საყვარელს შესთავაზებს, მანამდეც კი განწირულია. რა გეგმითაც ქმრის მოკვლა აქვთ საყვარლებს გადაწყვეტილი, ზუსტად იმ გეგმით, ქმარი და საყვარელი ისტუმრებს სიკვდილის სამყაროში ამ სიცოცხლით სავსე, ლამაზ და ქარაფშუტა ქალს, რომელმაც სასურველი სიყვარული ვერცერთისგან ვერაფრით მიიღო.

როცა ბოლო სცენად, მომხიბვლელი ქალის ერთიდაიგივე სურათით ხელდამშვენებული, სოლიდურად „მგლოვიარე“ ორი მამაკაცი გამოდის, მაყურებელი ტაშით ეგებება მათ გამარჯვებას მოძალადე არსებაზე. უმრავლესობამ ჩათვალა, რომ ეს ამ ქალმა დაიმსახურა და მიიღო კიდეც.

სპექტაკლის ნახვის წუთიდან დარდი ვერ მოვიშორე ევას პერსონაჟზე.
ვინ არიან ქალები, რომელიც „კუბოს ფიცრამდე სიყვარულს“ ითხოვენ ქმრებისგან? ქმრებისგან, რომლებიც პირიქით თხოვენ -„გავშორდეთ, გავათავისუფლოთ ერთმანეთი“. ცოლები კი ვერა და ვერ ელევიან.

მიუხედავად სპექტაკლის სულისკვეთებაზე ჩემი შინაგანი პროტესტის, მაინც მიჩნდება კითხვა : რა ხდება „კუბოს ფიცრამდე“ სიყვარულის კი არა და საკუთრების მოთხოვნის ნამდვილი მიზეზი, თავგანწირული გრძნობა თუ სხვისი გაწირვის მცდელობა? რომელია აქ ნამდვილი? სად მთავრდება თავისუფლების, საკუთარი ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება ქალში, ან კაცში? როგორ უნდა მოიქცე, რომ მართალიც იყო და ერთგულიც, შეყვარებულიც და ბედნიერიც?
თითქოს ეს პიესა, „თავისუფლების მოყვარე“ მამაკაცების საერთო გამარჯვებაა აკვიატებული ფსიქიკის ზოგად ქალზე, რომელიც სიყვარულის მოთხოვნით გძალადობს. თითქოს მაყურებელიც ამ ლოგიკის ნაწილია. თვლის, რომ ქალმა, „ ქმრის მიმართ შეთქმულება“ საკუთარ თავზე ნამდვილად დაიმსახურა. თვლის, რადგან მთელი სპექტაკლის განმავლობაში, ქმარი ცოლის „ზედმეტობას“ გონებით ხსნის, ქალი, კი საკუთარ მიუღწეველ სურვილებს - გრძნობებით. თითქოს თანაცხოვრების სქემა, მართლა სქემაა და არა ვნებების ღელვა, როგორც ამას დიდ რომანებში ავუტირებივართ. თითქოს მაყურებლის გახარებული სახეებით ტაშიც იმას ნიშნავდა, რომ ყველა კაცი იტანჯება „კუბოს ფიცრამდე“ ერთგულების და სიყვარულის მიცემული საკუთარი ფიცით. და ამ წუხილიდან გათავისუფლების გზა, ქალისგან თავის გათავისუფლებაა, მითუმეტეს, რომ ევა (პიესის პერსონაჟი) ბევრ შეცდომას ჩადის და ამ შეცდომების მიზეზები აღარ განიხილება.

ვუყურებდი და ვუსმენდი ალდო ნიკოლაის ამ „კომედიას“, რომელიც უდავოა მაშინ დაიწერა, როცა გენდერზე საუბარი „მოდაში“ არ იყო და ეს დაჩაგრული კაცები მებრალებოდნენ, ვისაც საკუთარი თავისუფლება ქალისგან გათავისუფლების ვიწრო გზა გონია..
გიყვარდეთ ევა!
Made on
Tilda